ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის წინ - გურამ კაშიას ინტერვიუ სლოვანთან

ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის წინ - გურამ კაშიას ინტერვიუ სლოვანთან
თარიღი 17 Sep 2024, 19:18
ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე გურამ კაშიას დებიუტი შედგება - საქართველოს ნაკრების კაპიტნის სლოვანი გასვლაზე სელტიკს დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩს წინ, ქართველი ფეხბურთელი ბრატისლავური კლუბის მედიას ესაუბრა.

"შოტლანდიაში ნაკრებთან ერთად უკვე მითამაშია და ვიცი, იქ რა გარემო გველის. ლოკალური ფანები ფეხბურთით შეპყრობილნი არიან. ატმოსფერო ძალიან რთული იქნება, თუმცა საკმაო გამოცდილება გვაქვს, რომ ამ სიტუაციას გავუმკლავდეთ. ჩემპიონთა ლიგას მოუთმენლად ველით.

მოდით, რეალისტები ვიყოთ - ვერ ვიტყვით, რამდენ ქულას მოვაგროვებთ, რადგან ახალი ფორმატის გათვალისწინებით, ამას ვერ იწინასწარმეტყველებ. აქ საუკეთესოები თამაშობენ. გვსურს, ევროპაში ჩვენი კლუბი და სლოვაკეთი წარვადგინოთ. შემიძლია, მხოლოდ ერთი პირობა მოგცეთ - ყველაფერს გავიღებთ და მეტოქეებთან ვიბრძოლებთ.

რაც შეეხება ჩემს თავს: ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობას დიდ ყურადღებას ვაქცევ. რაც შეიძლება დიდხანს მძინავს. ასევე, მნიშვნელოვანია დიეტა - კარგად ვიკვებები და ვცდილობ, ყველაფერი მივიღო, რაც ორგანიზმს სჭირდება. დარბაზში ინდივიდუალურადაც ვვარჯიშობ. სახლში წასვლა, დაძინება და ტელევიზორის წინ დივანზე დაჯდომა მიყვარს. ფეხბურთი ჩემი უდიდესი ჰობია.

სლოვანში უმნიშვნელო მოგებები და მატჩები არ არსებობს. აქ მე-4 სეზონს ვატარებ და არ მახსენდება, ოდესმე შედეგზე არ გვეფიქროს - განსაკუთრებით იმ კლუბების წინააღმდეგ, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლაში კონკურენციას გვიწევენ. ვფიქრობ, ჩვენი ტრიუმფით ბევრს სიგნალი მივეცით. ამისთვის ვიბრძოლეთ, სწორი მიდგომა ვაჩვენეთ და კარგი მეტოქეობა გავწიეთ. ასეთი დუელებით ნამდვილად სიამოვნებას ვიღებ. კარგი უიქენდი იყო, ახლა კი სელტიკზე ვფიქრობთ," - განაცხადა კაშიამ.

სელტიკისა და სლოვანი მატჩი სტარტს ხვალ, 23:00 საათზე აიღებს.