ოფიციალურად: ენცო მარესკა ჩელსის მთავარი მწვრთნელია

ლონდოინის ჩელსიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს ენცო მარესკა ჩაიბარებს.
იტალიელი მწვრთნელი "არისტოკრატებთან" კონტრაქტს 2029 წლამდე (+1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით) გააფორმებს. 44 წლის სპეციალისტს სამწვრთნელო შტაბში 6 წევრი ეყოლება, მათ შორის, მისი ასისტენტი და ლონდონური კლუბის ყოფილი არგენტინელი მეკარე - ვილი კაბალიერო.
ვილფრედოს გარდა, შტაბში იქნებიან: დენი უოკერი, მიკელე დე ბერნარდინი, მარკოს ალვარესი, ხავი მოლინა და რობერტო ვიტიელო. ამასთან, გუნდს მეკარეების მწვრთნელად ბენ რობერტსი შეუერთდება, ბერნარდო კუევა კი სტანდარტულების დამუშავებაზე იმუშავებს.
მარესკა 2020-2021 წლებში მანჩესტერ სიტიში პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო, შემდეგ ცოტა ხნით პარმაში იმუშავა, მერე კი ლესტერი ჩაიბარა, გასულ სეზონში ჩემპიონშიფში პირველი ადგილი დაიკავა და გუნდი პრემიერ ლიგაში დააწინაურა.