ავტორიზაცია

4-4 — სიგიჟე მონჟუიკზე

4-4 — სიგიჟე მონჟუიკზე
თარიღი 26 Feb 2025, 03:12
დღეს, მონჟუიკზე, ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის კოპა დელ რეის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ნამდვილად გიჟური გამოდგა და 4-4 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ იყო მომენტები, როცა ორივე გუნდი 2-ბურთიანი სხვაობით იგებდა.

ხულიან ალვარესმა
პირველივე წუთზე გაიტანა, მალევე კი ანტუან გრიზმანმა (6') "როხიბლანკოს" უპირატესობა ორამდე გაზარდა. პედრისა (19') და პაუ კუბარსის (21') გოლებით "ბლაუგრანამ" ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ინიგო მარტინესმა (41') ბარსა საერთოდ წინ გაიყვანა.


მეორე ნახევარი შედარებით მშვიდად დაიწყო, მაგრამ უდრამატულესი დასასრული ჰქონდა. 74-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ტაბლოზე 4-2 აანთო და ბარსელონას მოგება თითქოს გაუნაღდა, თუმცა ყველაფერი აქ არ დამთავრებულა. 84-ე წუთზე მარკოს ლიორენტემ 1 ბურთი გაქვითა, 93-ე წუთზე კი ალექსანდრ სორლოტმაც შეაგდო და წონასწორობა აღადგინა — 4-4.



ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 2 აპრილს, მეტროპოლიტანოზე შედგება, გამარჯვებული კი ფინალის საგზურს მიიღებს. შეხვედრა სტარტს 23:30 საათზე აიღებს.

მეორე ფინალისტი რეალ სოსიედადსა და რეალ მადრიდს შორის გაირკვევა. ისინი პირველ მატჩს 27 თებერვალს გამართავენ, განმეორებითს კი - 1 აპრილს.