ლუკა მოდრიჩმა 58-წლიანი რეკორდი მოხსნა
ლა ლიგის მე-10 ტურში რეალ მადრიდმა ბალაიდოსზე სელტა 2-1 დაამარცხა. გოლები კილიან მბაპემ და ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ლუკა მოდრიჩმა დაამყარა რეკორდი, რომელიც 58 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო: 39 წლისა და 40 დღის ასაკში, ის რეალ მადრიდის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოფიციალურ მატჩში ითამაშა. ხორვატმა ფერენც პუშკაშის შედეგი გააუმჯობესა - უნგრელ ლეგენდას ეს რეკორდი 1966 წლიდან ეკუთვნოდა.
მოდრიჩი სელტასთან დაპირისპირებაში მოედანზე 63-ე წუთზე გავიდა და 3 წუთში ასისტი მიითვალა. მან პასი ვინისიუსს გაუკეთა, ამ გოლით კი მადრიდულმა გუნდმა იმარჯვა.
"ვამაყობ, რომ რეალ მადრიდის ისტორიის ნაწილი ვარ და ყველაზე მეტი ტიტული მოვიგე. ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს ამ კლუბთან ერთად მივაღწიე," - განაცხადა "ლოს ბლანკოსის" 10-იანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.