ბაიერნი იოზუა კიმიხს ორ შემთხვევაში გაყიდის
Sky Sports-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იოზუა კიმიხს მხოლოდ ორ შემთხვევაში გაყიდის.
"რეკორდმაისტერი" გერმანელის გაშვებაზე თანახმა იქნება, თუ კლუბი მის შემცვლელს შეიძენს. "ბავარიელები" "ფულემის" ნახევარმცველის, ჟოაუ პალინიას ტრანსფერზე მუშაობენ - პორტუგალიელი შუახაზელი ვენსან კომპანის მთავარი სამიზნეა და თუ გუნდი მას დაიმატებს, ბელგიელი სპეციალისტი იოზუას წასვლას არ შეეწინააღმდეგება.
მეორე პირობა კი სატრანსფერო თანხაა - ბაიერნი ელის, რომ კიმიხის თაობაზე ბარსელონასგან და სხვა კლუბისგან სარფიან წინადადებას მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ კიმიხს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, ისინი ფეხბურთელის სანაცვლოდ მაინც დიდ ფულს ითხოვენ - გერმანელებს მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო სურთ.
ჰანსი ფლიკი კიმიხის ბარსელონაში ხილვით ბედნიერი იქნება, თუმცა კატალონიურ გრანდს აღნიშნული ტრანსფერის განსახორციელებლად ფინანსური პრობლემების მოგვარება მოუწევს.