ავტორიზაცია

საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი განაცხადი 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე

საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი განაცხადი 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე
თარიღი 05 ივნ 2024, 16:17
საქართველო და სომხეთი ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ. ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა გააკეთეს.

ლევან კობიაშვილი: "ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა, რისთვისაც მადლობა ჩემს კოლეგას. გვინდა განვაცხადოთ, რომ ერთობლივად, ორი მეგობარი და მეზობელი, საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყნები ვაპირებთ განაცხადის შეტანას 2029 წლის ფიფას 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და გვიხარია, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ პროექტზე. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვეხმარება სამომავლოდ საქართველოში და სომხეთში ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. იმედია, გავიმარჯვებთ და ერთობლივად ვუმასპინძლებთ ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს. მასშტაბური ღონისიების მასპინძლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. მათ შორის, გასულ წელს, წარმატებით ვუმასპინძლეთ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს".

არმენ მელიქბეკიანი: "ეს არის ერთ-ერთი მთავარი ტურნირი, რომელსაც ფიფა ატარებს. 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობა ძალიან დიდი წარმატება იქნება ორივე ქვეყნისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გვქონდა კონსულატაციები ფეხბურთის მმართველ ორგანოებთან. უეფა მზად არის მხარი დაგვიჭიროს ამ პროცესში, რათა ერთად ვუმასპინძლოთ 20-წლამდე მსოფლიო თასს".

ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ურუგვაის ნაკრებია. 2025 წელს 20-წლამდე მსოფლიო თასს ჩილე უმასპინძლებს.

Gff.ge