ავტორიზაცია

ევროპის ჩემპიონატის ისტორიიდან: "რომანტიკული ფეხბურთი"

ევროპის ჩემპიონატის ისტორიიდან: "რომანტიკული ფეხბურთი"
თარიღი 02 Jun 2016, 22:51
მოგესალმებით, “Goal.ge” იწყებს საინტერესო და დასამახსოვრებელი ისტორიების გახსენებას ევროპის ჩემპიონატებიდან. ევრო 2016-ს დაწყებამდე უკვე ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, ამიტომ ეს დრო მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. გამომდინარე იქიდან, რომ მოახლოვებული ევრო პირველობა გაიმართება საფრანგეთში, დღეს ვისაუბრებთ სწორედ საფრანგეთის პირველ დიდ წარმატებაზე, რომელიც გამოდგა დაუვიწყარი და მასზე დღემდე ძალიან ბევრს საუბრობენ. მაშ ასე, ჩვენი პირველი სტატია 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორ გუნდს ეძღვნება.

1984 წელს ევროპის ჩემპიონატი დაუბრუნდა საფრანგეთს - ქვეყანას, სადაც დაიბადა ტურნირის დამფუძნებელი ანრი დელანი. ისტორიაში პირველი ევრო, 1960 წელს ასევე საფრანგეთში გაიმართა და მაშინ მასპინძლებმა ყველას გაუცრუეს იმედები, მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იყო. დიდებული საფრანგეთის ნაკრებისგან, რომელსაც უნიკალური მიშელ იდალგო ხელმძღვანელობდა, ყველა მხოლოდ ერთ რამეს ელოდა და ეს იყო გამარჯვება.

იმ დროისთვის საფრანგეთში საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო, ქვეყანაში უმუშევრობის დონე ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო, ქვეყნის მთავრობა სერიოზული ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და ხალხს სჭირდებოდა ახალი სტიმული. „პოლიტიკური თვალსაზრისით საფრანგეთმა არასწორად გადაუხვია, მაგრამ ხალხი ამის გამო არ ნანობდა. ყველას მიაჩნდა, რომ ეს ტურნირი აამაღლებდა ფრანგების განწყობას. ჩვენ ხომ არაფერი სერიოზული არ გვქონდა მოგებული. საფრანგეთმა დაიკავა მესამე ადგილი 1958 წლისა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე, ეს იყო და ეს. ფრანგებისთვის ფეხბურთი მხოლოდ მაღალი კლასის სამუშაო იყო და არა კულტურა, რომლითაც იამაყებდა რომელიმე ინტელექტუალური ელიტა. იყო შეგრძნება, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო, ახალი იმპულსი აუცილებელი იყო“, - იხსნენებს ფრანგი ჟურნალისტი, ვინსენ დულიუკი.

მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა, ბილეთების 90% გაიყიდა და ამან გააჩინა ახალი იმედი. როგორც ჩანს, ფრანგები მზად იყვნენ, რომ ფეხბურთი გაეთავისებინათ. „როდესაც შენს უკან ფრანგი ერია, რომელიც სავსეა ენთუზიაზმითა და ნდობით, რა თქმა უნდა, გრძნობ პასუხისმგებლობას. კარგად გვესმოდა, რომ ფრანგი ხალხი ძალიან მომთხოვნია, ამიტომ ზუსტად გვქონდა გააზრებული თუ რას ელოდნენ ჩვენგან“, - აცხადებს ლეგენდარული ალან ჟირესი. ფრანგებმა 1982 წლის მუნდიალზე ყველას დაანახეს საკუთარი სიძლიერე, მაგრამ ნახევარფინალში დამარცხდნენ დასავლეთ გერმანიასთან სკანდალურ დაპირისპირებაში. თუმცა, ამ მარცხმა გუნდს დამატებითი მოტივაცია შემატა მშობლიური ევროს წინ. მიშელ იდალგოს საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და იდეალურად მოამზადა კოლექტივი. საფრანგეთის ნაკრების მთავარი ძალა ნახევარდაცვის ხაზი იყო, სადაც დიდებული ოთხეული მოქმედებდა: ლუის ერნანდესი-ჟან ტიგანა-ალან ჟირესი და მიშელ პლატინი. ათიანის პოზიციაზე იდგა პლატინი, ხოლო ექვსიანის - ერნანდესი, რომელმაც ჟენგინი ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან.

