მატჩის წინ: ცხინვალი - გურია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატჩის წინ: ცხინვალი - გურია



ხვალ კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება. ცხინვალის "ცხინვალი" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს, შეხვედრა "მიხეილ მესხის სახელობის" სათადარიგო მოედანზე ჩატარდება და 16:00 საათზე დაიწყება. ეს გუნდები ერთმანეთის კონკურენტები არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ხვალინდელ შეხვედრაში დიდ ბრძოლას უნდა ველოდოთ და, წესით, "მიხეილ მესხის სახელობის" სტადიონზე კარგი თამაში უნდა შედგეს. ცხინვალი "ცხინვალმა" სეზონის დიდი ნაწილი შესანიშნავ ფორმაში გაატარა და შედეგიც მიიღო - გარდა იმისა, რომ კლუბი ევროსაგზურის მოპოვებას ჩემპიონატიდან ცდილობს, კახა კაჭარავას გუნდი საქართველოს თასის ნახევარფინალშიცაა გასული და ამ მხრივაც ეცდება ევროსარბიელზე გასვლას. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ცხინვალელმა ფეხბურთელებმა ბოლო 5 მატჩი წააგეს და ახლა მობილიზება მართებთ, რათა უახლოეს კონკურენტს მოუგონ, "ცხინვალმა" ბოლოს "სამტრედია" დაამარცხა (2-1), ეს კი თითქმის ერთი თვის წინ მოხდა. ამ სეზონში "ცხინვალი" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს - ეს სეზონი გუნდის ისტორიაში საუკეთესოა. კახა კაჭარავამ კარგი კოლექტივი შეკრა, სადაც ნიჭიერი ახალგაზრდები თამაშობენ. გუნდმა ზამთრის პაუზის დროს რამდენიმე შენაძენი განახორციელა, ყველაზე მეტად გამოსარჩევი კი, გაგრის "გაგრადან" რატი ცაცკრიალაშვილის დამატებაა, რომელიც უმალვე იქცა გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ და გუნდის რიგებში 3 გოლის გატანა მოახერხა. ამ გუნდზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ თითოეული ფეხბურთელის დახასიათება შორს წაგვიყვანს, ერთი კი ფაქტია - ამ ფორმაციის "ცხინვალს" თავისუფლად შეუძლია რამდენიმე წელში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს საქართველოს ჩემპიონატში. ხვალინდელ შეხვედრაში გუნდს ბაჩანა არაბული, ლევან ჭაფოძე და გიორგი ფანცულაია ვერ დაეხმარებიან. გურია ლანჩხუთის "გურიამ" მეორე წრეში საგრძნობლად მოუმატა და გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია. თეიმურაზ ლორიას გუნდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდი შევსება მიიღო და ახლა გუნდს 32 ქულით მე-7 ადგილი უკავია. "გურიას" ახალწვეულთაგან აღსანიშნავია თორნიკე მოსიაშვილის თამაში, რომელიც გუნდმა "ჭიათურადან" გადაიბირა, თორნიკემ კი, გუნდთან ადაპტაცია სწრაფად გაიარა და, დღესდღეობით, "გურიას" ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. გუნდში 5 ლეგიონერი ირიცება, მაგრამ მხოლოდ ერთმა მათგანმა მოახერხა, ჯერჯერობით, თავის გამოჩენა - შოთა გაბრიჭიძემ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, "ჩიხურასთან" 2-2 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა შეძლო. "გურიას" "ცხინვალთან" შეხვედრაში 26 წლის უკრაინელი მცველი, დიმიტრი ბელოვი დააკლდება, გუნდი ხვალინდელ შეხვედრაში, ასევე, მოისაკლისებს ლევან ინგოროყვას, ალექსანდრე რეხვიაშვილსა და იური შევალს. სავარაუდო შემადგენლობები: ცხინვალი: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, ბაჩიაშვილი, ნ.ჯიშკარიანი, მახარობლიძე, ცაცკრიალაშვილი, თარხნიშვილი, კაჭარავა, შინდაგორიძე, ლექვთაძე გურია: თებიძე, ბენაშვილი, ცინცაძე, მჭედლიშვილი, მოსიაშვილი, კოშკაძე, წილოსანი, შ.გაბრიჭიძე, შალამბერიძე, გიგა ჭეიშვილი, კილაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები