ავტორიზაცია

მწვრთნელის არასწორი გადაწყვეტილებები, რამაც თამაში წაგვაგებინა - რატომ არ იცვლება ჭიაბრიშვილის პოზიცია?

მწვრთნელის არასწორი გადაწყვეტილებები, რამაც თამაში წაგვაგებინა - რატომ არ იცვლება ჭიაბრიშვილის პოზიცია?
თარიღი 26 Jul 2023, 00:41
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" სტუმრად "ჰამრუნს" დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

"ასტანასთან" გამართული პირველი მატჩის შემდეგ, დინამოელთა მწვრთნელი გავაკრიტიკეთ და აღვნიშნეთ, რომ ის მოთამაშეები, რომლებმაც 21-წლამდე ნაკრებში გაიბრწყინეს და დიდი კვალი დატოვეს, ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ, განსაკუთრებით დაცვის ხაზში.

ასეც მოხდა, ჭიაბრიშვილმა დღეს საკმაოდ ნორმალური დაცვა დააყენა, მაისურაძის, კალადაძის, ხვადაგიანისა და ტაბიძის სახით და ამ დაცვამ 70 წუთის განმავლობაში არათუ გოლი არ გაუშვა, მეტიც, მეტოქეს რეალური მომენტი არ ჰქონია.

თუმცა როცა "დინამომ" გოლი გაიტანა, ჭიაბრიშვილმა მალევე კარგად მოთამაშე მაისურააძე და გამოცდილი ჯიმი ტაბიძე გაიყვანა და მათ ნაცვლად ნიკა მალი და გაგი მარგველაშვილი შემოიყვანა.

უცნაურია, როცა გუნდი 70 წუთი გოლს არ უშვებს, ამ დაცვის მოშლა და სხვა ფეხბურთელებით ჩანაცვლება. მსგავს გადაწყვეტილებას მწვრთნელები მაშინ იღებენ, თუ გამოუვალი სიტუაციაა, რაც დღეს არ ყოფილა.

ფაქტია, მათ შეცვლამ თამაშის შედეგზე გავლენა იქონია. მეტოქის ორივე გოლის დროს, პოზიცია გაგი მარგველაშვილმა დაკარგა, ფლანგზე მალი აქტიური არ იყო. კიდევ ერთი შეცვლაზე შემოსული ლევან ოსიყმაშვილი კი ტიპიური ჩამშლელია და რთულია, ასეთ ფეხბურთელს შეტევითი ფეხბურთი მოსთხოვო.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჭიაბრიშვილმა პოზიცია არ შეიცვალა, "ასტანასთან" პირველ მატჩში დაშვებული შეცდომა დღევანდელ მატჩში, 70-ე წუთზე გაიმეორა და ძვირადაც დაუჯდა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი