ავტორიზაცია

რეალს მბაპე წელსვე სურს, არადა ტრანსფერს 2024-სთვის გეგმავდა - რატომ აჩქარდნენ მადრიდელები?

რეალს მბაპე წელსვე სურს, არადა ტრანსფერს 2024-სთვის გეგმავდა - რატომ აჩქარდნენ მადრიდელები?
თარიღი 08 Aug 2023, 23:34
ძალიან ჩახლართული ისტორიაა.

როგორც ჩანს, კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლის საგა თავის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, არადა მისი დასასრული უფრო 2024-ში იყო მოსალოდნელი. განვიხილოთ ახალი ინფოების გიგანტური მასშტაბი და გავარკვიოთ, როგორ მივიდნენ მონაწილეები ყველაზე ცხელ წერტილამდე.

თავდაპირველად „რეალი“ მბაპეს ტრანსფერს 2024-ში გეგმავდა



The Athletic-ში მომუშავე ავტორიტეტული ჟურნალისტი მარიო კორტეგანა წერდა, რომ მბაპეს და კლუბს შორის კონტაქტები მას შემდეგაც არ შემწყდარა, როცა ფეხბურთელმა „პსჟ-სთან“ 2022 წლის მაისში კონტრაქტი გაახანგრძლივა. მეტიც, მუნდიალის შემდეგ, საუბრები უფრო რეგულარული გახდა. „რეალის“ პოზიცია მაშინვე უცვლელი რჩებოდა: თუ მბაპე ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდება, კლუბი მზად არის მისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.

მიუხედავად ამისა, მადრიდელებმა მბაპეზე მუშაობა 2024 წელზე ფიქრით განაახლეს, რათა ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოეყვანათ. ასეთი დიდი გარიგებისთვის, ფეხბურთელს მსუყე ბონუსსაც პირდებოდნენ დაახლოებით 130 მილიონი ევროს ოდენობით: კორტეგანას ეს ინსაიდი Marca-ს რედაქტორმა, კარლოს კარპიომაც დაადასტურა.

ეს საუბრები კიდევ უფრო გაახურა პერესის ვიდეომ, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ვირუსულად გავრცელდა. გულშემატკივარი „რეალის“ პრეზიდენტს ეკითხება, შეიძენს თუ არა ის მბაპეს, რაზეც პერესი პასუხობს: „კი, მაგრამ წელს არა.“

იდეალური გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ კარიმ ბენზემას „ბერნაბეუზე“ კიდევ ერთი სეზონი უნდა ეთამაშა, რის შემდეგაც მას კილიანი ჩაანაცვლებდა. კარიმის წასვლის მერეც, „მადრიდი“ არ პანიკობდა და მხოლოდ პერიოდულად იწერებოდა, რომ კარგი ვარიანტის ჩავარდნის შემთხვევაში, ფორვარდს მოიყვანდნენ, ოღონდ მხოლოდ შედარებით დაბალ ფასად.

რამ აიძულა „რეალი“, გეგმები ასე მკვეთრად შეეცვალა და ტრანსფერზე ფიქრი ამ ზაფხულსვე დაეწყო? მნიშვნელოვანია, მოვლენების ქრონოლოგია გვახსოვდეს.

ივნისი: მბაპეს წერილი, „პსჟ-ს“ და ფეხბურთელს შორის საინფორმაციო ომის დასაწყისი

მბაპეს თემამ ახალი ძალა ფეხბურთელის წერილის შემდეგ შეიძინა, რომელიც მან კლუბს 12 ივნისს გაუგზავნა: მასში, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობას არ გამოიყენებს.



ამ გზით, კილიანმა კლუბს ქმედებებისკენ მოუწოდა: ამ ოფციის გამოყენება 31 ივლისამდე იყო შესაძლებელი, „პსჟ“ კი თავისი ვარსკვლავის გარშემო მორიგი დამღლელი საპნის ოპერის თავიდან არიდებას ცდილობდა. დაიწყო საინფორმაციო ომი „პსჟ-ს“ და მბაპეს შორის, რომელმაც ორ განსხვავებულ პოზიციებამდე მიგვიყვანა.

