გიორგი ლორია:"ჩემით და მერებაშვილით რამდენიმე გუნდი ინტერესდება, კონკრეტულად..."

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ლეგიონერების, გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის ბერძნულ კლუბ "ოფის" ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც ზემოთ აღნიშნული მოთამაშეები სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებენ.
GOAL.GE დაუკავშირდა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს, გიორგი ლორიას და ნახსენები სიტუაციის დეტალებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
ლორია არსებული მდგომარეობის შესახებ: "ოფის" ფინანსური პრობლემები აქვს. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მე და გიორგიმ კონტრაქტი გავწყვიტეთ. ჩვენ გუნდს მაისში დავტოვებთ. გათავისუფლების საბუთი მეც და მერებაშვილმაც ავიღეთ."
- თუ გამოხატეს უკვე ინტერესი თქვენ მიმართ სხვა კლუბებმა? გაგვანდობთ მათ ვინაობას?
- დიახ, ორივეს მიმართ არის დაინტერესება სხვადასხვა გუნდიდან. კონკრეტულად, ჩვენ შემოთავაზება თურქეთიდან და საბერძნეთიდან გვაქვს. მათი სახელების ხსენებას ახლა მოვერიდები.
- როგორც განაცხადეთ, ხელფასები სექტემბრის შემდეგ არ აგიღიათ. დარჩენილ დროში რა სიტუაცია იქნება ამ მხრივ? მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, გუნდი თქვენს ხელფასებზე იზრუნებს?
- კლუბის ხელმძღვანელობას ამ საკითხთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. "ოფის" მესვეურები დაგვპირდნენ, რომ დავალიანებას დაგვიფარავენ. ასევე, იმასაც მოგვცემენ, რაც მაისამდეა გათვალისწინებული კონტრაქტით.
- თქვენი მწვრთნელი გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ჯენარო გატუზო იყო. ეს ადამიანი რას წარმოადგენს ყველამ კარგად იცის. ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს გატუზოსთან თანამშრომლობაზე. მაინტერსებს, რა გასწავლათ და რა დადებითი გამოცდილება მოგცათ ჯენაროსთან ურთიერთობამ?
- გატუზო საოცარი ადამიანია. ის თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან შრომისმოყვარე პიროვნებაა. ასევე, გამოვყოფდი მეორე მწვრთნელს, ჯიჯის. იგი ძალიან ძლიერი ტაქტიკოსია. მიუხედავად ამ ადამიანებისა, მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი გამოცდილება მეკარეების მწვრთნელთან, გაეტანო პეტრელისთან მუშაობით შევიძინე. იგი უძლიერესი სპეცილიასტია. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მასთან თანამშრომლობის პერიოდში. მარლაც, რომ "ტოპ" კლასის მწვრთნელია გაეტანო. მადლობა მას იმისთვის, რაც მასწავლა და მომცა.
- რას იტყვით საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელზე, კახა ცხადაძეზე? შეუძლია ამ ადამიანს ნაკრები სასურველ წარმატებამდე მიიყვანოს?
- კახა მაღალი დონის მწვრთნელია. იგი ნამდვილი პროფესიონალია და მჯერა, რომ მას ნაკრებისთვის ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია. ჩვენ, ყველა ერთად მას გვერდში უნდა დავუდგეთ და გეგმების განხორციელებაში დავეხმაროთ.
კახა ყიფიანი, სპეციალურად GOAL.GE-სთვის