ავტორიზაცია

"ინტერი საოცარი გუნდია და საქართველოში დიდი ფეხბურთელები ჩამოვლენ", - არველაძე ლეგენდების მატჩზე

"ინტერი საოცარი გუნდია და საქართველოში დიდი ფეხბურთელები ჩამოვლენ", - არველაძე ლეგენდების მატჩზე
თარიღი 19 Feb 2024, 17:26
7 მარტს, ბათუმში, ახალი პროექტის – „ლეგენდების სერია“ (Legend Series)-ს ფარგლებში, ვარსკვლავების მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ინტერისა" და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

Lagazzetta.ge-სთან ინტერვიუში, არველაძემ ამ მატჩის მნიშვნელობაზე და თავის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.

"ასეთ ღონისძიებებზე თამაში სხვადასხვა ქვეყნებში ხშირად გვიწევდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მსგავსი პროექტი საქართველოშიც გაგვეკეთებინა. პირველი მატჩი ინტერთან გვაქვს. ინტერი საოცარი გუნდია, სადაც დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ. პრინციპში, რონალდოს და იბრაჰიმოვიჩის გარდა ყველა ის ლეგენდა ჩამოვა, ვისაც ამ გუნდში უთამაშია."

"სიმართლე გითხრათ, რამდენიმე თვეა ფეხბურთი არ მითამაშია, მაგრამ თამაშამდე 10 დღით ადრე მზადება უნდა დავიწყო, რათა კარგ ფორმაში შევიდე. გოლის გატანა? ბოლოს ლეგენდების მატჩში რეინჯერსის მაისურით გავიტანე და ისევ ეგრე თუ გავფრინდი, ალბათ ვეღარ ავდგები (იცინის)", - განაცხადა არველაძემ.

დადასტურებულია, რომ მილანური კლუბიდან ხავიერ ძანეტი, სებასტიან ვერონი, გორან პანდევი, როდრიგო პალასიო, ესტებან კამბიასო, დიეგო მილიტო, ლუიშ ფიგუ, უესლი სნეიდერი და მარკო მატერაცი, ივან კორდობა, კარაგუნისი და ბორხა ვალერო ჩამოვლენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების არასრულ შემადგენლობას, ჩვენი ვეტერანების სია ასე გამოიყურება: გიორგი ქინქლაძე, ჯანო ანანიძე, შოთა არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა ცხადაძე, ნუკრი რევიშვილი, აჩი არველაძე, გოჩა ჯამარაულის და გიორგი დემეტრაძე.

გეტყვით იმასაც, რომ საქართველოსა და ინტერის ლეგენდების მატჩის მხარდამჭერი SMH Sports-ი იქნება.

იხილეთ არველაძის სრული ინტერვიუ Lagazzetta.ge-ზე