„პსჟ“ ამტკიცებდა, რომ ამ იურიდიულად დამოწმებული წერილის შემდეგ, არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი: კონტრაქტის დაუყონებლივი გახანგრძლივება, ან წასვლა ამ ზაფხულსვე.

მბაპე საჯაროდ და თავისი გარემოცვის მეშვეობით სულ იმას იმეორებდა, რომ სურს, კონტრაქტის ბოლომდე „პსჟ-ში“ დარჩეს და ხელშეკრულება ბოლომდე შეასრულოს.

პარალელურად, საჯარო გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თუ 2023 წლის 31 ივლისისთვის, მბაპე ჯერ კიდევ „პსჟ-ს“ ფეხბურთელი იქნებოდა, კლუბი ვალდებული იქნება მას ერთგულების ბონუსი გადაუხადოს, 60 მილიონი ევროს ოდენობით. მალევე გაიჟღერა ვერსიამ, რომ „პსჟ-ში“ კონტრაქტის ბოლომდე დარჩენის სურვილიც სწორედ ამ ბონუსიდან გამომდინარეობს.

კორტეგანა და არანჩა როდრიგესი (Cadena COPE) ივნისის ბოლოს წერდნენ, რომ „რეალისთვის“ მოცემულობა დიდად არ შეცვლილა: ფეხბურთელი წასვლის სურვილს არ გამოთქვამს, „პსჟ-ს“ კი მასთან სხვადასხვა გადახდები აქვს შესათანხმებელი, რომელიც მბაპეს კონტრაქტით ეკუთვნის.

„რეალს“ არ სჯეროდა, რომ ფრანგები შეთანხმდებოდნენ, ამიტომ სიტუაციას გვერდიდან აკვირდებოდა. თუმცა, სწორედ ამ დროს გაქრა ყველანაირი საუბრები მადრიდელთა სხვა ფორვარდებისადმი ინტერესზე: ბენზემას წასვლიდან ერთი კვირის მანძილზე, აქტიურად იწერებოდა კეინზე, ლაუტაროზე და სხვა ვარიანტებზე, მაგრამ ეს ყველაფერი გაქრა.

მინიშნებებს ეძებდნენ ყველგან: ხოსელუს ტრანსფერშიც კი, რომელმაც 14 ნომერი აიღო, როცა მისი საყვარელი ცხრიანი ვაკანტური იყო. გულშემატკივრები და ჟურნალისტები ვერ იგებდნენ: „ნუთუ, „რეალი“ 9-ნომერს ვინმე სხვა ფორვარდს უნახავს?" იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს, პრესა კლუბს მხოლოდ და მხოლოდ მბაპეს უკავშირებდა, ბევრი რაღაც ემთხვეოდა.

კლუბი აქტიურ ქმედებებზე არ გადადიოდა, მაგრამ მოქმედებაში ჩაუშვა მოსამზადებელი ფაზა, იმ შემთხვევისთვის, თუ „პსჟ“ და მბაპე ამ ზაფხულსვე განშორებაზე მოილაპარაკებდნენ.

ივლისი: „პსჟ“ რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდა

ფრანგული კლუბი თითქმის ერთი თვე არწმუნებდა მბაპეს და პრესადან მასზე დიდ ზეწოლას ახდენდა - მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ფეხბურთელმა ან უნდა გაახანგრძლივოს, ან ახლავე წავიდეს. მაგრამ, კილიანი პოზიციას არ ცვლიდა. ივლისის დასაწყისში, პარიზელთა მოთმინება გასკდა: ნასერ ალ-ხელაიფიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც ლუის ენრიკეს დანიშვნას ემსახურებოდა, კილიანს ყველანაირად გადაუარა.

„ჩვენი პოზიცია აშკარაა. არ ვაპირებ მის ყოველდღე გამეორებას: ჩვენ გვინდა, რომ კილიანი დარჩეს და თუ იგივე სურს თავად მბაპესაც, მაშინ ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ასეთები უფასოდ არ მიდიან, ეს შეუძლებელია. ის თავად დაგვპირდა, რომ უფასოდ არ წავიდოდა და ახლა თუ გადაიფიქრა, ეს ჩემი ბრალი არ არის. მას ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ საბოლოო პასუხი გვითხრას.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ პრეზიდენტმა.



პრესკონფერენციიდან მეორე დღეს, L’Equipe წერს, რომ მბაპე და მისი ოჯახი პრეზიდენტის მხრიდან ასეთ მკვეთრ გამოსვლას არ ელოდნენ, მაგრამ პოზიციის შეცვლას მაინც არ აპირებენ.

მხარეებს შორის განხეთქილება 22 ივლისის ღამეს მაქსიმალურად გაიზარდა: მბაპემ პოზიცია არ შეცვალა, „პსჟ-მ“ კი ფეხბურთელი საერთო ჯგუფში ვარჯიშიდან მოკვეთა და არც იაპონიის ტურნეში წაიყვანა. კილიანი აიძულეს, ტრანსფერზე დაყენებულ ფეხბურთელებთან ერთად ევარჯიშა.

ჟურნალისტი ლოიკ ტანზი ფეხბურთელის მოკვეთაზე პირველი წერდა და ამბობდა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო სერიოზულია: მბაპეს მთელი სეზონის ტრიბუნაზე გატარება ემუქრება, თუ ის ან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ან ახლავე არ წავა. „პსჟ“ მზად იყო ფეხბურთელი ნებისმიერ კლუბში გაეყიდა, რომელიც მათ ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. კილიანმა კი ყველა ეს ვარიანტი უარყო, მათ შორის - გალაქტიკური და წარმოუდგენელი შემოთავაზება საუდის არაბეთიდან. ამ ყველაფერს ამძაფრებდა მბაპეს სიჩუმე, რომელიც სიტუაციაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებდა: 31 ივლისსაც კი, როცა კონტრაქტის გახანგრძლივების ოფცია ოფიციალურად გაქრა და ხსენებული ბონუსი ოფიციალურად გააქტიურდა.

„პსჟ-ს“ ამ შეტევის შემდეგ „რეალი“ მიხვდა, რომ სიტუაცია შეიცვალა და რისკები გაიზარდა

„რეალთან“ დაახლოვებული ჟურნალისტი ხოსე ფელიქს დიასი, მბაპეს ტურნეს მიღმა დატოვების დღეს გამოდის სტატიით, რომელშიც ამბობს, რომ მადრიდში „პსჟ-ს“ ამ ნაბიჯებს არ ელოდნენ და კლუბი გაკვირვებულია. ინფორმაცია მოგვიანებით რამონ ალვარეს დე მონმა დაადასტურა, რომელიც ბოლო დროს მბაპეს საკითხში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ინსაიდერად იქცა.

„პსჟ-ს“ აგრესიულმა ქმედებებმა სიტუაცია შეცვალა: ახლა აშკარაა, რომ ფრანგული კლუბი ყველაფერს გააკეთებს, რომ მბაპე ამ ზაფხულსვე გაყიდოს, ფეხბურთელი კი, თუ არ დანებდება, უფეხბურთოდ მთელი წლით დარჩება.



ეს „რეალს“ რამდენიმე მიზეზით არ აწყობს. მთავარი - კლუბს არანაირი გარანტია არ აქვს, რომ კილიანი ზეწოლის ქვეშ არ გატყდება და კონტრაქტს შუა სეზონში მაინც არ გაახანგრძლივებს. ხოსე ფელიქს დიასი ამტკიცებდა: „რეალში“ ხვდებიან, რომ „პსჟ“ მბაპეს მართლაც ტრიბუნებზე გაუშვებს, ფეხბურთელს კი არანაირი გზა არ ექნება, რადგან ზაფხულში ევრო 2024 და ოლიმპიადაა, რომელზეც მას თამაში ძალიან უნდა.

სწორედ „პსჟ-ს“ ამ რადიკალურმა ნაბიჯებმა უბიძგა „რეალს“ ამ ზაფხულსვე ემოქმედა და გეგმის ცვლილება გახდა საჭირო.

შესაძლოა, პარიზული კლუბი ბლეფობს, მაგრამ მზად არის „რეალი“ ასეთ რისკზე წავიდეს და ცალკე „პსჟ-ს“ პრინციპულობა ამოწმოს და ცალკე მბაპეს გამძლეობა? დე მონის თქმით, კილიანის ტურნეს მიღმა დატოვების შემდეგ ყველა მიხვდა, რომ სიტუაცია ახლავე უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი კონტროლს აღარ დაექვემდებარება. L’Equipe და RMC Sport ამატებენ, რომ ფეხბურთელი აღარ არის ისეთი კატეგორიული დარჩენის საკითხში და მზად არის წავიდეს, მაგრამ მხოლოდ „მადრიდში“.

„პსჟ“ უკვე შეუდგა ფორვარდების შეძენას: დემბელე პრაქტიკულად მოსულია, გაოფიციალურდა გონსალო რამოში, გეგმაში არიან რანდალ კოლო მუანი და ბრედლი ბარკოლაც. როგორც ჩანს, მბაპე კლუბს ამ პროექტის ნაწილად მართლაც არ ესახება.

რატომ იწელება ყველაფერი, „რეალი“ კი მოლაპარაკებებში დღემდე არ ერთვება?

მართლაც, რა უშლის ხელს, როცა ყველას ერთი და იგივე უნდა?

ყველაფრის მიზეზი ფინანსებში იმალება. ლოიკ ტანზის და დე მონის ინფორმაციით, კლუბები შუამავლის დახმარებით უკვე კონტაქტობენ, მაგრამ არცერთ მხარეს დიდი ფულის დაკარგვა არ უნდა.

„პსჟ“ ხვდება, რომ ვერ მიიღებს „რეალისგან“ 300 მილიონს, რომელსაც საუდის არაბეთი სთავაზობდა, მაგრამ არც სასაცილო ფასად სურს მბაპეს დაკარგვა (დაიწერა, რომ პარიზელებს 250 უნდათ). გარდა ამისა, პარიზული კლუბი ფეხბურთელს ჯერ ყველა გადახდაზე ვერ შეუთანხმდა, რაც საქმეს ასევე ართულებს.



მბაპეს ახსოვს ისიც, რომ „პსჟ-ში“ ერთი წლით დარჩენით, ის პარიზული კლუბისგანაც მიიღებს სოლიდურ თანხას და „რეალისგანაც“, რადგან გუნდში უფასოდ მივა და უფრო მაღალი ხელფასის მოთხოვნა შეეძლება (ბონუსის გარდა).

„რეალი“ კი, თავის მხრივ, მზად არის დამატებითი ეკონომიკური ხარჯები გაიღოს ტრანსფერის ამ ზაფხულსვე დასახურად, მაგრამ არ აპირებს ყველას ნაცვლად ფულების ხდას და „პსჟ-ს“ და კილიანის ფინანსური მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას.

ერთბაშად სამი „მადრიდელი“ ჟურნალისტი აცხადებს (დე მონი, როდრიგო ფაესი და კარლოს კარპიო), რომ კლუბი მზად არის, ტრანსფერში ჯამურად 230-მილიონიანი ინვესტიცია ჩადოს, რომელიც „პსჟ-სა“ და მბაპეს შორის გატყდება. მხარეებმა მადა უნდა შეიმცირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება მკვდარი წერტილიდან არ დაიძვრება. „პსჟ“ უნდა შეეგუოს, რომ კილიანის ამ ზაფხულსვე წასვლისთვის, ტრანსფერში მიღებული თანხის გარკვეული ნაწილი ფეხბურთელს უნდა გადაუხადონ. მბაპე უნდა შეეგუოს იმას, რომ „რეალისგანაც“ და „პსჟ-სგანაც“ დიდი ფულის მიღება წელს არ გამოვა. მადრიდი კი უნდა მოემზადოს, რომ ტრანსფერის ჩასახურად 200 მილიონზე მეტის გაღება იქნება საჭირო.

მბაპეს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოყვანა „რეალს“ 130-150 მილიონი ევრო დაუჯდებოდა (გადასახადების ჩათვლით), ამ ზაფხულს კილიანის ტრასნსფერი კი 80-100 მილიონით მეტი დაჯდება, მაგრამ კლუბი მზად არის ამის გასაკეთებლად, მითუმეტეს, რომ ფინანსური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა.

ცოტა კონსპიროლოგიაც, იმიტომ რომ რატომაც არა?

ასეთი მასშტაბის ტრანსფერი შეთქმულების თეორიების გარეშე ვერ ჩაივლის. მითუმეტეს, გარიგებაში უდიდესი და უძლიერესი კლუბები და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ჩართული.

1. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი პერესმა და მბაპემ ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში დაგეგმეს, როცა ფეხბურთელმა „პსჟ-ს“ პირველად მისწერა წერილი, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდა. თითქოს, ეს ყველაფერი სპეციალური სვლა იყო მბაპეს მხრიდან, რომ მომავალ ზაფხულს ის ადეკვატურ ფასად გაეყიდათ, თავად კილიანი კი გამოჩნდებოდა გმირად, რომელიც „პსჟ-ს“ იძულებით და თავისი ნების გარეშე ტოვებს.



ამ თეორიას მხარს უჭერს ის, რომ მბაპემ წერილი 12 ივნისს გაგზავნა, დედლაინამდე თვენახევრით ადრე, როცა ამის საჭიროება საერთოდ არ ყოფილა. თითქოს, ფეხბურთელმა „პსჟ“ აიძულა, აგრესიული ნაბიჯები გადაედგა.


2. არსებობს მტკიცებულება, რომ „პსჟ“ თავადაც არის ჩართული ამ კომბინაციაში და „მადრიდთან“ ეს ტრანსფერი ჯერ კიდევ ივნისში შეათანხმა.

ლოგიკური კითხვა, რაში სჭირდება ეს დრამა „პსჟ-ს“? პარიზული კლუბის პლიუსი ამ საკითხში ის არის, რომ ფეხბურთელს, რომელიც გაისად უფასოდ წავიდოდა, სოლიდურ თანხად ყიდის და ფანებს აჩვენებს, რომ მზად არის შეცვლისკენ და პრეტენზიული ვარსკვლავების ჭკუაზე სიარულს აღარ აპირებს.

მთავარი არგუმენტი: „პსჟ“ არ მოკვეთავდა ფეხბურთელს ასე საჯაროდ, რადგან ეს ნაბიჯი მბაპეს ფასს საგრძნობლად შეამცირებდა. თუ კლუბმა ეს ნაბიჯი გადადგა, ესეიგი კულუარული შეთანხმებაც გააჩნია.

ყველაზე ხშირად ამ თეორიაზე საუბრობს ტვიტერ-ექაუნთი PSG Community, რომელიც ჯერ კიდევ 23 ივნისს წერდა, რომ პერესი ყატარის ემირს მბაპეს ტრანსფერზე შეუთანხმდა 200+50 მილიონ ევროდ, სხვა ყველაფერი კი - კოუნიკაციის სტრატეგიაა ტრანსფერის გაოფიციალურების წინ.

ამ ხმაურიან საგაში ინტრიგა მაქსიმალურად დაიძაბა: „პსჟ“ აგრესიული შანტაჟით მივიდა იმ წერტილამდე, რომ ერთადერთი რეალური გამოსავალი „რეალში“ ტრანსფერი იქნება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დედლაინის წინ.

თუმცა, ჯერ კიდევ რჩება ვარიანტი, რომლის შემთხვევაშიც, არცერთი მხარე არაფერს არ მიიღებს, ახლა უკვე უკუთვლაა დაწყებული.