ავტორიზაცია

ევრო 2024 | ფინალი | ესპანეთი 🆚 ინგლისი

ევრო 2024 | ფინალი | ესპანეთი 🆚 ინგლისი
თარიღი 14 ივლ 2024, 13:31
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ბერლინში ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთი და ინგლისი დაუპირისპირდებიან.

ესპანეთი მიმდინარე ტურნირზე, ჯერჯერობით, უდანაკარგოა. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ხორვატია 3-0 დაამარცხეს, შემდეგ იტალიას 1-0 სძლიეს, ბოლოს კი ალბანეთს ასევე ერთადერთი გოლით მოუგეს. „ფურია როხა“ მერვედფინალში საქართველოს შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ რობინ ლე ნორმანის ავტოგოლის გამო მარცხდებოდა, მატჩი შემოატრიალა და 4-1 იმარჯვა. მეოთხედფინალში ესპანეთმა მასპინძელი გერმანია 2-1 დაამარცხა: შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა - 119-ე წუთამდე ანგარიში 1-1 იყო, შემდეგ კი მიკელ მერინოს თავურით "ფურია როხა" შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნახევარფინალში ესპანეთი საფრანგეთ შეხვდა - მიუხედავად იმისა, რომ ისინი მარცხდებოდნენ, ლამინ იამალისა და დანი ოლმოს გოლებით, მაინც მოიგეს.

ინგლისს საკმაოდ ცუდი ჯგუფური ეტაპი ჰქონდა. პირველ ტურშ მათ სერბეთი 1-0 დაამარცხეს, შემდეგ კი დანიასთან და სლოვენიასთან ფრედ ითამაშეს. მერვედფინალში გარეთ საუთგეიტის გუნდმა სლოვაკეთს 2-1 მოუგო, მეოთხედფინალში კი შვეიცარიას ამავე ანგარიშით სძლია. ნახევარფინალში ინგლისელები ნიდერლანდებს შეხვდნენ - მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა: მე-7 წუთზე, შესანიშნავი დარტყმით ჩავი სიმონსმა ანგარიში გახსნა, მაგრამ მალევე ჰარი კეინმა (18') პენალტით წონასწორობა აღადგინა. 81-ე წუთზე გარეთ საუთგეიტმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: კეინი და ფოდენი მოედნიდან გაიყვანა, მაგრამ ეს ცვლილებები გამართლდა - ფილის ნაცვლად შესული კოულ პალმერის პასით ჰარის ნაცვლად შესულმა ოლი უოტკინსმა 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და ინგლისს ფინალის საგზური მოუპოვა.

ესპანეთის სავარაუდო XI: სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, კუკურელია; რუისი, როდრი, ოლმო; იამალი, მორატა, უილიამსი

ინგლისის სავარაუდო XI: პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი, გეჰი; საკა, მეინუ, რაისი, შო; ბელინგემი, ფოდენი; კეინი

მატჩის მთავარი არბირტი ფრანგი ფრანსუა ლეტექსიე იქნება.