ავტორიზაცია

ქალთა ნაკრები | კვიპროსი 0:2 საქართველო

ქალთა ნაკრები | კვიპროსი 0:2 საქართველო
თარიღი 01 ივნ 2024, 17:15
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ირის ანტმანის გუნდმა ახნასში კვიპროსის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 32-ე წუთზე, ირინა ხაბურზანიას გოლით გახსნა. გოლიდან შვიდ წუთში ხაბურზანიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 10 ფეხბურთელით დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო. 64-ე წუთზე თავი თეონა ბაქრაძემ გამოიჩინა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 4 ივნისს, თბილისში გამართავს. საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქე კვლავ კვიპროსის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საოცარი თამაში იყო. კარგად ვერ დავიწყეთ, ჩვენს გეგმას ვერ მივყვებოდით. მოგვიანებით, 10 ფეხბურთელით დავრჩით, მაგრამ ამ გუნდმა გამოავლინა ის, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ - თუ რას ნიშნავს იყო გუნდი, რომელიც მთელი გულით თამაშობს და აქვს ხასიათი. გოგონებმა სწორედ ასე ითამაშეს და ამით ძალიან ვამაყობ. ყველაფერი გააკეთეს წარმატების მისაღწევად, ორი გოლი გავიტანეთ და დავიმსახურეთ ეს გამარჯვება.

თბილისში მოგება და ამ ორ თამაშში ექვსი ქულის აღება გვსურს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მატჩთან შედარებით განსხვავებულად თამაშს ვაჩვენებთ. ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მოთამაშეები გვყავს, რომლებიც ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერს აკეთებენ“.

თათია გაბუნია (საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ 10 ფეხბურთელით ვიყავით, მაინც მოვახერხეთ 3 ქულის მოპოვება. 4 ივნისს, კვიპროსის ნაკრებს უკვე თბილისში ვეთამაშებით. ვთხოვ გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ, რადგან მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. თქვენ ხართ ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც გვამხნევებენ და მეთორმეტე მოთამაშეს წარმოადგენენ მოედანზე"

Nakrebi.ge