ავტორიზაცია

სიცხეში, წვიმასა თუ ქარში ყოველთვის სტადიონზე - რა გზა გაიარა რამაზ სვანაძემ ამ მიზნის მისაღწევად?

სიცხეში, წვიმასა თუ ქარში ყოველთვის სტადიონზე - რა გზა გაიარა რამაზ სვანაძემ ამ მიზნის მისაღწევად?
თარიღი 28 Jun 2023, 02:05
ევროპის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და 1/4 ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ჯერ პორტუგალიას მოუგო, შემდეგ კი ნიდერლანდებთან და ბელგიასთან ფრე ითამაშა და პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე აღნიშნავს, ნაკრების წარმატების მთავარი საიდუმლო და იარაღი ერთიანობა და ბრძოლისუნარიანობაა.

ახალგაზრდა სპეციალისტმა შეძლო და შეკრიბა ის კოლექტივი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს მატჩიდან მატჩამდე ახარებს.

აქამდე კი სვანაძემ უდიდესი გზა გაიარა, ჩადო უამრავი შრომა და ენერგია და შედეგიც სახეზეა.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მას თითქმის ყველა თამაშზე შევხვდებოთ - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ლიგის ან რანგის თამაშზეა საუბარი. დადიოდა ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის მატჩებზე, ესწრებოდა უბრალო, ამხანაგურ შეხვედრებსაც, აკვირდებოდა ყველა ახალგაზრდას.

იყო ყველგან, სადაც ბურთი გორავდა - ქარში, სიცხესა თუ წვიმაში, რათა შეერჩია ის ფეხბურთელები, ვინც დღეს ისტორიის ნაწილნი არიან.

მეტიც, ზამთარში სვანაძე თურქეთში სპეციალურად გადაბარგდა, რათა ყველა ქართული კლუბის მოსამზადებელი ეტაპის პროცესს დაკვირვებოდა და მათ ამხანაგურ მატჩებზეც დადიოდა - სტადიონიდან სტადიონამდე, ქალაქიდან ქალაქში.

მისი ეს მონდომება, ბოლომდე ჩართულობა და შრომა დაფასდა და დღეს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალშია.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი