ავტორიზაცია

"კარს მიმაჭყლიტა და მოკვლით მემუქრებოდა", - ანტონის შეყვარებული ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს, ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთეს

"კარს მიმაჭყლიტა და მოკვლით მემუქრებოდა", - ანტონის შეყვარებული ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს, ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრებიდან მოკვეთეს
თარიღი 05 Sep 2023, 10:43
პოლიცია „მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, ანტონის ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიებას ატარებს.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის ივლისში ფეხბურთელის ექს-შეყვარებულმა, გაბრიელა კავალინმა სან-პაულოს პოლიციას მიმართა და ანტონი ძალადობაში, მუქარებსა და ტრავმების მიყენებაში დაადანაშაულა.

დიჯეიმ და ინფლუენსერმა ბრაზილიურ გამოცემა UOL-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც აჩვენა დაზიანებების სურათი და ფეხბურთელის მუქარების შემცველი სმს-შეტყობინებები. ისინი გამოძიების საქმეში მტკიცებულებად არის გამოყენებული.

კავალინის თქმით, ფეხბურთელი მას თავს პირველად 2022 წლის 1 ივნისს დაესხა, როცა ის ფეხმძიმედ იყო და შვებულებას ბრაზილიაში ატარებდა. გოგონა ამტკიცებს, რომ ანტონი მას სწრაფად მიმავალი მანქანიდან გადაგდებით ემუქრებოდა.

„ზუსტად არ მახსოვს, ვის გამო მოხდა ჩხუბი, მაგრამ მიზეზი იყო ვიღაც ბიჭი, რომელსაც მრავალი წლის წინ ვხვდებოდი. ანტონიმ მუშტი მკერდში დამარტყა, რის გამოც სილიკონი გადამიბრუნდა. ამის გამო, ბრაზილიაში ოპერაციისთვის მომიწია ჩამოსვლა და იმპლანტი გამიხდა შესაცვლელი. მან მითხრა: "არ მინდოდა შენთვის ტკივილის მიყენება, შემთხვევით მომივიდა, დარტყმა კი არა, უბრალოდ ხელის კვრა იყო, კედელს მიგაჯაჭვე."

ფეხბურთელის მხრიდან ძალადობის უკანასკნელი ფაქტი ამა წლის 8 მაისს მოხდა. გაბრიელას თქმით, ბრაზილიელმა მას შუშის ჭიქა ესროლა, გოგონამ თავის გადარჩენა ხელის აფარებით სცადა, რის შედეგადაც ნატეხმა მას თითი ძვლებამდე გაუჭრა. 

„ანტონიმ სახლში ჩამკეტა და გასვლის უფლებას არ მაძლევდა, თითი მქონდა დაზიანებული, ძვლები მიჩანდა. მან კი, ჩემი ნივთები დალეწა და პასპორტი წამართვა." - ამ ჩვენების შედეგად, გაბრიელამ სარჩელი არამარტო ბრაზილიის, არამედ ინგლისის პოლიციაშიც შეიტანა.

მეორე ჩვენებაში, რომელიც გოგონამ პოლიციას მისცა, მსხვერპლი იხსენებს შემთხვევას, როცა ფეხბურთელმა მასზე მანქანაში იძალადა: 

„ის თავს დამესხა, კარს მიმაჭყლიტა, მაგ დროს ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა." გაბრიელა ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი მას მოკვლითაც ემუქრებოდა.

„შენ ან ჩემთან იქნები, ან არავისთან. შენთვის ყველაფერი აქ დამთავრდება. ახლა ჩვენ ერთად მოვკვდებით - მე, შენ და ჩვენი შვილი." - გადმოსცემს გაბრიელა ანტონის სიტყვებს. გოგონას თქმით, იმდროისთვის ის 17 კვირის ორსული იყო.

"მზად ვარ, ჩემი ჩვენებებით და საკუთარი ადვოკატით ინგლისში ჩავიდე. ყველაფერს გავაკეთებ, ვიპოვი მოწმეებს, მივმართავ კლუბსაც, რათა ვიპოვო თანამშრომელი, რომელმაც ექიმები გამოიძახა, მოვითხოვ ვიდეო-კამერების ჩანაწერებს. არაფერზე დავიხევ უკან. ინგლისში ჩავალ, სადაც ვიტყვი ამ თავდასხმის შესახებ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ, ფსიქოლოგიური ძალადობის და ყველაფრის, რაც მან გამიკეთა." - აღნიშნა გაბრიელამ.

ბრაზილიის ნაკრების ოფიციალური განცხადება მომხდართან დაკავშირებით:

„ანტონის საქმეზე 04.09-ში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქმის გამოძიებამდე და პოტენციური მსხვერპლის დასაცავად, ფეხბურთელი ნაკრების განაცხადიდან ამოშლილია." - ნათქვამია განცხადებაში.

„მან იუნაიტედის" შემტევის ნაცვლად, უახლოეს სანაკრებო შეკრებაზე ბრაზილიის ნაკრებში გაბრიელ ჟესუსი გამოცხადდება.