ავტორიზაცია

7 საუკეთესო მეკარე "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში

7 საუკეთესო მეკარე "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში
თარიღი 23 Dec 2014, 23:31
დე ხეას საოცარმა სეივებმა GOAL.GE აიძულა "ემიუს" საუკეთესო გოლკიპერთა სია შეედგინა. სიაში ვერ მოხვდა ის, ვისაც ელით, ამას სტატიის წაკითხვისას მიხვდებით.

7. ლეს სილი (1990-91, 1993-94, 55 მატჩი)

1990 წელს სილიმ "იუნაიტედში" ფერგიუსონის კარიერა გადაარჩინა. "წითელი ეშმაკუნები" ინგლისის თასის ფინალში გავიდნენ, სადაც მათ "კრისტალ პალასი" დაუპირისპირდა, გულშემატკივრები ადვილ გამარჯვებას ელოდნენ, მაგრამ "იუნაიტედმა" საქმე გადათამაშებამდე მიიყვანა და ისიც - სასწაულის ხარჯზე, მარკ ჰიუზის გოლის წყალობით, რომელმაც ანგარიში 3:3 გახადა. ის შეხვედრა წარუმატებლად ჩაატარა ძირითადმა კიპერმა, ჯიმ ლეიტონმა, თუმცა, მაშინ ფერგიუსონმა მეორე მატჩში "ლუტონიდან" არენდით აყვანილი ლეს სილი ჩააყენა კარში, რომელსაც აღნიშნულ შეხვედრამდე მხოლოდ ორი დაპირისპირება ჰქონდა ჩატარებული "წითელი ეშმაკუნების" მაისურით, ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააოგნა. როგორც გაირკვა, ეს გადაწყვეტილება ფერგიუსონის ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა: სილიმ ჩინებული მატჩი ჩაატარა, "იუნაიტედმა" კი 1:0 მოიგო. მეკარეს სურდა საკუთარი მედალი ლეიტონისთვის გადაეცა, რომელმაც ფინალამდე გუნდის მაისურით ტურნირის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საბოლოო ჯამში, მედალი ორივემ აიღო (ლეიტონს იგი პირველი ფინალის შემდეგ გადაეცა), სილიმ კი მომდევნო სეზონში "იუნაიტედთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი. "ოლდ ტრაფორდზე" მან წელიწადი პირველი ნომრის სტატუსით გაატარა, "იუნაიტედი" კი ორ სათასო ფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი - ლიგის თასის ფინალი "შეფილდ უენსდეის" წინააღმდეგ - გუნდმა წააგო, სილი მაინც გმირად იქცა: მან სერიოზული ტრავმა მიიღო (მუხლზე ბუცით მიყენებული დარტყმა ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ მას ძვალი უჩანდა), მაგრამ, დოქტორთან საუბრის შემდეგ, მოედნის დატოვებაზე უარი თქვა. ლესს შემდგომ ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ თასების მფლობელთა თასის ფინალისთვის გამოჯანმრთელება მაინც მოასწრო. როტერდამში "ბარსელონასთან" გამართულმა მატჩმა სილის მეორე მედალიც მოუტანა და "იუნაიტედის" გულშემატკივრებს შორის ლეგენდის სტატუსიც გაიმყარა. სეზონის დასრულების შემდეგ, მეკარემ კლუბი დატოვა - მის შემცვლელად პეტერ შმეიხელი შეიძინეს, მაგრამ 1993 წლის დასაწყისში ფერგიუსონმა თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე სილი დაიბრუნა. გოლკიპერს შემდგომ სეზონში შანსი მიეცა, როცა შმეიხელი ინგლისის თასის მეოთხედფინალში გააძევეს. "იუნაიტედის" მაისურით სილიმ ბოლო შეხვედრა ლიგის თასის ფინალში ჩაატარა, თუმცა იმჯერად "იუნაიტედი" დამარცხდა. ასე რომ, "ბედნიერმა ლესმა", რომელმაც ჩემპიონატში ოცდაათზე მეტი მატჩი ჩაატარა, ოთხ ფინალში მიიღო მონაწილეობა და მათგან ორი მოიგო. სამწუხაროდ, იგი ძალიან ადრე წავიდა - 43 წლის ასაკში ინფარქტისგან გარდაიცვალა. ვიდეო: ლეს სილის ვარსკვლავური საათი - 1990 წლის KA-ს ფინალის გადათამაშება "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ

