ავტორიზაცია

"კვარაცხელია ნაკრებში ცენტრიდან უფრო სარგებლიანია", - სანიოლის პრესკონფერენცია

"კვარაცხელია ნაკრებში ცენტრიდან უფრო სარგებლიანია", - სანიოლის პრესკონფერენცია
თარიღი 13 Nov 2023, 13:03
შოტლანდიასთან და ესპანეთთან გასამართი მატჩების წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების გუნდების ზოგიერთ მწვრთნელთან კომუნიკაცია მაქვს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ სანაკრებო და საკლუბო დონეზე სხვადასხვა ვითარებაა.

მაგალითად, მიქაუტაძემ სანაკრებო მატჩები უმაღლეს დონეზე ჩაატარა, კლუბში კი რთული სიტუაცია აქვს. გუნდებში მწვრთნელებს განსხვავებული შეხედულებები აქვს, იგივეა ბუდუ ზივზივაძის სიტუაციაშიც.

ალთუნაშვილმა წინა მატჩები კარგად ჩაატარა და დღეს რომ ის ნაკრებშია, ნიშნავს, რომ ვენდობი. ცენტრალურ ზონაში ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილის ტრიოც კარგად გამოიყურებოდა და ვერ ვიტყვი, რომ ეს პოზიცია ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.

სიგუასთან მიმართებაში შესაძლოა არასწორად მოვიქეცი, როცა ვთქვი, რომ ის ტაილანდთან სასტარტოში იქნებოდა და არ ვათამაშე. ტაქტიკურ ვარჯიშზე მისით კმაყოფილი არ ვიყავი, თუმცა სიგუა ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია და თუ ის საკლუბო დონეზე წინსვლას გააგრძელებს, ჩვენთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

კვარაცხელია რომ ნაკრებში ცენტრში თამაშობს, ახალი არ არის. ბოლო მატჩებში ის ნაპოლიშიც ცენტრში შემოდის ხოლმე. მას ამ პოზიციიდან არაერთი გოლი გაუტანია. ის ნაკრებში თავის ძლიერ მხარეებს ცენტრში უფრო გამოავლენს ვიდრე ფლანგზე. ზიდანი რეალში შუაში თამაშობდა, ნაკრებში კი ფლანგზე. პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, როგორ გამოავლენს თავს ის ნაკრების მაისურით", - განაცხადა სანიოლმა.