ავტორიზაცია

იტალიის ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ერთა ლიგის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იტალიის ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ერთა ლიგის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თარიღი 18 Jun 2023, 19:22
უეფას ერთა ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩი ნიდერლანდებსა და იტალიას შორის დასრულდა. 

მატჩი ენსხედეში (ნიდერლანდები) სტადიონ „დე გროლს ვესტეზე“ გაიმართა და იტალიის ნაკრების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი "სკუადრა აძურამ" 2:0 მოიგო. მეექვსე წუთზე ფედერიკო დიმარკომ ანგარიში გახსნა, ხოლო მე-20 წუთზე ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევრის შუაში გუნდებმა გოლები გაცვალეს. 68-ე წუთზე ნიდერლანდების შემტევმა ნახევარმცველმა სტივენ ბერგვიინმა ანგარიში სხვაობა შეამცირა, მაგრამ სულ რაღაც ოთხი წუთში ფედერიკო კიეზას გოლით იტალიის ნაკრებმა ორბურთიანი უპირატესობა დაიბრუნა.

89-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმმა შეძლო ინტრიგის გაცოცხლება, თუმცა კუმანის გუნდმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა. 

ამრიგად, იტალიის ნაკრები ტურნირის ისტორიაში მეორედ გახდა ერთა ლიგის ბრინჯაოს მედალოსანი. 2021 წელს იტალიელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგია დაამარცხეს.

დღეს, მოგვიანებით ტურნირის ფინალურ მატჩში ერთმანეთს ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.  მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.