ავტორიზაცია

[პრევიუ] საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელი შოტლანდიის წინააღმდეგ

[პრევიუ] საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელი შოტლანდიის წინააღმდეგ
თარიღი 20 Jun 2023, 10:47
დღეს გაიმართება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

ორივე ნაკრები აღნიშნულ მატჩს კარგი განწყობით ხვდება, რადგან საქართველომ კვიპროსი დაამარცხა, შოტლანდიამ კი ნორვეგია.

მეტიც, ბრიტანელებს სამიდან სამი მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მოუგო, ვილი სანიოლი თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის და სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას ვიხილავთ, განსაკუთრებით დაცვის ხაზში.

"კვიპროსთან ჩვენც და გულშემატკივარიც მეტს ელოდა, თუმცა მთავარი გამარჯვება და მოპოვებული 3 ქულაა. ალბათ ნახეთ საფრანგეთისა და გიბრალტარის მატჩი. საფრანგეთის ნაკრებს კარგად არ უთამაშია, თუმცა გამარჯვებით ყველა ბედნიერია. დაახლოებით 20 თვეა ოფიციალური თამაში არ წაგვიგია. ყოველთვის კარგად ვერ ითამაშებ, თუმცა როდესაც კარგ მატჩს არ ატარებს და ქულებს აგროვებს, კარგის ნიშანია. მომეწონა ჩემი ფეხბურთელების ხასიათი ბოლო წუთებში. არ დანებდნენ და სწორედ ამიტომ ვართ კმაყოფილები შედეგით. მეც და ჩემი მოთამაშეებიც მოუთმენლად ველით განსაკუთრებულ საფეხბურთო გარემოში თამაშს. ვიმედოვნებ, კარგი თამაში გამოვა, რომელშიც ორივე გუნდი კარგად ითამაშებს და გამარჯვება უკეთესს დარჩება", - განაცხადა ვილი სანიოლმა.

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ კლარკი კი დღეს საქართველოს ნაკრებისგან ყველაზე მეტ ხიფათს შეტევაში ელის.

"საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია, თუმცა განსაკუთრებით სახიფათონი შეტევაში არიან. ამიტომ, მათ წინააღმდეგ თავი კარგად უნდა დავიცვათ. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, პატივს ვცემთ თამაშს, მაგრამ მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავალთ," - განაცხადა კლარკმა.

საინტერესო ფაქტები

შოტლანდიის ნაკრებს შანსი აქვს 1996 წლის შემდეგ პირველად გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე

თუ საქართველო შოტლანდიას მოუგებს, 1995 წლის შემდეგ პირველად მოხდება, რომ ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ზედიზედ ორ მატჩს მოიგებს.

საქართველოს ნაკრები უკვე ზედიზედ 10 ოფიციალური მატჩია არ აგებს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია

ეს ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში სულ 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც ორი საქართველომ მოიგო, ორი კი შოტლანდიამ

შოტლანდია - საქართველო

ტურნირი: ევრო2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი
დასაწყისი: 20 ივნისი, 22:45
ადგილი: ჰამპდენ პარკი, გლაზგო
მთავარი მსაჯი: ისტვანი ვადი (უნგრეთი)

სავარაუდო შემადგენლობა

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, აზაროვი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე