[პრევიუ] ქართული ფეხბურთის ბოლო იმედი - დილა აპოელის წინააღმდეგ
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გორის "დილა" შინ, "აპოელის" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 21 საათზე დაიწყება.
ვინაიდან გორის სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდება.
ალბათ, ევროტურნირების წინ, ქართული კლუბებიდან წარმატებულ გასმოვლას "დილასგან" ყველაზე ნაკლებად მოველოდით, რადგან იმ 3 გუნდთან შედარებით დაბალი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შედეგი ფულით არ მოდის.
უკრაინელმა სპეციალისტმა ანდრეი დემჩენკომ პატარა რესურსებით იმდენი ქნა, რომ დღეს, მთელი ქართული ფეხბურთი მხოლოდ "დილას" იმედზეა დარჩენილი.
გორელებმა პირველი ეტაპიდან სლოვაკური "დუნაისკა სტრედა", მეორე ეტაპიდან კი უკრაინული "ვორსკლა" გამოაგდეს და ახლა "აპოელის" გამწარებასაც შეეცდებიან.
თავის მხრივ, "აპოელმა" გამოსვლა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც "ვოივოდინა" ორივე შეხვედრაში დაამარცხა.
"რაც უფრო მეტ ეტაპს გადიხარ, სულ უფრო ძლიერი მეტოქეები გხვდება. მაგრამ მოწინააღმდეგის ძალას ძალიან დიდ ყურადღებასაც არ ვაქცევთ, უფრო მეტად საკუთარ ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულები, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია ოპონენტისთვის. დუნაისკა სტრედა და ვორსკლა ძლიერი გუნდები იყვნენ, მათი დამარცხებით ჩვენ თვითრწმენა მოგვემატა. აპოელი, დაახლოებით, იმავე დონის გუნდია, როგორებიც ჩვენი წინა მეტოქეები იყვნენ. თუმცა, საკუთარი უპირატესობები და სუსტი მხარეები გააჩნიათ. მაგრამ ორი ეტაპის გადალახვით ჩვენც უფრო ძლიერები გავხდით", - აცხადებს დემჩენკო.
„დილა საკმაოდ კარგი გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს – განსაკუთრებით ბრაზილიელები, ასევე ტიერი გეილი და ონორე გომისი. ისინი ტექნიკური მოთამაშეები არიან და თუ საშუალებას მივცემთ, ბევრი ხიფათის შექმნა შეუძლიათ. დილა სტანდარტულ მდგომარეობებსაც კარგად იყენებს. კარგად ორგანიზებული გუნდია. ამიტომ დავალებები უნდა შევასრულოთ და დაცვაში აგრესიულად ვიმოქმედოთ. ვიცით, რომ მეტოქე საშინაო თამაშებს კარგად ატარებს. თუმცა, ჩვენ საკუთარი მიზნები გვაქვს და გამარჯვების მოპოვება გვსურს", - ამბობს აპოელის მთავარი მწვრთნელი რიკარდო სა პინტო.
საინტერესო ფაქტები
"დილას" წინააღმდეგ დღეს 2 ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი ითამაშებს.
"დილას" ევროტურნირების მესამე რაუნდში კვიპროსული გუნდი დაუმარცხელია - 11 წლის წინ, მათ "ანორთოსისი" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს.
ბოლო 10 მატჩიდან "დილამ" 8 მოიგო, ერთი წააგო, ერთი კი ფრე ითამაშა.
ამ დროისთვის, მატჩზე დასასწრები დაახლოებით 8 ათასი ბილეთია გაყიდული
სავარაუდო შემადგენლობა
კუჩერეკო, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, სილვა, ფარულავა, სანდოსი, ვიქტორი, გეილი, გომისი, კოვტალიუკი