"რის ხარჯზე არ წავაგეთ ბელგიასთან?" - რამაზ სვანაძის კომენტარი
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
"პირველ ნახევარში სათამაშო დისციპლინის ნაკლებობა იყო მთელი გუნდის მხრიდან, მეორე ტაიმი კი სრულიად განსხვავებულად ჩავატარეთ. მენტალურად ყველაფერს სწორად მივუდექით და ამის ხარჯზე არ წავაგეთ. არ არის ადვილი, ორი ტურის შემდეგ, ასეთი რთული ჯგუფის ლიდერი იყო და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
არ გვქონდა უფლება, რომ ამდენი გულშემატკივრის წინაშე მოედანზე დამარცხებულებს დაგვეტოვებინა. ქომაგებმა დიდი როლი ითამაშეს ჩვენს თამაშში და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისთვის.
ნიდერლანდებთან მატჩში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვალთ, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო", - განაცხადა სვანაძემ.