„ლურჯების“ ლიდერი მინდორზე კაპიტანი მიშელი იყო, მაგრამ ზოგადად - იდალგო, გენიალური ფრანგი სპეციალისტი, რომელიც ყველას უყვარდა. „ტურნირის წინ მან პირველივე შეხვედრაზე გვითხრა, რომ ვართ ისეთივე ძლიერები, როგორც სხვები, უბრალოდ უნდა გვჯეროდეს. მან შეცვალა ხალხის მოსაზრება და გვითხრა, რომ გამარჯვებისათვის არ უნდა ვითამაშოთ, როგორც ინგლისელებმა ან ესპანელებმა, უნდა ვითამაშოთ, როგორც ფრანგებმა! ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებით. ის პირველ რიგში ადამიანი იყო და იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. არასოდეს ყვიროდა, ზუსტად არჩევდა სიტყვებს და ყოველ მოთამაშეს ინდივიდუალურად უდგებოდა. სწორედ პერსონალური მიდგომა იყო მისთვის წარმატების საიდუმლო“, - აქებს ყოფილ დამრიგელებს ჟირესი. აღსანიშნავია, რომ თავად იდალგოს მოსაზრება საკმაოდ საინტერესო და განსხვავებულია: „არ მჯერა განსხვავებული საფეხბურთო სისტემების. 4-4-2 ან 4-3-3 სქემებზე მეტად მაინტერესდებდა ფეხბურთელები, რომელთაც ძალიან დიდი ხანი ვიცნობდი. ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელის ასისტენტობისას და როდესაც მისი ადგილი დავიკავე ჩემი გუნდი იმ ცოდნის წყალობით ჩამოვაყალიბე, რომელიც მივიღე წინა წლებში“. იდალგოს ფილოსოფიას და მიდგომას ეთანხმება ლეგენდარული მიშელ პლატინიც: „მას მტკიცედ სწამდა, რომ ფეხბურთში მთავარი პასი და მოძრაობაა. მას უფრო სჯეროდა მოთამაშეების, ვიდრე საკუთარი იდეების, რასაც სავსებით ვეთანხმები. იდალგო გუნდში ტექნიკურ და გუნდურ მოთამაშეებს იწვევდა“.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიიდან: "რომანტიკული ფეხბურთი"


ტურნირის მასპინძელი პირველ ჯგუგფში დანიის, იუგოსლავიისა და ბელგიის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა. გახსნის მატჩი გაიმართა პარიზში, პარკ დე ფრენსზე, სადაც „ლურჯების“ მოწინააღმდეგე ზეპ პიონტეკის დიდებული დანიის ნაკრები იყო, რომელიც გასულ წელს ევროპის საუკეთესო გუნდად დაასახელეს. დანიელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავდათ, რომლის ლიდერი ალან სიმონსენი იყო - ერთადერთი დანიელი მოთამაშე, რომელსაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული. მან ეს 1977 წელს მოახერხა. დანიის ნაკრების ძლიერებაზე ისიც მეტყველებს, რომ მათ საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისის ნაკრები დაამარცხეს უემბლიზე. ფრანგებს ეტყობოდათ ნერვიულობა, გრძნობდნენ სერიოზულ ზეწოლას და ცოტათი გაუმართლათ კიდეც. დანიელებმა ბევრი მომენტი გააფუჭეს, ხოლო ერთადერთი ბურთი პლატინიმ შეაგდო ბოლოსკენ. მიშელს გოლის ეპიზოდში აშკარად გაუმართლა. ფრანგებმა ამოისუნთქეს და კარგად მოემზადნენ მომდევნო შეხვედრისთვის, ბელგიის წინააღმდეგ. ნანტში იდალგოს გუნდმა ნამდვილი სპექტაკლი დადგა და 5:0 გაანადგურა მეტოქე. პლატინიმ ჰეთ-რიქი გაიფორმა და აგრეთვე გააკეთა ორი საგოლე გადაცემა. ფრანგების თითოეული გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა და ეს ნამდვილად იყო იდეალური, საჩემპიონო თამაში მათი შესრულებით. საფრანგეთმა გაინაღდა ფლეი-ოფის საგზური და ბოლო ტურის შეხვედრამ იუგოსლავიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პლატინის დიდებულ ფორმას. პირველი ტაიმი იუგოსლავიელებმა მოიგეს სენტ-ეტიენში, მაგრამ შემდეგ საქმეში ჩაერთო კაპიტანი. პლატინიმ ჯერ მარცხენა ფეხით, შემდეგ თავურით და ბოლოს მარჯვენათი შეაგდო ლამაზი ჯარიმა და მესამე მატჩიც მოაგებინა საკუთარ გუნდს. „ეს იყო განსაკუთრებული მატჩი ჩემთვის. „სტ.ეტიენი“ ჩემი ბოლო ფრანგული კლუბი იყო, საიდანაც ორი წლით ადრე წამოვედი. ტრიბუნები გადაჭედილი იყო და მინდოდა, რომ უბრალოდ სიამოვნება მიმეღო“, - იხსენებს პლატინი.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიიდან: "რომანტიკული ფეხბურთი"


