ავტორიზაცია

გვარდიოლა მართალია: ჰოლანდი გოლების გატანაში მესისა და რონალდუს დონეზეა

გვარდიოლა მართალია: ჰოლანდი გოლების გატანაში მესისა და რონალდუს დონეზეა
თარიღი 21 Aug 2024, 18:13
ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგის პირველ ტურში გაიტანა - ჩელსისთან გატანილი გოლი მისთვის სიტის რიგებში 91-ე აღმოჩნდა და შთამბეჭდავ თამაშს აგრძელებს. პეპ გვარდიოლამ კი ნორვეგიელი შეაქო და ის ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.


გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ჰოლანდი მესისა და რონალდუსნაირი გამტანია. მწვრთნელები ასეთ შედარებებს ერიდებიან, მაგრამ პეპს ლეო გაუწვრთნია და კრიშტიანუს ბევრჯერ დაპირისპირებია, ასე რომ, ის ორივე მათგანს კარგად იცნობს.


ნორვეგიელი, სავარაუდოდ, მესისა და რონალდუს ოქროს ბურთების რაოდენობაში ვერასდროს აჯობებს, თანაც კილიან მბაპესთან კონკურენციის პირობებში, მაგრამ გოლების მხრივ, მას იმაზე უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე არგენტინელსა და პორტუგალიელს ერლინგის ასაკში ჰქონდათ.

მესიმ ევროპის ტოპ 5 ლიგებში 496 გოლი გაიტანა, რონალდუმ კი - 495. ამჟამად, 24 წლის ჰოლანდის ანგარიშზე 122 გოლია და დრო აქვს, რომ ორ ლეგენდას აჯობოს. კრიშტიანუ 37 წლის იყო, როცა ევროპა დატოვა, ლეო კი - 36 წლის.

24 წლის ასაკში მესის ლა ლიგაში 119 გოლი ჰქონდა გატანილი, რონალდუს ანგარიშზე კი 77 პრემიერლიგური გოლი იყო. ერლინგის იმაზე უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე სხვა ტოპ ცენტრფორვარდებს: რობერტ ლევანდოვსკის ამ ასაკში ბუნდესლიგაში მხოლოდ 30 გოლი ჰქონდა, ჰარი კეინს პრემიერ ლიგაში კი - 78.

ასე რომ, ჰოლანდმა მათი გოლების მეოთხედი უკვე გაიტანა და წინ დაახლოებით 12 წელი აქვს.


ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც 24 წლის ასაკში მეტი გოლი ჰქონდა, კილიან მბაპეა. ფრანგს ლიგა 1-ის შვიდ სეზონში, მონაკოსა და პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში, 135 გოლი ჰქონდა, თუმცა ბევრი საფრანგეთის ჩემპიონატს სერიოზულად ვერ აღიქვამს.

პსჟ-ში გადასვლამდე ერთი სეზონით ადრე, ედინსონ კავანიმ 35 გოლი გაიტანა, იმ სეზონამდე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა - 38. შედარებისთვის, ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა და ერთ სეზონში 36 გოლი შეაგდო. წინა რეკორდი მოჰამედ სალაჰს ეკუთვნოდა (32 გოლი).


ჰოლანდისგან განსხვავებით, მესი, რონალდუ და მბაპე მრავალმხრივი ფეხბურთელები არიან. ჰოლანდს პრემიერ ლიგაში 12 ასისტი აქვს, ბუნდესლიგაში კი - 19. ეს შედეგი, მესის 192 ლალიგურ ასისტთან, რონალდუს 87 ლალიგურ და 37 პრემიერლიგურ საგოლე გადაცემასთან შედარებით, რა თქმა უნდა, კარგი მაჩვენებელი არაა. ასევე, არც ლიგა 1-ში მბაპეს 65 ასისტთან...

ჰოლანდი გოლების გატანაში ძლიერია. როცა მას გოლები ვერ გააქვს და სიტი ვერ იგებს, ხშირად აკრიტიკებენ. შესაბამისად, ნორვეგიელი სწორედ ამ საქმეზეა ფოკუსირებული.


ჰოლანდმა გასულ სეზონში ტრავმის გამო 2 თვე გამოტოვა, მაგრამ სიტის მის გარეშეც შესანიშნავი შედეგები ჰქონდა და მხოლოდ 1 მატჩი ვერ მოიგო, რომელიც ფრედ დასრულდა. ახალ სეზონში სტემფორდ ბრიჯზე გამართულ მატჩში ნორვეგიელის სწორი პასების მაჩვენებელი დაბალი იყო და ბურთს მხოლოდ რამდენჯერმე შეეხო. მიუხედავად ამისა, მან ძალიან მნიშნელოვანი გოლი გაიტანა და ყველაფერი გადაფარა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰოლანდი მეტოქეთა მცველების დიდ ყურადღებას იპყრობს, რაც მის თანაგუნდელებს სივრცეების პოვნაში ძალიან ეხმარება.


ჰოლანდის როლი, შესაძლოა, ყოველთვის არ ჩანს, მაგრამ მას მატჩს ბედის გადაწყვეტა 1 მომენტით შეუძლია, როგორც ჩელსისთან შეხვედრაში გააკეთა.

"ქალაქელთა" შემადგენლობაში გატარებულ პირველ სეზონში ერლინგმა ნოტინგემ ფორესტს 3 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი FA თასზე ლუთონის კარი 5-ჯერ აიღო. ახლა სიტი მომდევნო შეხვედრაში იფსვიჩს დაუპირისპირდება, რომელიც უმაღლეს ლიგაში ახლადაღზევებულია. ჰოლანდს შეუძლია, მსგავსი რამ ამ გუნდის წინააღმდეგაც გაიმეოროს.

გვარდიოლამ თქვა, რომ ნორვეგიელი ახალ სეზონში უკეთეს ფორმაშია, ვიდრე გასულ წელს იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2023/24 წლების სეზონში მას 2 თვე გაუცდა, 27 გოლი გაიტანა, წელს კი შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვს.