ქოჩორაშვილი გოლის აღნიშვნაზე: ჩემი და კაპიტანი ამერიკის ისტორია ერთმანეთს ჰგავს
ალბანეთის წინააღმდეგ ტირანაში გამართული მატჩის (1-0) გამარჯვების გოლის ავტორმა, გიორგი ქოჩორაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სტადიონზე მოვიდა და ტელევიზორიდან გვქომაგობდა. დღეს მოვიგეთ, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ - 1 თვეში უფრო ძლიერები დავბრუნდებით, რომ უკრაინაც დავამარცხოთ.
ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, ბავშვობაში ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ნაკრებში გოლებს გაიტანო, არ დავუჯერებდი, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე და საკუთარი თავის ირწმუნო. მადლობა ღმერთს, რომ ეს დღე დადგა.
გუნდი ამაზე არ გაჩერდება. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ, კლუბებში კარგად ვითამაშოთ და შემდეგ, ქართველი ხალხის გასახარებლად დავბრუნდეთ.
გოლის აღნიშვნა? კაპიტან ამერიკას რთული ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ შეუპოვარი იყო - ჩვენ ამით ერთმანეთს ვგავართ. პატარაობაში სუსტი ვიყავი და ყველა მეუბნებოდა, რომ მაღალ დონეზე ვერ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი შეუპოვრობით, პირველ რიგში, ჩემს თავს და შემდეგ - ყველას დავუმტკიცე, რომ ძლიერი ვარ და პროგრესს გავაგრძელებ," - განაცხადა ქოჩორამ.
გიორგიმ ალბანეთს უძლიერესი, შორეული დარტყმით გაუტანა და ტომას სტრაკოშას შანსი არ დაუტოვა. ეს ნაკრებში ქოჩორაშვილის მე-2 გოლია - პირველი მან წინა მატჩში, ჩეხეთს გაუტანა.