ავტორიზაცია

ვარლამ კილასონია: ჩვენი ბავშვური შეცდომა რომ არა, სულ სხვა ანგარიში დაფიქსირდებოდა ტაბლოზე

ვარლამ კილასონია: ჩვენი ბავშვური შეცდომა რომ არა, სულ სხვა ანგარიში დაფიქსირდებოდა ტაბლოზე
თარიღი 10 Jul 2015, 14:04
გუშინ, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა. ცხინვალის "ცხინვალი" რუმინულ "ბოტოშანთან" 1:3 დამარცხდა. მატჩის მეორე ნახევარში "ცხინვალმა" ერთადერთი გოლის გატანა შესძლო. დანიშნული პენალტი ვარლამ კილასონიამ ზუსტად შეასრულა, თუმცა, მატჩი "ბოტოშანის" გამარჯვებით დასრულდა. თამაშის შემდეგ ვარლამ კილასონიას დავუკავშირდით, რომელმაც GOAL.GE-სთან მატჩის შესახებ ისაუბრა. -პირველის მსგავსად, როგორც ველოდით, რთული მატჩი გამოვიდა. თამაში ძალიან ცუდად დაიწყო. პირველივე წუთებში დასანანი გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. ამას მოჰყვა ჩვენი ფეხბურთელის გაძევება. ჩვენ მაინც ვცდილობდით, გვეთამაშა, რომ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი გაგვეხარებინა. მეორე ტაიმიც ცუდად დავიწყეთ, კვლავ გოლი გაგვიტანეს, თუმცა, ამის შემდეგაც ვცდილობდით თამაშის შემოტრიალებას, გვინდოდა, ღირსეულად ჩაგვეტარებინა მატჩი, მაგრამ "ბოტოშანი" ჩვენზე ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამში დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე. -ჩვენ მოვისმინეთ მწვრთნელის შეფასება და მიზეზები, თუ რამ გამოიწვია "ცხინვალის" მარცხი. შენი აზრით, რა იყო გუშინდელი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი? -მთლიანობაში, ჩემი აზრით, წაგების მთავარი მიზეზი გამოუცდელობა იყო. რუმინელები ტაქტიკურად ყველაფერს ზუსტად ასრულებდნენ. თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა, რა დროს სად უნდა ყოფილიყო. ისინი არ არღვევდნენ სათამაშო დისციპლინას, სისწრაფეშიც გვაჯობეს. ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო ჩვენი მარცხის მიზეზი. -პირველი მატჩიდან გამომდინარე, რამდენად გქონდათ ამ ბარიერის დაძლევის იმედი? -პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ბავშვური შეცდომა რომ არა, როდესაც პირველივე წუთებზე გოლი გაგვიტანეს, სულ სხვა ანგარიში დაფიქსირდებოდა ტაბლოზე. -და ახლა, როგორი იქნება "ცხინვალის" ხვალინდელი დღე? -მე გუნდთან ერთად ვიქნები მომავალ სეზონშიც. ვეცდებით, მაქსიმალურად კარგად მომზადებულები შევხვდეთ ჩემპიონატის დაწყებას. მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა, რომ კვლავ ვითამაშოთ ევროთასებზე. მარიამ ბატიაშვილი, GOAL.GE