ავტორიზაცია

საქართველოს მთავრობა ევრო 2024-ზე გასამგზავრებელ 3000-მდე ავიაბილეთს დაასუბსიდირებს

საქართველოს მთავრობა ევრო 2024-ზე გასამგზავრებელ 3000-მდე ავიაბილეთს დაასუბსიდირებს
თარიღი 20 May 2024, 12:10
საქართველოს მთავრობა ევრო 2024-ისთვის გამოყოფილ ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს - აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.

"18, 22 და 26 ივნისის საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ, ევრო 2024-ის 3,000-მდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძლებს."

"სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის, ღირებულება იქნება EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს EUR 390-ს. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი. სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლოს დაიწყება."

"ჩარტერული რეისები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან Georgian Wings-თან (თბილისი), Georgian Airways-თან (თბილისი), Wizz Air-თან (ქუთაისი) და კომპანია გასა-სთან (თბილისი) თანამშრომლობით შესრულდება. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით განხორციელდება და საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული."

"სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ" - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს და 14 ივლისს დასრულდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც თურქეთს (18 ივნისი), ჩეხეთს(22 ივნისი) და პორტუგალიას (26 ივნისი) დაუპირისპრიდება.