ავტორიზაცია

ისევ ინგლისურ-იტალიური ფინალი, ისევ სტამბოლი! დღეს, 2022/23-წლების სეზონი ოფიციალურად იხურება

ისევ ინგლისურ-იტალიური ფინალი, ისევ სტამბოლი! დღეს, 2022/23-წლების სეზონი ოფიციალურად იხურება
თარიღი 10 ივნ 2023, 11:56
დღეს, 10 ივნისს, 2022/23-წლების საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად იხურება. ყველა სხვა დიდი გათამაშების გამარჯვებული უკვე ვიცით, დღეს კი გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის ვინაობაც.

თურქეთში, სტამბოლის სტადიონ „ათათურკზე“ ერთმანეთს ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ და იტალიური „ინტერი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროის 23:00 საათზე დაიწყება, მატჩის მთავარი არბიტრი კი პოლონელი ჩიმონ მარჩინიაკი იქნება.

„მანჩესტერ სიტი“ ისტორიული ტრებლის მოგებას უმიზნებს. ჩემპიონთა ლიგა - ხოსეპ გვარდიოლას ერთადერთი აუხდენელი ოცნებაა ინგლისური კლუბის სათავეში. ამ მიზანთან ყველაზე ახლოს პეპი შარშანწინ იყო, როცა ფინალში „ჩელსისთან“ დამარცხდა. წელს, ესპანელმა ისეთი გუნდი შექმნა, რომ თითქოს ყველა ტურნირი ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთელი ეს წლები გუნდს სწორედ ერლინგ ჰოლანდის მსგავსი ბომბარდირი სჭირდებოდა.



გვარდიოლას ტაქტიკური ფილოსოფია სიახლე და სიურპრიზი აღარავისთვის არის. „მანჩესტერ სიტი“ მიჩვეულია მოედანზე დომინირებას, თუმცა არც მიმდინარე სეზონში დავუტოვებივართ გვარდიოლას მოულოდნელობების გარეშე. მაგალითად, ჟოაო კანსელოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა მოედნის ცენტრში ჯონ სტოუნსი ასწია. თავდაცვის დროს ინგლისელი ფეხბურთელი ცენტრალური მცველი ხდება, შეტევის დროს კი საყრდენზე ადის, რაც გუნდს ორივე შემთხვევაში დამატებითი მოთამაშის შთაბეჭდილებას უქმნის.


 

„ინტერი“ აღნიშნული შეხვედრის ცალსახა აუთსაიდერია, რაც არამარტო „სიტის“ სიძლიერით, არამედ განვლილი ბადითაც განისაზღვრება. ბევრის აზრით, მილანურ გუნდს ძალიან გაუმართლა - მაშინ, როცა „სიტი“ მიყოლებით ერთ ფავორიტს მეორეზე აგდებდა, „ინტერი“ ამ დროს შედარებით ნაკლებად ძლიერ მეტოქეებს ეთამაშებოდა.

ტაქტიკური თვალსაზრისით, სიმონე ინძაგი ანტონიო კონტეს გამგრძელებელია, რომელიც მან 2021-ში „ინტერის“ სათავეში შეცვალა. ის მთავარ ფსონს ლატერალებსა და სამი მცველით თამაშზე აკეთებს, შეტევაში კი ორ ფორვარდს ათამაშებს - ერთს, შედარებით მოძრავ და საინტერესო ლაუტარო მარტინესს, მეორეს კი პრაგმატულ ცხრიანს, ედინ ჯეკოს ან რომელუ ლუკაკუს.

განვლილი გზა

„მანჩესტერ სიტი“: „ლაიპციგი“ (8-1), „ბაიერნი“ (4-1), „რეალი“ (5-1)

ინტერი“: „პორტუ“ (1-0), „ბენფიკა“ (5-3), „მილანი“ (3-0).

სავარაუდო შემადგენლობები:

„მან სიტი“: ედერსონი, უოკერი, დიაში, აკანჯი, სტოუნსი, როდრი, ბერნარდუ სილვა, დე ბრუინი, გუნდოგანი, გრილიში, ჰოლანდი



„ინტერი“: ონანა, დარმიანი, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, ლაუტარო, მარტინესი, ჯეკო.



ეჭვქვეშ არიან: უოკერი - მხითარიანი, კორეა

ფორმა ბოლო 5 მატჩში:

„მან სიტი“: 3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი

ინტერი“: 4 მოგება, 1 მარცხი



საინტერესო ციფრები:

„მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. ეს არის 2005 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. საინტერესოა, რომ წინა შემთხვევაშიც, ფინალი „ათათურკის“ სახელობის სტადიონზე გაიმართა, როცა „მილანმა“ და „ლივერპულმა“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი (3:3) შემოგვთავაზეს.

ინგლისური და იტალიური გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში ოთხჯერ შეხვდნენ, თუმცა ინგლისელებიდან ეს ყოველთვის „ლივერპული“ იყო. 1984-ში მერსისაიდელებმა „რომას“ და 2005-ში „მილანს“, ორივეს პენალტებში მოუგეს, 1985-ში და 2007-ში კი „მილანთან“ დამარცხდნენ. ანუ, ანგარიში თანაბარია - 2:2.

„ინტერი“ ევროტურნირებზე თავის ისტორიაში მე-11 ფინალს ითამაშებს, მხოლოდ „იუვენტუსს“ (16) და „მილანს“ (14) აქვთ ამაზე კარგი სტატისტიკა იტალიურ კლუბებს შორის.

„მანჩესტერ სიტის“ ევროტურნირების ორი ფინალია ქვს ნათამაშები - 1970-ში გუნდმა თასების მფლობელთა თასის ფინალში „გორნიკს“ 2:1 მოუგო, 2021-ში კი „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

„ინტერი“ თავის ისტორიაში მე-4 ჩემპიონთა ლიგისკენ იწევს, „სიტი“ კი - პირველისკენ.