გიორგი ჭანტურია: "ჩემამდე არ დადის, რა უნდოდათ იმ ფანებს, რომლებიც მოედანზე შემოვარდნენ"

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჭანტურიამ TVS-ის გადაცემაში "მთავარი თემა" თავისი აზრი გამოხატა გერმანიასთან მატჩის დროს მინდორზე შევარდნილი ფანების თემაზე.
გიორგი ჭანტურია: "საერთოდ არ მინდა იმ ადამიანზე საუბარი. ვერ ვხვდები, რა უნდა ვთქვა. გასაგებია, რომ ის მისი საყვარელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როდესაც შენი ქვეყნის პატრიოტი არ ხარ, შენს ქვეყანას არ უდგახარ გვერდით და ასეთ რაღაცას აკეთებ თამაშამდე 1 დღით ადრე, რომელ ქვეყნის სიყვარულზეა ლაპარაკი, ჩემამდე არ დადის...
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მატჩის დღეს შემოიჭრნენ მინდორზე, გასაგებია, ქართველი გულშემატკივრები არიან, მსოფლიო ჩემპიონს ვეთამაშებოდით, მაგრამ ჩემი აზრით ეს არაფერში არ წერია. ძალიან დიდი შანსია, სახლში შოტლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე ვითამაშოთ. გარდა ამისა, ფედერაციას დაეკისრება დიდი ფულადი ჯარიმა. დამიჯერეთ, ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია, როცა ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშობ, მით უმეტეს, საქართველოში, როცა ნაკრების ფორმით გამოდიხარ.
უბრალოდ, ვთხოვ გულშემატკივრებს, გვერდში დაგვიდგნენ ტრიბუნიდან. მართლა არ არის საჭირო ასეთი რაღაცები. გასაგებია, შეიძლება ერთი ფანი მეორე ტაიმში შემოვარდა, მაგრამ კიდე 5 რატომ უნდა შემოვარდნილიყო? რას აკეთებენ ამით, უბრალოდ ჩემამდე არ დადის. რამდენჯერმე ამის გამო თამაში გაჩერდა - ეს არ არის ლამაზი!
ბოლოს, გიორგი ჭანტურიამ იმ პრობლემაზეც გააკეთა კომენტარი, რის გამოც ეს ქაოსი შეიქმნა. ქართველი ფეხბურთელის აზრით, ამ გაუგებრობაში დამნაშავეები სტიუარდები არიან: "ინგლისის პრემიერ ლიგაში სტიუარდები უყურებენ გულშემატკივრებს, აქ კი ესენი თამაშს უყურებდნენ..."
თუმცა, როგორც ფოტოსურათებზე ხედავთ, გიორგი ჭანტურია ძალიან კარგად შეხვდა მინდორზე შეჭრილ ფანს და მეტიც, გიორგიმ მიაცილა გულშემატკივარი კიდის ხაზამდე, რათა სტადიონის დაცვას არ "ეძალადა".
