გიორგი ქოჩორაშვილი: "ამ პენალტის ისტორია ორი წლის წინ იწყება"
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლევანტეს ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა lagazzetta.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც საბერთძნეთთან მატჩზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"იმ დღის ემოცია ახლაც მომყვება. თამაშზე, ვარჯიშზე, ისეთი ენერგიით ვარ, ვცდილობ რომ ჩემს გუნდელებსაც გადავცე. ახლა ისეთ პოზიციაზე ვიმყოფებით, შანსი გვაქვს რომ დავწინაურდეთ ზედა ლიგაში, შესაბამისად, ეს ენერგია მათაც სჭირდებათ. 26 მარტის ემოციებზე საუბარი ახლაც მიჭირს, ბოლოს გატანილი თერთმეტმეტრიანის შემდეგ ხალხი რომ სტადიონზე შემოვიდა, მანდ მივხვდი, რომ რაღაც დიდი მოხდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მომავალ თაობას ძალიან წაადგება ეს წარმატება."
"ამ პენალტის ისტორია ორი წლის წინ იწყება, როდესაც ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად მომზადებას შევუდექი. როცა თავისუფალი დრო მქონდა სტადიონზე გავდიოდი და სტანდარტულებზე ვვარჯიშობდი. ხშირად, გუნდელები გიჟსაც კი მეძახდნენ, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც მომენტში ეს ვარჯიშები გამომადგებოდა. ნაკრებში ბიჭებთან ერთად მე, კვარა, ზურიკო, ყველა ვრჩებოდით და ვვარჯიშობდით იმაზე მეტს, ვიდრე ამას სხვა ფეხბურთელები აკეთებდნენ, რადგან ვიცოდით რომ იმ მატჩებში, შეიძლებოდა ყველა სტანდარტულს მნიშვნელობა ჰქონოდა."
"როდესაც დინამოს აკადემიაში დავიწყე სიარული, ანდრეს კარასკო უკვე მუშაობდა კლუბში და ესპანური სტილით მიდიოდა სწავლება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი მწვრთნელები მყავდა, როგორც დინამოს აკადემიაში, ისე საბურთალოში. თუნდაც, გიორგი ჭელიძე, რომლის დახმარებით უფრო პროფესიონალურად მივუდექი ფეხბურთს, უფრო მეტი დატვირთვა მქონდა, როგორც ბურთით ისე უბურთოდ. ამ ყველაფრის შემდეგ კი, ძალიან ადვილი გახდა ესპანეთში გადასვლა, შეგუება იქაურ ტემპთან, ტექნიკურ თამაშთან."
"ჩემი ბავშვობის კუმირი ჩავი ერნანდესი იყო, ასევე ძალიან მომწონდა სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტაც. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ასევე ძალიან მომწონდა რაჯა ნაინგოლანი - ჩემთვის სრულყოფილი მოთამაშეა, რადგან ერთდროულად შეუძლია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაში. მეც სულ ვცდილობ ასე ვითამაშო, დაცვასაც დავეხმარო და შეტევასაც. ზიდანზე და რონალდინიოზეც აუცილებლად უნდა ვთქვა, ბრაზილიელმა საერთოდ ფეხბურთი შემაყვარა, ბავშვობაში სახლში როცა მივიდოდი, ერთ სული მქონდა მისი ვიდეოებისთვის მეყურებინა."
გიორგი ქოჩორაშვილის სრული ინტერვიუს ნახვა lagazzetta.ge-ზე არის შესაძლებელი.