რეალი 🆚 ბარსელონა | დღეს სეზონის პირველი ელ კლასიკოა
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, სანტიაგო ბერნაბეუ სეზონის პირველ ელ კლასიკოს უმასპინძლებს.
ამ დაპირისპირებას ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება - რეალს ბოლო 3 თამაში მოგებული აქვს, ბარსელონას კი - 4.
ჩემპიონთა ლიგაზე, მე-3 ტურში კარლო ანჩელოტის გუნდმა დორტმუნდი 5-2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები აგებდნენ, მეორე ტაიმში დაქამბექება მოახერხეს.
რაც შეეხება ბარსელონას - ჰანსი ფლიკის შეგირდებმა კლუბის ისტორიაში ყველაზე უხერხული მეტოქე, მიუნხენის ბაიერნი 4-1 გაანადგურეს და ელ კლასიკოს წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნეს.
ამჟამად ლა ლიგაში ბარსა ლიდერობს, რეალი კი მეორეზეა. კატალონიურ კლუბს 27 ქულა აქვს, ხოლო "ლოს ბლანკოსის" აქტივში 24 ქულაა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ Opta დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად რეალს მიიჩნევს და მადრიდელთა მოგების შანსს 45%-ით აფასებს, "ბლაუგრანას" კი გამარჯვების 31%-იანი შანსი მიანიჭა.
ჰანსი ფლიკის ბარსელონამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, პირველი 10 მატჩიდან 9-ში იმარჯვა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ რეალმა ესპანეთის ჩემპიონატში ბოლოს 2023 წლის 25 სექტემბერს, ატლეტიკოსთან წააგო (1-3) და მას შემდეგ, 42-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (31 მოგება, 11 ფრე).
გუნდების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები (Opta-ს ვერსით):
რეალი (4-4-2): ლუნინი; ვასკესი, მილიტაო, რიუდიგერი, მენდი; ვალვერდე, ჩუამენი, კამავინგა, ბელინგემი; მბაპე, ვინისიუსი
ბარსელონა (4-2-3-1): პენია; კუნდე, კუბარსი, მარტინესი, ბალდე; კასადო, პედრი; იამალი, რაფინია, ფატი; ლევანდოვსკი