[პრევიუ] მოგებას მოწყურებული ესპანეთი საქართველოს ნაკრებისა და 55 ათასი გულშემატკივრის წინააღმდეგ
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
რა თქმა უნდა, ამ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია და "დინამო არენა" სავსე ტრიბუნების მოლოდინშია.
სატურნირო თვალსაზრისით, ორივე ნაკრებს აუცილებლად 3 ქულა სჭირდება, რათა ევრო 2024-ის საგზურის მოპოვების რეალური შანსი შეინარჩუნონ.
ამჟამად, ჩვენს ნაკრებს 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ესპანეთს კი 3 ქულა აქვს, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
იშვიათად ხდება, მაგრამ ფაქტია - ყველა ის ფეხბურთელი, ვინც სანიოლმა ნაკრებში გამოიძახა, მზადყოფნაშია და არაფერი არ აწუხებს.
"საინტერესო თამაში გველის. ესპანეთი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია და რთული მატჩი გველის. ჩემი მხრიდან ფეხბურთელებზე არანაირი ზეწოლა არ იქნება. ჩევნი მიზანია, ვითამაშოთ დისციპლინით, შევასრულოთ დავალება და დანარჩენი, მოედანზე გამოჩნდება", - განაცხადა ვილი სანიოლმა.
ხვიჩა კვარაცხელია: "საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, მზად ვარ 90 წუთისთვის თუ არა. წინა დღეებში ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კარგ კონდიციებში ვყოფილიყავი და ამჟამად, 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ."
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დე ლა ფუენტე კი თვლის, რომ დღეს მის ნაკრებს ურთულესი მატჩი ელის:
"ბოლო პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. მათი ფეხბურთელები მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ და რთული მატჩი გველის. კვარაცხელია მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ მთავარი გუნდურობაა. სანიოლმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა და საქართველოს ნაკრები ერთ გუნდად ჩამოაყალიბა. საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს თვალს ვადევნებდი და როგორც აღვნიშნე, კარგი თაობა მოდის და შესაძლოა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობაც იყოს. თავის მხრივ, ჩვენს მოტივირებულები ვართ, გამარჯვებისთვის ჩამოვედით და ის შედეგი უნდა დავაფიქსიროთ, რაც ჩვენ გვინდა", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
საინტერესო ფაქტები
ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე ზედიზედ 3 საგარეო მატჩია არ მოუგია, რაც ყველაზე ხანგრძლივი სერიაა 21-ე საუკუნეში
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის საშინაო დებიუტო სწორედ ესპანეთის წინააღმდეგ შედგა, როცა დინამო არენაზე ბოლო წუთზე 2:1 წავაგეთ.
ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე ზედიზედ 5 მატჩია გოლს უშვებს, რაც ყველაზე ხანგრძლივი სერიაა 1994 წლის შემდეგ
ყველა ტურნირზე, საქართველოს ნაკრებს უკვე ზედიზედ 7 მატჩია საკუთარ მოედანზე არ წაუგია
საქართველოს ნაკრებმა ისტორია ერთხელ უკვე დაწერა და მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი 2016 წელს სტუმრად დაამარცხა
საქართველო - ესპანეთი
ტურნირი: ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
დრო და ადგილი: დინამო არენა, თბილისი (20:00)
მთავარი მსაჯი: დანიელ სებერტი (გერმანია)
სავარაუდო შემადგენლობა
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კვერკველია, კაშია, დვალი, აზაროვი, კიტეიშვილი, აბურჯანია, კვარაცხელია, ლობჟანიძე, მიქაუტაძე