ავტორიზაცია

ფორმაში ჩადგა, გოლებიც გააქვს და მონდომებულია - ველოდებით გიორგი არაბიძეს ნაკრებში!

ფორმაში ჩადგა, გოლებიც გააქვს და მონდომებულია - ველოდებით გიორგი არაბიძეს ნაკრებში!
თარიღი 17 აგვ 2023, 23:22
სექტემბრის თვეში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს - ესპანეთს შინ ვეთამაშებით, ნორვეგიას კი სტუმრად.

რამდენიმე დღეში, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმ ფეხბურთელების სიას დაასახელებს, ვინც ამ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.

ყველაზე მეტად სიაში ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელს გიორგი არაბიძის ხილვას ველოდებით, რადგან ბოლო დროინდელი თამაშით ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე არაბიძემ "სარაევოსთან" ორივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა, "აქტობეს" ორივე შეხვედრაში ლამაზი გოლი გაუტანა და ისე კარგად ითამაშა, რომ "აქტობეს" გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მის ყიდვას ითხოვენ.

25 წლის შემტევი ეროვნულ ლიგაშიც გამორჩეულია, წინა ტურში "სამტრედიას" ჯარიმა გაუტანა, ჯამში კი 4 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს. 

გარდა კარგი სტატისტიკისა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ არაბიძე მონდომებულია, დავიწყებული აქვს ის ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგალითად ტრავმები, რის გამოც მან ტალანტი სათანადოდ ვერ გამოიყენა და ყველაფერს თავიდან იწყებს, რაც კარგად გამოსდის - სასურველ ფიზიკურ კონდიციებშია და ყველა მატჩში გამორჩეულია.

მონდომებული და ფორმაში მყოფი არაბიძე კი საქართველოს ნაკრებს ნამდვილად სჭირდება. მას საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სათამაშო ინტელექტი აქვს, სხვა პლიუსები კი ისედაც ვიცით. უბრალოდ, დროა, არაბიძეს ეს ყველაფერი დაუფასდეს და საქართველოს ნაკრებში დაბრუნდეს, რაც მისთვის ორმაგი მოტივაცია იქნება, რომ მომავალში კიდევ უფრო მოუმატოს.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი