ვარლამ კილასონია: "მეტალურგი" მეორე წრეს აუცილებლად ითამაშებს!

უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ჩვენმა საიტმა შემოგთავაზათ ინტერვიუ რუსთავის "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელთან ვარლამ კილასონიასთან, სადაც ის გუნდში არსებული პრობლემების შესახებ გვიამბობდა. ჯერ კიდევ მაშინ, გაურკვეველი იყო "მეტალურგის", როგორც გუნდის მომავალი.
მეორე წრის დაწყების თარიღი ახლოვდება, ნაწილი კლუბებისა მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. გუნდები გეგმავენ უცხოურ შეკრებებს, სპარინგ-მატჩებს და ამხანაგურ შეხვედრებს.
"მეტალურგში" არსებული სიტუაციის შესახებ ყველამ კარგად ვიცით, გასულ კვირეებში კი გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. როგორც აღმოჩნდა, კლუბის არსებობის საკითხი ფაქტობრივად მოგვარებულია. სტადიონზე უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობენ ჭაბუკთა ლიგისა და დუბლშემადგენლობის წევრი ფეხბურთელებიც.
როგორც ცნობილი გახდა, მეტალურგმა ვარჯიში ჯერ კიდევ 26 დეკემბერს განაახლა, ახალი წლის შემდეგ კი, 4 იანვრიდან გუნდმა სრული შემადგენლობით დაიწყო მომავალი წრისთვის მზადება.
პრეს-სამსახურის ცნობით, რუსთავის "მეტალურგში" სინჯებზე იმყოფება ორი ბრაზილიელი ლეგიონერი. ჯერჯერობით უცნობია მათი ბედი, თუმცა მომავალი წრიდან შესაძლოა ისინი კლუბის შემადგენლობაში ვიხილოთ.
"მეტალურგში" არსებული სიტუაციის და სამომავლო გეგმების შესახებ GOAL.GE -სთან ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ:
-როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "მეტალურგი" ხელმძღვანელობას შეხვდა. კონკრეტულად ვის შეხვდით და რა გადაწყდა სამომავლოდ?
-შეხვედრა შედგა გუბერნატორთან, ჩამოსული იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ რუსთავის მერი და მისი მოადგილეები. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც დღესდღეობით ჩვენს კლუბს აქვს. აქ არ არის მხოლოდ ფინანსურ პრობლემებზე საუბარი. თქვენც იცით, რომ "მეტალურგის" ხელმძღვანელობის შეცვლის დროს კლუბს მეტალურგიასთან 8 მილიონი ლარი დავალიანება დაუგროვდა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც გუნდს აწუხებს. თუ კი არიან სპონსორები, რომლებსაც სურთვილი აქვთ კლუბში ფულის ჩადების, ეს პრობლემა აბრკოლებს მათ. აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ ამ თემაზეც, თუ როგორ შეიძლება დაიფაროს დავალიანება. მთავარია, აღნიშნული თანხა დაფაროს კლუბმა და მერე თავისთავად ყველაფერი დალაგდება. ქალაქის მერმა გამოთქვა სურვილი, რომ გუნდს დაეხმაროს. რაც მთავარია, ამ თემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. თუ განთავისუფლდება კლუბი დავალიანებისგან, დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქი გუნდს გვერდში დაუდგება.
-კლუბის ბაზაზე არ იყო ელექტროენერგია, გაზი, წყალი. ახლა რა მდგომარეობაა?
-ამჟამად ბაზაზე ელექტროენერგია, წყალიც და გაზიც გვაქვს. ეს ორგანიზაციებიც გვიწევენ ანგარიშს და გუნდი დავალიანებებს, რომელიც დარჩენილია, ეტაპობრივად გადაიხდის. თვიურ გადასახადთან ერთად დავალიანებებს ნაწილობრივ დავფარავთ.
-თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მეტალურგი" მეორე წრეს ითამაშებს...
-დიახ. "მეტალურგი" მეორე წრეს აუცილებლად ითამაშებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება და შესაძლოა კიდევ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავდეს.
-გავრცელებული ინფორმაციით, "მეტალურგი" დატოვა ალავერდაშვილმა, კაკაშვილმა, ქავთარაძემ და კიტეიშვილმა. თუმცა რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა, რომ ზემოთ ნახსენებ ფეხბურთელებთან ერთად, გუნდიდან მიდიან: ვალერი კილასონია, გიორგი ნარიმანიძე და დავით გელაშვილი.
-პრესაში წავიკითხე ალავერდაშვილის წერილი, სადაც მადლობა გადაუხადა მან გუნდს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ბიჭები გვყავდა შეკრებილი. ყველას გული წყდება კლუბის ასეთი სიტუაციის გამო. არავის არ უნდა წასვლა, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს. მე როგორც აღვნიშნე, არის მცდელობა წინსვლის. ლერი სულაბერიძე აქტიურად მუშაობს და ცდილობს თანხა მოიზიდოს, რომ გუნდმა ნორმალური შედეგი აჩვენოს, მაგრამ კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვით. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გუნდები ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში იწვევენ.
რაც შეეხება კილასონიას, გელაშვილს და ნარიმანიძეს, მათაც აქვთ შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან და შესაძლოა უახლოეს დღეებში, თუ ჩვენთან არაფერი შეიცვლება და ვერ მოვახერხებთ ფეხბურთელების შენარჩუნებას, ისინიც წავიდნენ.
-გიორგი ქავთარაძე ბათუმის "დინამოში" გადავიდა. რას გვეტყვით სხვებზე?
-კახი კაკაშვილი საჩხერის "ჩიხურაში" ვარჯიშობს. კიტეიშვილი "დინამომ" დაიბრუნა, ხუჭუა კი, ქობულეთის "შუქურაში" გავუშვით.
-ოთო კიტეიშვილის გარშემო ბევრი კითხვა გაჩნდა. ის ოფიციალურად "დინამოს" ეკუთვნის, თუმცა განათხოვრების გზით იგი "მეტალურგში" თამაშობდა. ახლა ამბობენ, რომ კიტეიშვილი "დინამოში" თამაშს გააგრძელებს. რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით?
-კიტეიშვილის "დინამოში" თამაში გადაწყვეტილი არ არის. მოგეხსენებათ, ოთო კიტეიშვილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია. ჩვენთან იგი ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. პირველი წრის განმავლობაში ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება თბილისის "დინამოს", რა თქმა უნდა, იქ კონკურენცია უფრო მაღალია, აქედან გამომდინარე ჩვენი თხოვნა იყო მათ მიმართ, რომ ოთოს "მეტალურგში" ეთამაშა. თუ ეს ფეხბურთელი თავს ვერ წარმოაჩენს ისე, რომ გახდეს თბილისის "დინამოს" ძირითადი ფეხბურთელი, სჯობს, რომ 6 თვე ისევ ჩვენთან ითამაშოს უმაღლეს ლიგაში, ვიდრე დუბლებში იყოს. დარწმუნებული ვარ, "დინამოც" გაუწევს ანგარიშს და, თუ ოთო მთავარი გუნდის ფეხბურთელი არ იქნება, ის ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება. ასე რომ, ჯერჯერობით კიტეიშვილის "დინამოში" თამაში გადაწყვეტილი არ არის.
-როგორც ვიცით აპირებთ, რომ დუბლშემადგენლობიდან და ჭაბუკთა ლიგიდან ახალგაზრდა ფეხბურთელები დააწინაუროთ.
-დიახ, 96-97-წლიანების, დაახლოებით 8-9 ფეხბურთელი უკვე ჩანიშნული გვყავს. კონკრეტულად დღეს მთავარ გუნდში ვინ ითამაშებს ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, ესენი იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი. ეს ფეხბურთელები პირველი დღიდანვე ვარჯიშობენ ძირითად გუნდთან ერთად. ვინ ითამაშებს მთავარ გუნდში დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
-შეკრებას სად გეგმავს გუნდი?
-ადგილობრივი შეკრება დაგეგმილია. რაც შეეხება უცხოურს, არის სურვილი, თუმცა ჯერჯერობით შესაძლებლობა არ გვაქვს.
-ამხანაგურ მატჩებზე რას გვეტყვით?
-დაგეგმილია ორი ამხანაგური მატჩი: 17 იანვარს ვითამაშებთ თბილისში, ცხინვალის "სპარტაკთან" და 24 იანვარს გორში, გორის "დილასთან". დანარჩენ დღეებში კიდევ იგეგმება ამხანაგური მატჩები, თუმცა ჯერჯერობით ეს 2 არის ცნობილი.
-რა იქნება "მეტალურგის" მთავარი მიზანი მეორე წრისთვის?
-ამის შესახებ პასუხს ალბათ ის გუნდი გაგცემთ, რომელსაც დალაგებული სიტუაცია აქვს. სწორად გამიგეთ, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ისიც არ ვიცით, როგორი გუნდი გვეყოლება. ასე რომ, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ძნელია.
ჩვენი ამოცანა, როგორც პირველ წრეში იყო, ასევე მომავალშიც, ყველა თამაშში წარმატების მიღწევაა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ასე რომ, მაინცდამაინც სამეულში უნდა გავიდეთ, ეს როგორ უნდა დაგეგმო? გუნდებთან ისე უნდა ვითამაშოთ, რომ ჩვენი დამარცხება ყველას გაუჭირდეს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თამაშები მოვიგოთ და გავახაროთ გულშემატკივარი.
მოამზადა მარიამ ბატიაშვილმა, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.