6. გარი ბეილი (1978-1987, 375 მატჩი)

"დაიბადა იფსვიჩში, გაიზარდა იოჰანესბურგში, განვითარდა მანჩესტერში". "იუნაიტედში" შემოწმების გასავლელად ბეილიმ სამხრეთ აფრიკიდან ინგლისში გადაფრენისთვის საჭირო თანხა თავად გადაიხადა. გარიმ გუნდში თამაში ალექს სტეპნის პენსიაზე წასვლის შემდეგ, ანუ სამოცდაათიანების ბოლოს დაიწყო, მაგრამ პირველივე დიდ თამაშში - ინგლისის თასის 1979 წლის ფინალი - შეცდა, როცა შეხვედრის ბოლო წუთზე "არსენალის" თავდამსხმელ ალან სანდერლენდს გამარჯვების გოლი გაატანინა. ოთხი წლის შემდეგ ბეილის მეორე შანსი მიეცა, ამჯერად მან მასზე დამყარებული იმედები გაამართლა: 1983 წლის KA-ს ფინალში, 2:2-ის დროს, გუნდი "ბრაიტონის" ფორვარდ გორდონ სმიტის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა. რადიოკომენტატორის ფრაზა "...და სმიტმა უნდა გაიტანოს" საკულტო იარაღად იქცა და მოგვიანებით, მას "ბრაიტონის" ფანობაც კი "დააბრალეს". "იუნაიტედმა" გადათამაშებამდე მიიყვანა კიდევ ერთხელ საქმე, თუმცა დამაჯერებლად მოიგო, ბეილიმ კი ორი წლის შემდეგ "ემიუსთან" ერთად ინგლისის თასის მეორე ტიტულიც მოიგო. ნიჭიერი გოლკიპერი, რომელიც ინგლისის ნაკრებში პიტერ შილტონისა და რეი კლემენსის უკან დარჩა, ახალგაზრდა პეტერ შმეიხელის კუმირი გახლდათ. ვიდეო: "ბრაიტონის" წინააღმდეგ ინგლისის თასის ფინალში ნახსენები ბრწყინვალე სეივი (თუმცა, რადიოკომენტატორის ფრაზა აქ არ არის - იგი რადიორეპორტაჟის მიმდინარეობისას ითქვა)

5. ჰარი მოგერი (1903-1912, 266 მატჩი)

მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, რაც ჰარი მოგერმა "იუნაიტედში" პირველი მატჩი ჩაატარა, ას წელიწადზე მეტი გავიდა, თავისი დროის საუკეთესო გოლკიპერთა შორის ერთ-ერთი არ უნდა დავივიწყოთ, რომელმაც კლუბში რვა სეზონი გაატარა და XX საუკუნის დასაწყისში პირველ დიდ გამარჯვებებში ლომის წილი დაიდო. მოგერი "იუნაიტედში" 1903 წელს აღმოჩნდა. მაღალი სიმაღლე და ჩინებული ფიზიკური მომზადება მას საჰაერო დუელებში სოლიდურ უპირატესობას ანიჭებდა. მოგერთან ერთად, გუნდი უმაღლეს დივიზიონში აღზევდა, სადაც რამდენიმე წელიწადში ჩემპიონი გახდა. 1909 წელს ჰარიმ ინგლისის თასი აწია თავს ზემოთ - პირველად "იუნაიტედის" ისტორიაში, 1911 წელს კი ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო. მიუხედავად საოცარი რეპუტაციისა, "იუნაიტედის" პირველი ლეგენდარული მეკარე ინგლისის ნაკრებში ერთხელაც არ მიუწვევიათ.

4. ჰარი გრეგი (1957-1966, 247 მატჩი)

გრეგი მედიდურად ხელმძღვანელობდა მცველებს და მთელ დაცვას ისე მართავდა, როგორც პეტერ შმეიხელი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. ჩინებული მონაცემები და ჩინებული ხასიათი მეტ ბასბის 23 000 ფუნტი დაუჯდა - იმ დროისთვის გოლკიპერში გადახდილი რეკორდული თანხა. ეს მიუნხენის ტრაგედიამდე სამი თვით ადრე მოხდა. ჰარი გრეგს ხშირად ისე იხსენებენ, როგორც მიუნხენის გმირს. იმ საბედისწერო დღეს მან ხანძარში დაწვას ბობი ჩარლტონი, ჯეკი ბლანჩფლაუერი, დენის ვაიოლეტი და მეტ ბასბი გადაარჩინა, რომელმაც მძიმე ტრავმები მიიღო. მან იუგოსლავიელი დიპლომატის ცოლი და მისი გოგონაც გადაარჩინა. მაგრამ, "იუნაიტედის" ლეგენდის სტატუსის გასამყარებლად მას მხოლოდ სათამაშო თვისებებიც ეყო. გრეგს რამდენიმე გუნდური ტიტულის მიღებაში ხელი მხოლოდ და მხოლოდ უიღბლობამ შეუშალა: მხარის ტრავმის გამო, ჰარიმ ინგლისის 1963 წლის თასის ფინალში ვერ ითამაშა, სხვადასხვა ტრავმების გამო, მან კიდევ ბევრი თამაში გამოტოვა და 1964/65 და 1966/67 წლებში საჩემპიონო მედლები ვერ დაიკიდა მკერდზე. მიუნხენის კატასტროფიდან სამი თვის შემდეგ, გრეგი გუნდთან ერთად, რომელიც პირველ რიგში ბასბის ასისტენტ ჯიმი მერფის მიერ დამატებული რეზერვისტებისგან შედგებოდა, ინგლისის თასის ფინალში გავიდა. იქ საქმე უკვე ძალიან გაჭირდა - "იუნაიტედმა" წააგო და "ოლდ ტრაფორდზე" ფინალისტის ეს მედალი გრეგისთვის ერთადერთი აღმოჩნდა. ზაფხულში იგი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, გამოკითხვაში ჰარიმ ლევ იაშინს აჯობა. 1961 წელს "იუნაიტედში" მისულ ჯორჯ ბესტს გრეგის ბუცების გაწმენდის პატივი ერგო. ვიდეო: ინგლისის თასის 1958 წლის ფინალის მიმოხილვა

3. ალექს სტეპნი (1966-1978, 546 მატჩი, 2 გოლი)

სტეპნიმ მარადისობაში ფეხი იმ საღამოს შედგა, როცა "იუნაიტედმა" 1968 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო. ფინალში ვარსკვლავურმა გოლკიპერმა "უემბლიზე" ეუსებიოს ძირითადი დროის მიწურულს გასაოცარი ბურთი აუღო, მაშინ, როცა ანგარიში თანაბარი გახლდათ. სტეპნის სეივმა "ბენფიკას" თავდამსხმელი ისე მოხიბლა, რომ მან ინგლისელს ტაში დაუკრა. "იუნაიტედმა" დამატებით დროში მეტოქე გაანადგურა. აქამდე ერთი წლით ადრე, ბასბი გამოტყდა, რომ 1967 წელს ჩემპიონატი დიდწილად სტეპნის საოცარი თამაშის წყალობით მოიგო კლუბმა. ალექსს ელვისებური რეაქცია არ ჰქონდა, მისი მთავარი თვისება პოზიციის სწორი შერჩევა იყო. იგი ჩინებულად ხელმძღვანელობდა მცველებს, მართალია, 1975 წელს, "ბირმინგემთან" მატჩის მიმდინარეობისას, ცოტა გადააჭარბა, ფეხბურთელებს ისე დაუყვირა, რომ ყბა ამოიგდო. გარდა ამისა, სტეპნი ბურთს უმისამართოდ არასდროს იგერიებდა, იგი ცდილობდა ბურთი პარტნიორისთვის მიეწოდებინა, რომელიც ხელსაყრელ პოზიციას იკავებდა. შედარებით ცნობილია 1973/74 წლების სეზონი, რომლის ბოლოსაც "იუნაიტედი" D-2-ით გაფრინდა, სტეპნი მთავარი პენალტისტი გახლდათ, მან თერმეტმეტრიანის ნიშნულიდან ორი გოლი გაიტანა და მცირე პერიოდი გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ვიდეო: ჩემპიონთა თასის ფინალში ეუსებიოს მომენტი

