ავტორიზაცია

განაწყენებული სახეებით, ხალხის გულის მოსაბრუნებლად - რა ხდება საქართველოს ნაკრებში მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე?

განაწყენებული სახეებით, ხალხის გულის მოსაბრუნებლად - რა ხდება საქართველოს ნაკრებში მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე?
თარიღი 12 Sep 2023, 12:48
დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად ნორვეგიას დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, ესპანეთთან განცდილი კრახის შემდეგ, ქართველი გულშემატკივრის მხრიდან დღევანდელი მატჩისადმი მოლოდინი გაქარწყლებულია და ჩვენი ნაკრებისგან დადებით შედეგს არავინ ელის.

საქართველოს ნაკრებს ოსლოში გავყევით და ვნახეთ, თუ რა ხდება გუნდში ასეთი მძიმე მარცხის შემდეგ.

ძლიერი ქარის გამო ფრენა იმაზე გვიან შესრულდა, ვიდრე დაგეგმილი იყო და მან 5 საათზე მეტს გასტანა. ოსლოს აეროპორტიდან ქალაქამდე დაახლოებით 40 წუთის გზაა. ნაკრები "რედისონში" დაბინავდა.

მთელი გზა ფეხბურთელები განაწყენებული სახეებით იყვნენ და აშკარა იყო, რომ ესპანეთთან წაგება ჯერაც არ ამოუშლიათ გონებიდან. თუ წინა ფრენების დროს გზაში ისინი სხვადასხვა თამაშებით ერთობოდნენ (მაგ. "რა? სად? როდის?"), ამ შემთხვევაში ყველა საკუთარ თავში იყო ჩაღრმავებული.




როცა ბარგს ველოდებოდით, ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს ვკითხეთ, ახალ გუნდში რა ხდებათქო და მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ჯერ ესპანეთთან წაგება ვერ "მომინელებიაო."

იმ საშინელ თამაშზე აღარ ვისაუბროთ და დღევანდელ მატჩს დავუბრუნდეთ, სადაც ფეხბურთელები და სანიოლი უდიდესი მოტივაციით არიან და გვარწმუნებენ, რომ სულ სხვა ნაკრებს იხილავენ. 

გასაკვირი არაა, რომ ოსლოში ცივი ამინდებია, მაგრამ ეს სიცივე იმდენად სასიამოვნოა, რომ დისკომფორტს საერთოდ არ ქმნის. სტადიონი ქალაქის გარეუბანში მდებარეობს.

"ულევალის" სტადიონი საკმაოდ დახვეწილი და მრავალფეროვანია. ამ სივრცეშივე შევხვდებით სასტუმროს, სადაც გუნდები მატჩისწინა შეკრებას გადიან, ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტურისტისთვისაც. შევხვდებით სავარჯიშო დარბაზებს და უნივერსიტეტს, სადაც ჩვეულებრივად, სტუდენტები მოდიან და ლექციებს ესწრებიან - ეს ყველაფერი კი სტადიონის შენობაში ხდება.

სასიამოვნოა, რომ მსგავსი ევროპული სტანდარტების პროექტი თბილისშიც გვხვდება, რაც საკმაოდ კომფორტულია. "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში" გაერთიანებულია უნივერსიტეტი, დარბაზი, მოედნები და სასტუმრო.




ოსლო საკმაოდ სუფთა ქალაქია, აქ ყველა ან ველოსიპედით დადის, ან სკუტერით. განურჩევლად ასაკისა, ყველა ვარჯიშობს, ბავშვების კერპი ერლინგ ჰოლანდია და ქუჩებში მისი მაისურით მოსიარულე ხალხს ხშირად შევხვდებით.

გუშინ, ოსლოში არჩევნები იყო. გაგვიკვირდა, ამ დალაგებულ ქვეყანაში ოპოზიციას რა უნდა ჰქონდეს პოზიციის საწინააღმდეგო. პასუხად კი მივიღეთ ის, რომ არჩევნებზე თუ ჩვენს ქვეყანაში არჩევანს ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ ხოლმე, აქ არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის კეთდება.

ხვიჩა კვარაცხელია ნორვეგიულ ჟურნალში - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები


არჩევნებმა ჩაიარა, დღეს კი ყველა მატჩის მოლოდინშია. ყველა ბილეთი გაყიდულია, "ულევალი" ანშლაგის, ჰოლანდის გოლებისა და გამარჯვების მოლოდინშია.

საქართველოს ნაკრებმა კი მატჩისწინა ვარჯიში კარგად ჩაატარა, მოტივირებულები არიან და მზად არიან იმისთვის, რომ რამდენიმე დღის წინ, "დინამო არენზე" გულდაწყვეტილი ხალხის გული ოსლოდან მოაბრუნონ...

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი