საფეხბურთო კლუბმა ბათუმის "დინამომ" სეზონის პირველი წრე საკმაოდ სტაბილურად განვლო და ამჟამად უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. კლუბი მონაწილეობდა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაშიც, თუმცა საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ" ბათუმელები ტურნირიდან გამოთიშა. პირველი წრის დასასრულს ბათუმის საკრებულომ საფეხბურთო კლუბებს ქალაქის ბიუჯეტიდან 3,2 მილიონი ლარი გამოუყო. სოლიდური თანხა, 1,3 მილიონი ლარი საფეხბურთო კლუბ “დინამოს” გადაერიცხა, რომელსაც გუნდი თავისი შემოსავლის გარდა, ცალკე დანამატად მოიხმარს. შეგახსენებთ, რომ პირველი წრის დასრულების შემდეგ, ზამთრის გარდამავალ პერიოდში, ბათუმის "დინამომ" სამი ფეხბურთელი შეიძინა. ცხინვალის "ცხინვალიდან" გუნდს
თამაზ მაქაცარია შეუერთდა. ასევე კლუბმა დაიმატა რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი ფეხბურთელი
გიორგი ქავთარაძე. მესამე ახალწვეული კი, ოზურგეთის "მერცხალიდან"
გიორგი კაშია გახლავთ. რაც შეეხება წასულ ფეხბურთელებს, გუნდი დატოვა
გავაშელიშვილმა და
პაჭკორიამ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბათუმის "დინამომ" 2-კვირიანი თურქული შეკრება გაიარა და რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
GOAL.GE ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთ მწვრთნელს
ასლან ბალაძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან ინტერვიუში მეორე წრისთვის მოსამზადებელ პერიოდზე, ახალწვეულებზე და უმაღლესი ლიგის პირველ მეტოქეზე ისაუბრა.
-შემიძლია გითხრათ, რომ მეორე წრისთვის მზადება აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობდა. პირველი ეტაპი ბათუმში გავიარეთ, შემდეგ გავემგზავრეთ ანტალიაში შეკრებაზე. იქ უფრო დიდ ყურადღებას ამხანაგურ მატჩებს ვაქცევდით. მიზანი იყო, რომ ის შემადგენლობა, რომელიც ბათუმის "დინამოს" ჰყავდა პირველ წრეში, გუნდურად შეთამშებულიყო. როგორც იცით, დიდი ცვლილებები არ ყოფილა კლუბში. გუნდი ორმა ფეხბურთელმა გავაშელიშვილმა და პაჭკორიამ დატოვა. რაც შეეხება ახალწვეულებს, დავიმატეთ ცხინვალის "ცხინვალის" ყოფილი ფეხბურთელი თამაზ მაქაცარია, რომელიც ჩვენთან სინჯებზე იმყოფებოდა. ასევე დავიმატეთ გიორგი კაშია, რომელმაც გასული წრე ოზურგეთის "მერცხალში" გაატარა და გიორგი ქავთარაძე, რომელიც საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია. ჩვენ მას ვაკვირდებოდით შარშან და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ძირითადი ბირთვი არ შეცვლილა, გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენი სკოლის აკადემიიდან მოვიწვიეთ. მოკლედ, ეს 3 ფეხბურთელი არის დანამატი ჩვენს გუნდში.
რაც შეეხება თურქულ შეკრებას და ამხანაგურ მატჩებს, საკმაოდ კარგი სპარინგ-პარტნიორები გვყავდა. პირველი თამაში 2 თებერვალს რუსეთის პრემიერ ლიგის საკმაოდ ძლიერ გუნდთან "ამკართან" გავმართეთ. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. საკმაოდ საინტერესო თამაში გამოვიდა, რადგან "ამკარმა" ძირითადი გუნდი ათამაშა. მეორე მატჩი გვქონდა უნგრეთის უმაღლესი ლიგის „სპარტაკუსთან", რომელსაც მოვუგეთ 2:1. 7 თებერვალს, მესამე ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახურ კლუბ პავლოდარის "ირტიშსთან" 1:0 დავმარცდით. ამ მატჩზე ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივეცით შანსი. მეორე დღეს, 8 თებერვალს ვეთამაშეთ რუმინეთის "ოცელულს", მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თამაშს სჯიდა ბათუმელი მსაჯი, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის ჩემპიონატს მსაჯობს. მეოთხე მატჩი კი, სერბეთის "ვოივოდინთან" ჩავატარეთ და 0:4 დავმარცხდით. ამ თამაშებმა დაგვანახა ჩვენი გუნდის შესაძლებლობები. ის კლუბები, რომლებსაც ჩვენ ვეთამაშეთ საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან თავიათნ ქვეყნებში, აქედან გამომდინარე ჩვენმა ბიჭებმა ტოლი არ დაუდეს არცერთ მათგანს. ძირითადად კმაყოფილები ვართ მოსამზადებელი ეტაპით და დანარჩენს მეორე წრეში თამაშები დაგვანახებს. ვთვლი, რომ გუნდი საკმაოდ კარგად არის მომზადებული, მთავარია ბიჭების მონდომება. მოსამზადებელ პერიოდში პრობლემები არ გვქონია, ახლა მთავარია როგორ გამოვალთ მეორე წრეში. ვიცით, რომ ყველა გუნდი გაძლიერებულია. ჩვენ სადაც ვიმყოფებოდით იქ ჩვენთან ერთად იყვნენ საფეხბურთო კლუბი "სამტრედია", გორის "დილა", ბოლნისის "სიონი". თითქმის ყველა გუნდი იყო, ერთადერთი რუსთავის "მეტალურგი" არ გახლდათ.
-სწორედ უმაღლესი ლიგის პირველი ოფიციალური მატჩი გაქვთ რუსთავის "მეტალურგთან", აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი სეზონის პირველ თამაშში სტუმრად "ფოლადზე" 2:1 დამარცხდით...
-ჩვენ ყველა გუნდს ვაფასებთ, როგორც სერიოზულ მეტოქეს. რუსთავის "მეტალურგი" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. დიდი შეცდომა დავუშვით მაშინ... პირველ მატჩზე, ასეთი ინფორმაცია იყო, რომ ვითომ "მეტალურგი" არ არის ძლიერი გუნდი და იქ მხოლოდ ახალგაზრდები თამაშობენ. ჩვენ ვიცით, რომ რუსთავში ყოველთვის იყო კარგი ფეხბურთი, ვინც არუნდა ყოფილიყო და როგორი მომზადებაც არ უნდა გაევლო გუნდს. ამ კლუბს ყოველთვის ჰქონდა ბრძოლისუნარიანობა, ჟინი და მონდომება, რომელიც ყველა ქართველ გულშემატკივარს დაანახა პირველ წრეში. აქედან გამომდინარე "მეტალურგს" არ ვუყურებთ, როგორც იოლ გუნდს. ამხანაგურ მატჩებსაც ვაკვირდებოდით, ვკითხულობდით პრესაში. გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი ყავს. ვარლამ კილასონიას შეხედულებებს ფეხბურთის მიმართ ძალიან ვაფასებ. მე ვთვლი, რომ იოლი თამაში არ იქნება და მეტიც, ერთ-ერთი სერიოზული მატჩი გვექნება რუსთაველებთან. საწყის ეტაპზე ყველა გუნდი ერთ დონეზე არის მომზადებული, სადაც არ უნდა გაიაროს შეკრება მაინც, სამი-ოთხი ტური იქნება დაძაბული. გვქონდა საუბარი ფეხბურთელებთანაც, რომ მაქსიმალურად სერიოზულად მოვეკიდოთ პირველ სამ ტურს. გუნდი მეტ-ნაკლებად უკვე შეთამაშებული არის და რა და როგორ იქნება, ამას უკვე თამაშები დაგვანახებს.
-და ბოლოს... ბათუმის "დინამოს" მთავარი მიზანი მეორე წრეში...
-გუნდი არის მე-4 ადგილზე. ჩვენი მიზანია, რომ ბათუმის "დინამო" გახდეს მყარი გუნდი და ჩამოყალიბდეს მყარ გუნდად. აქედან გამომდინარე, არ გვინდა რომ ერთჯერადი კლუბი გვყავდეს. გვინდა, რომ ყველა თამაში მით უფრო ხარისხიანი იყოს. ბათუმის "დინამო" იბრძოლებს ევროპის ტურნირებისთვისაც. მე ვთვლი, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ მიზანს, რაც ჩაფიქრებულია. გვაქვს მოტივაცია და არ ვაპირებთ გაჩერებას, მთავარია შევინარჩუნოთ სტაბილურობა და თამაშის ხარისხი.
მოამზადა მარიამ ბატიაშვილმა, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.