0:2-დან გადარჩენილი თამაში - საქართველოს ნაკრები კვლავ ჯგუფის ლიდერია
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
მატჩი ბელგიელთა უპირატესობით დაიწყო, რასაც მე-15 წუთზე დე კუიპერის გოლი მოჰყვა. მეტოქე გოლის შემდეგ არ მოდუნდა და 38-ე წუთზე რამადანის თავურის შემდეგ მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრები ვერ გადაარჩინა (0:2).
მეორე ნახევარი რამაზ სვანაძემ ცვლილებებით დაიწყო, მოედანზე ნიკა გაგნიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი წიტაიშვილი ჩაერგნენ. 52-ე წუთზე გოჩოლეიშვილის გადაცემის შემდეგ წიტაიშვილმა ბელგიელთა მეკარე უშანსოდ დატოვა (1:2).
მეტოქის აქტიურობის მიუხედავად საქართველოს თავის შანსები მაინც შეექმნა. 86-ე წუთზე ირაკლი აზაროვის გამოზომილი პასი ცვლილებაზე შესულმა გულიაშვილმა გოლად აქცია (2:2)
ამრიგად, სვანაძის შეგირდებმა შეხვედრა დაატრიალეს და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს. რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ 4 ქულით A ჯგუფის ლიდერად რჩება. ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებს 2-2 ქულა აქვთ, ხოლო პორტუგალიის ნაკრები ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.