2. ედვინ ვან დერ საარი (2005-2011, 266 მატჩი)

სერ ალექსს არაერთხელ ინანა, რომ ჰოლანდიელი არ იყიდა, როცა ეს უკანასკნელი 2001 წელს "იუვენტუსიდან" წასვლას გეგმავდა. 2005 წელს, ფერგიუსონი, რომელიც შმეიხელის სრულფასოვანი შემცვლელის ძიებაში გახლდათ, შეცდომის გამეორებას არ აპირებდა. ვან დერ საარს, რამდენიმე მისი წინამორბედისგან განსხვავებით, სიმშვიდით, თავდაჯერებულობით, ასევე მცველებისა და მთელი გუნდის ნომერ პირველ დამცველად გამოყოფდნენ. შესანიშნავი მონაცემები, კარგი რეაქცია და ინსტიქტის დონეზე პოზიციის შერჩევა, ფეხით თამაშის ცოდნა, რის გარეშეც თანამედროვე ტოპგოლკიპერი არაფერია, და მთავარი - ჩინებული ფიზიკური ფორმა, რისი წყალობითაც იგი მეხუთე ათეულშიც თამაშობდა - ფერგიუსონს ექვსი წელიწადი მეკარის პრობლემა არ ჰქონია. "იუნაიტედი" ვან დერ საართან ერთად პრემიერ ლიგის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ლიგის თასის ორი ტიტული და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ჰოლანდიელმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა, მათ შორის ერთი მსოფლიო - 1311 წუთი გოლი არ გაუშვა. ვიდეო: ედვინ ვან დერ საარი | საუკეთესო წლები

1. პეტერ შმეიხელი (1991-1999, 393 მატჩი, 1 გოლი)

რეიტინგში ეს ადგილი სხვა არცერთ კიპერს არ ეკუთვნის. ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერმა, პეტერ შმეიხელმა 90-იანებში "იუნაიტედის" მიღწევებში უდიდესი როლი ითამაშა. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რომ ტრიპლეტის მოგებამდე ხუთნახევარი წლით ადრე, დანიელი "იუნაიტედის" დატოვებასთან ახლოს იყო: 1994 წლის დასაწყისში ფერგიუსონმა იგი "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ გააკრიტიკა, სადაც გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას 3:0-ს იგებდა, მოგება ხელიდან გაუშვა. მხოლოდ ღმერთმა იცის, პასუხად შმეიხელმა სერ ალექსს რა უთხრა. ფერგიმ მეკარის გაყიდვა მოინდომა, მაგრამ შემთხვევით გაიგო, ამ უკანასკნელმა როგორ მოუბოდიშა თანაგუნდელებს, და გადაიფიქრა. ეს სპეციალისტს ერთი წამითაც არ უნანია. შმეიხელმა "ოლდ ტრაფორდზე" რვა გასაოცარი სეზონი ჩაატარა, ინგლისის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა, ინგლისის თასი სამჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასიც ასწია. ფერგიუსონმა "ბრონდბიუდან" მის 505 000 ფუნტიან ტრანსფერს "ასწლეულის შენაძენი" უწოდა. შმეიხელი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თავისი დროის კიპერთა მთავარი ეტალონი გახლდათ, მიიჩნევდა, რომ მისთვის მეკარეობა სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია და დარწმუნებული იყო, მეკარემ, როგორც კლოუნმა, ისე უნდა იცოდეს ყველაფერი. ვიდეო: შმეიხელის საუკეთესო სეივები *ვიდეომიმოხილვებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ ალეკო მძელური, სპეციალურად GOAL.GE-სთვის