ავტორიზაცია

საუკეთესო ქართველები საბჭოთა კავშირში

საუკეთესო ქართველები საბჭოთა კავშირში
თარიღი 07 Feb 2015, 02:25
საბჭოთა კავშირში ბევრ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია და მათ სახელებს ისტორია სამუდამოდ შეინახავს. გთავაზობთ, იმ ფეხბურთელთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ჩემპიონატში წლის საუკეთესოები გახდნენ. საბჭოთა კავშირში წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება 1964 წლიდან დაიწყო. ეს იდეა მას შემდეგ მოუვიდათ რუსებს თავში, რაც ლევ იაშინმა 1963 წელს ოქროს ბურთი მოიპოვა და მსოფლიოს წლის საუკეთესო გახდა. 1964 წელს პირველი გამორჩეული ფეხბურთელი მოსკოვის "ტორპედოს" მოთამაშე, ვალერი ვორონინი გახდა. ცნობისთვის, ყველაზე მეტჯერ საბჭოთა კავშირში საუკეთესო ოლეგ ბლოხინი გახდა. უკრაინელმა ლეგენდამ 3-ჯერ მოიპოვა ეს ჯილდო და მას მხოლოდ 1-ით ჩამორჩებოდა "დინამოს" შემტევი, რამაზ შენგელია. ასევე, ქართველები იმითაც გამოირჩეოდნენ ამ დაჯილდოვებაში, რომ კიევის "დინამოს" შემდეგ, სწორედ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს ჰქონდათ ეს ჯილდო ყველაზე მეტჯერ მოპოვებული. ქართველი ფეხბურთელები 4-ჯერ გახდნენ საუკეთესოები საბჭოთა კავშირში. 1. რამაზ შენგელია რამაზ შენგელია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი 2-ჯერ გახდა. პირველად, რამაზი 1978 წელს გახდა საუკეთესო, მეორედ კი - 1981 წელს. 1978 წელს თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და, დიდი ალბათობით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც რომელიმე ქართველს უნდა მოეგო. მართალია, 78-ში რამაზი ჩემპიონატის ბომბარდირი ვერ გახდა, თუმცა, მან მთელი 100 ხმით ჩამოიტოვა მეორე ადგილოსანი, ოლეგ ბლოხინი. Untitled-1 1981 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კიევის "დინამო" გახდა, თუმცა, წლის საუკეთესო ფეხბურთელად რამაზ შენგელია დასახელდა. ცნობისთვის, 81 წლის სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში 23 გოლი გაიტანა და ეს იყო 1963 წლის შემდეგ მე-2 შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელმა ამდენი რაოდენობის გოლის გატანა მოახერხა. აშკარაა, რომ შენგელიამ იდეალური სეზონი ჩაატარა და მისი "დინამოც" საპატიო მე-3 ადგილს დაეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონი კიეველები გახდნენ, ოლეგ ბლოხინს მაინც ამჯობინეს შენგელია, რომელმაც 140 ხმით ჩამოიტოვა უკან მისი უკრაინელი კონკურენტი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1981 წელს "დინამომ" უეფას თასების მფლობელთა თასიც მოიგო, სადაც რამაზ შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. 2. დავით ყიფიანი დავით ყიფიანი საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი 1977 წელს გახდა. ცნობისთვის, 77 წელს "დინამო" ჩემპიონატის მე-2 პოზიციაზე გავიდა, მას მხოლოდ კიევის "დინამომ" აჯობა, რომელთა ლიდერიც, ოლეგ ბლოხინი ყიფიანმა უკან მოიტოვა. აღსანიშნავი იყო, ნამდვილად, 1977 წელი, რადგან კიევის "დინამო" ჩემპიონი გახდა, ბლოხინი კი - ჩემპიონატის ბომბარდირი, თუმცა, წლის საუკეთესო მაინც დავით ყიფიანი გახდა. 1977 წლის გარდა, ყიფიანი 3-ეულში კიდევ ერთხელ მოხვდა, 1976 წელს. ცნობისთვის, აქ ქართველ ნახევარმცველს მხოლოდ ვლადიმერ ასტაპოვსკიმ აჯობა.  1976 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონებზე, "დინამო" ორივეჯერ მე-3 ადგილს დასჯერდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. Untitled-1 3. ალექსანდრე ჩივაძე მე-3 ქართველი, რომელსაც საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო აქვს მიღებული, ალექსანდრე ჩივაძეა. "დინამოს" მცველი საუკეთესო 1980 წელს გახდა. აღსანიშნავია, რომ "დინამოს" ფეხბურთელის მთავარი კონკურენტი აქაც, ოლეგ ბლოხინი იყო, რომლის კიევის "დინამოც" ჩემპიონი გახდა. ამის გარდა, ალექსანდრე ჩივაძე 1983 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის 3-ეულში შევიდა. 83-ში ის მე-3 პოზიციას დასჯერდა. "დინამოს" მცველს დასაევმა და ჩერენკოვმა აჯობეს გამოკითხვაში. ... ცნობისთვის, პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვებაზე გამოჩნდა, სლავა მეტრეველი იყო. 1964 წელს "დინამომ" ჩემპიონობა მოიპოვა პირველად და სლავაც მე-3 საპრიზო ადგილს დასჯერდა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მურთაზ ხურცილავა 2-ჯერ გავიდა მე-2 პოზიციაზე, 1967 და 1968 წლებში. საერთო ჯამში, ქართველი ფეხბურთელები საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის სულ 9-ჯერ მოხვდნენ, აქედან 4-ჯერ პირველ ადგილზე გავიდნენ. მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის მოიწონეთ ჩვენი გვერდი - ქართული ფეხბურთი