ავტორიზაცია

ვილი სანიოლი: "ისევე როგორც ლუქსემბურგთან, ვეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ"

ვილი სანიოლი: "ისევე როგორც ლუქსემბურგთან, ვეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ"
თარიღი 25 მარ 2024, 21:36
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს თბილისში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის შეკითხვებს ოთარ კაკაბაძემ უპასუხა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): მნიშვნელოვანია, რომ ნახევარფინალიდან ფინალამდე ძალების აღსადგენად გარკვეული დრო გვქონდა. ზოგ მოთამაშეს მეტი დრო სჭირდებოდა აღსადგენად. ახლა, ნახევარფინალიდან ოთხი დღის შემდეგ, ყველა მოთამაშე თავს კარგად გრძნობს და მოუთმენლად ელის თამაშს. ერთი ვარჯიში დაგვრჩა, სადაც საბოლოო დეტალებზე ვიმუშავებთ. ისევე როგორც ლუქსემბურგთან, ვეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.

როცა გავიგეთ, რომ საბერძნეთი ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე იყო, მაშინვე ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. მეტოქეს ძლიერ კლუბებში მოთამაშე კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ამასთან, ეს ფინალია და ორივე გუნდი მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს. გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გულისხმობს, რომ უფრო ძლიერი ხარ და უკეთ ხარ მზად კონკრეტული მომენტისთვის, არამედ, ეს არის ის, თუ რას გააკეთებ გამარჯვებისთვის. ხშირად ვუხსნი ფეხბურთელებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მოგებაზე ოცნება საკმარისი არ არის. თუმცა, თუ ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებ მოსაგებად, წარმატების გაცილებით მეტი შანსი გაქვს. ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ ფეხბურთს ყველა ვერ თამაშობს. გამარჯვებულის მენტალიტეტი არის ყოველდღიური შრომა და ყველაფრის გაკეთება გამარჯვებისთვის. მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, მათ შორის მათ, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან, რადგან ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან მოუმატეს საკუთარი ასპარეზობის ხედვის და მისი შეფასების თვალსაზრისით. ვფიქრობ, დინამიკა ძალიან დადებითია და ისინი მზად არიან წარმატებისთვის. ფეხბურთელებსაც და მეც მათთან ერთად ამ მატჩში მონაწილეობის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ჯერ ვერ ვიტყვი, ვინ იქნება სასტარტო შემადგენლობაში. ყველას უნდა ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. პროფესიონალი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ყოფნით ბედნიერი ვერ იქნება. ხვალ, 12 მოთამაშე შეხვედრას სათადარიგოთა შორის დაიწყებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ არ გამოთქვამს უკმაყოფილებას, რადგან იციან, რომ მთავარი ამ შემთხვევაში გამარჯვების ერთად მოპოვებაა.

თუ გავიხსენებთ 2020 წელს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D ლიგაში ასპარეზობდა, ახლა კი B ლიგაში ვართ, სადაც ინგლისის ნაკრები ასპარეზობს. ერთი საფეხურით წინ ვართ შვედეთის ნაკრებზე, თუმცა არ ვამბობ, რომ ინგლისის დონის ან შვედეთზე უკეთესი გუნდი ვართ. მნიშვნელოვანია ის განვითარება, რაც გვაქვს. ვლადიმერ ვაისმა ბევრი რამ გააკეთა ამისთვის, ისევე როგორც, ნაკრების სტაფმა და ფეხბურთს ფედერაციამ. ხვალინდელ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ის, რასაც ფეხბურთელები ბოლო წლების განმავლობაში აკეთებენ, ძალიან კარგია. ფეხბურთში არსებობს მტკიცების ვალიდაციის, დადასტურების დღეები და ხვალ სწორედ ასეთი დღე გვექნება.

Nakrebi.ge