ავტორიზაცია

ეს დღეც დადგა - ხვიჩა კვარაცხელია თავის კარიერაში ყველაზე დიდ მეტოქეს დაუპირისპირდება [პრევიუ]

ეს დღეც დადგა - ხვიჩა კვარაცხელია თავის კარიერაში ყველაზე დიდ მეტოქეს დაუპირისპირდება [პრევიუ]
თარიღი 03 Oct 2023, 11:09
დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ელის - საღამოს 23:00 საათზე ის დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის ყველაზე წარმატებულ და თავისი ბავშვობის საყვარელ გუნდს, მადრიდის „რეალს“.

იტალია, ნეაპოლი, 23:00 (თბილისის დროით), სტადიონი „დიეგო არმანდო მარადონა“, მთავარი არბიტრი კლემან ტურპენი (საფრანგეთი)




წილისყრის შედეგები ისე დალაგდა, რომ F ჯგუფმა ერთმანეთს „ნაპოლი“ და „მადრიდის“ „რეალი“ დააკავშირა, „უნიონ ბერლინთან“ და „ბრაგასთან“ ერთად.

პირველ ტურში ჯგუფის ორივე ფავორიტმა თავისი მატჩები მინიმალურად მოიგო - „რეალმა“ შინ „უნიონი“ ბოლო წამებზე ჯუდ ბელინგემის გოლით გატეხა, (1:0) ნეაპოლელებმა კი პორტუგალიაში, ავტოგოლის ხარჯზე მოიგეს (2:1).

მიმდინარე სეზონი ორივე გუნდმა კითხვის ნიშნებით დაიწყო - „ნაპოლიმ“ ზედიზედ სამი მატჩი ვერ მოიგო და ცხრილში მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს, „რეალმა“ კი 8-დან 7 შეხვედრაში კი იმარჯვა, მაგრამ მისივე ქომაგებიც დაგვიდასტურებენ, რომ ბოლომდე დამაჯერებელი გუნდი მოედანზე ვერ არის, რის გამოც, ხშირად ინგლისელი ახალგაზრდა ჯადოქრის, 20 წლის ჯუდ ბელინგემის ხარჯზე უწევს გამარჯვებების მოპოვება.

მოახლოვებულ დაპირისპირებას „ნაპოლი“ პრაქტიკულად დანაკლისის გარეშე ხვდება - მატჩში მონაწილეობას სავარაუდოდ ვერ შეძლებს მხოლოდ მცველი რაჰმანი, სხვა ყველა ფეხბურთელი „მარადონაზე“ გასასვლელად მზად არის.

სრულიად განსხვავებული სიტუაციაა მადრიდელთა ბანაკში - ტიბო კურტუა და ედერ მილიტაო რომ პრაქტიკულად მთელ სეზონს ტოვებენ, ეს უკვე ვიცით, თუმცა დღეს ვერც არდა გიულერს ვიხილავთ მოედანზე და ვერც დავიდ ალაბას.



გუშინ, დანი კარვახალმაც ვარჯიში კოჭლობით დატოვა, მაგრამ იწერება, რომ მას მაინც სასტარტოში ელოდებიან. თუ რა თქმა უნდა რაიმე მოულოდნელი არ მოხდა.

კვარაცხელია - კარვახალის დაპირისპირება დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისშიც ვიხილეთ, თუმცა ის ჩვენი ნაკრები იმდენად იყო მოშლილი, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს მინიმალურად გადაეკვეთა, რაც დღეს წესით არ უნდა გამეორდეს.

მიუხედავად იტალიის ჩემპიონობისა და ასევე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის, დღეს ხვიჩა კვარაცხელიას თავისი კარიერის ყველაზე დიდი მეტოქე ელოდება.

ბუკმეიკერთა ფავორიტი:

დღევანდელი მატჩის წინ, ორივე გუნდს გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს, „რეალის“ მიზერული უპირატესობით - მადრიდელთა გამარჯვება 2.57 კოეფიციენტით ფასდება, მაშინ როდესაც „ნაპოლის“ წარმატებას 2.71 აქვს. ფრის ალბათობა ყველაზე დაბალია - 3.75.

სავარაუდო შემადგენლობები:

ნაპოლი“: მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგორი, ნათანი, ოლივეირა - ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია

რეალი“: კეპა, კარვახალი, რუდიგერი, ნაჩო, კამავინგა - ვალვერდე, ჩუამენი, მოდრიჩი - ბელინგემი - ხოსელუ, ვინისიუსი.

ურთიერთშეხვედრები:

გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ ისტორიაში და აქამდე, „ნაპოლის“ არასდროს არ მოუგია - 3 მარცხი და 1 ფრე. უკანასკნელი შეხვედრები 2017 წლით თარიღდება, როცა მერვედფინალური ორივე მატჩი „რეალმა“ ერთნაირი ანგარიშით 3:1 მოიგო.