მეორე ადგილი ჯგუფში დანიის ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც იუგოსლავია გაანადგურა და ბოლო ტურში ბელგიას მოუგო დრამატულად. მეორე ჯგუფიდან კი ესპანეთი და პორტუგალია გავიდნენ. „ფურია როხამ“ სასწაულებრივ ჩატოვა ჯგუფში დასავლეთ გერმანიის ეროვნული გუნდი. ნახევარფინალური წყვილები ასეთი იყო: საფრანგეთი-პორტუგალია და ესპანეთი-დანია. პირველი ნახევარფინალი მასპინძლებსა და პორტუგალიელებს შორის გაიმართა. ეს თამაში უდავოდ საუკეთესო იყო 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე და შესაძლოა ისტორიაშიც კი.

ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა მარსელში, ველოდრომის დიდებულ არენაზე, სადაც ყოველთვის არანორმალური ატმოსფერო იქმნებოდა. მიუხედავად ზეწოლისა, საფრანგეთმა კარგად დაიწყო და პირველი ტაიმის შუაში პლატინიზე წესების დარღვევის გამო დაინიშნა საჯარიმო დარტყმა. ყველა ელოდა, რომ სტანდარტს შეასრულებდა პლატინი, მათ შორის პორტუგალიელთა მეკარეც, ბენტო, მაგრამ დარტყმა მემარცხენე ჟან-ფრანსის დომერგიმ განახორციელა და ბენტო არც კი განძრეულა - 1:0! თუმცა, პორტუგალიის ნაკრები არ გატყდა. „სელესაოს“ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა. ისინი ტურნირის დებიუტანტები იყვნენ, მაგრამ თაობა საოცარი გახლდათ: ჟოაო პინტო, ფერნანდო ჩალანა, დიამანტინიო, ხაიმე პაჩეკო, რუი ჟორდაო. მეორე ტაიმში სწორედ ტანმაღალმა ფორვარდმა, ჟორდაომ შეაგდო თავით და თამაში დამატებით დროში გადავიდა. პირველ დამატებით ტაიმში პორტუგალიელებმა შეაგდოს გოლი. ჟარდაოს დარტყმის შემდეგ ბურთი მიწიდან ჩაეშვა კარში ლამაზად და ფრანგებმა სერიოზული დარტყმა მიიღეს.

„სულიერად არ გავტყდით, რადგან ვჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და ვიცოდით, რომ უნდა გვეცადა, გვეცადა და გვეცადა“, - ამბობს ალან ჟირესი. მასპინძელთა მარცხენა მცველმა, დომერგიმ კვლავ გამოიჩინა თავი და აღადგინა წონასწორობა, ფრანგებს კი პენალტების სერია ძალიან არ უნდოდათ. „საფეხბურთო ლატარეამდე“ სულ რაღაც ერთი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ჩალანამ დაკარგა ბურთი, ის ჟან ტიგანას მიუვიდა ცენტრში და სწრაფმა გამთამაშებელმა იდეალური სოლორეიდი განახორციელა, მოატყუა მეტოქის სამი მცველი, დაუგორა მიშელ პლატინის, რომელმაც ძლიერი დარტყმით მოახერხა მორიგი გამარჯვების მოტანა თავისი გუნდისათვის - 3:2! ეს დიდებული თამაში იყო, სადაც გამოჩნდა ფრანგების რეალური ძალა. „თამაში პორტუგალიას უნდა მოეგო, მაგრამ ამ თამაშში ჩვენი გუნდის ძალა, სოლიდარობა გამოჩნდა. ყველა დარწმუნდა, რომ საფრანგეთის ნაკრები უბრალოდ არ დამარცხდებოდა“, - იხსენებს ლუის ფერნანდესი.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიიდან: "რომანტიკული ფეხბურთი"


საფრანგეთის ნაკრებმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა ნახევარფინალში და 90 წუთში უნდა დაესრულებინა ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, იდალგოს შეგირდებამ ბევრი მომენტი გააფუჭეს. „ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ფეხურთი კი ამის გამო ხშირად გსჯის და სწორედ ეს შემთხვევა იყო პორტუგალიასთანაც“, - გაიხსენა მიშელ პლატინიმ, რომელსაც იმ საღამოს ძალიან უჭირდა, მაგრამ საფრანგეთი არ ყოფილა მხოლოდ პლატინი. იმ უნიკალურ გუნდს კიდევ ჟირესი და ტიგანა ჰყავდა. ცენტრში ამ ორი მოთამაშის როლი ძალიან დიდი იყო. ჟირესი უფრო ჰაეროვანი, ტექნიკური და შემოქმედი მოთამაშე იყო, ტიგანა კიდევ უფრო მრავალფეროვანი, რომელსაც იდეალურად შეეძლო შავი სამუშაოს შესრულება, შემდეგ კი შეტევაში წასვლა. ლუის ფერნანდესი კი ნამდვილი ოსტატი იყო მცველების წინ, იდალგოს ნახევარდაცვის ხაზი არანორმალურად კარგად ჰქონდა ორგანიზებული. სწორედ ეს იყო „რომანტიკული ფეხბურთის“ მთავარი საიდუმლოც. ამ საოცარი მოთამაშეების ულამაზესმა კომბინაციებმა მთელი ევროპა მოხიბლა, წინ კი ფინალი იყო...

მეორე ნახევარფინალი სრულიად თანაბარი და დაძაბული გამოდგა, ამავდროულად საკმაოდ ემოციური. ესპანელებმა და დანიელებმა ძირითად და დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოარკვიეს - 1:1 და საქმე მაინც მივიდა პენალტების სერიამდე. პირველი რვა პენალტი ზუსტად შესრულდა და ანგარიში 4:4 იყო, როდესაც ბურთთან მივიდა ელკიაერი. მან დიდებული ევრო ჩაატარა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა, მთელი ესპანეთი ელოდა მანუელ სარაბიას პენალტს. ბილბაოს „ატლეტიკის“ ნახევარმცველმა თერთმეტმეტრიანი იდეალურად შეასრულა და ფინალში მიგელ მუნიოსის „ფურია როხა“ გავიდა.

ფინალი 27 ივნისს, პარიზში უნდა გამართულიყო, ორი დიდებული გუნდის წინააღმდეგ. ზეწოლა ორივეზე საკმაოდ დიდი იყო, რადგან ესპანელებიც და ფრანგებიც ელოდნენ საკუთარი ეროვნული გუნდის გამარჯვებას. „ფინალის წინ ერთი რამ მახსოვს: მიშელ იდალგომ ფურცელზე დიდი მთა დახატა და ქვევით მიაწერა: „თუ მთის მწვერვალზე ხარ, გააგრძელე მისი დაპყრობა“. მე კი მივიდე და იქვე მივაწერე: „იესო ქრისტე“. იდალგო გაბრაზდა როდესაც ეს ნახა, მაგრამ დამიშვიდდა, როცა გაიგო რომ მე მივაწერე ეს“, - იხსენებს პლატინი, რომელსაც მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მთავარ მწვრთნელთან. „ძალიან ვნერვიულობდით. ფინალამდე მიმავალ გზაზე, ავტობუსში ყველანი ჩუმად ვიყავით და წარმოდგენაში ფინალში ვმოგზაურობდით. აშკარა იყო, რომ ეს არ იქნებოდა უბრალო, ჩვეულებრივი მორიგი მატჩი“, - აცხადებს ჟირესი. დაძაბულობა ნამდვილად ძალიან მაღალი იყო, მაგრამ იდალგოს გუნდი იდეალურად იყო მომზადებული.

ესპანელებმა ბუნებრივია მთავარი ყურადღება გაამახვილეს მიშელ პლატინიზე, რომელსაც ძალიან კარგად მეთვალყურეობდნენ. ამის შედეგად საფრანგეთმა ბევრი მომენტი ვერ შექმნა და პირველი ნახევარი უკეთ ჩაატარა „ფურია როხამ“. შესვენებაზე გუნდები გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ, ხოლო მიშელ იდალგომ კვლავ იდეალურად განაწყო მოთამაშეები. „მან უბრალოდ გვითხრა, რომ ჯერ არაფერია დასრულებული. უნდა გაგვეგრძელებინა ასე თამაში და შედეგი თავისით მოვიდოდა“, - იხსენებს ჟირესი. იდალგო ყოველთვის სიმშვიდით გამოირჩეოდა და ამჯერადაც ფეხბურთელების იმედი ჰქონდა: „როდესაც გყავს ასეთი საოცარი ფეხბურთელები, ფენომენალური კაპიტანი, რატო მუნდა ისაუბრო ტაქტიკაზე? მათ უბრალოდ სჭირდებოდა თამაში და თავისუფლება“, - ასეთი მიდგომა ჰქონდა იდლაგოს საქმისადმი, რამაც გაამართლა. მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანგებმა ძალიან სახიფათო საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ პლატინიმ ცუდად შეასრულა დარტყმა და ბურთი პირდაპირ ხელებში მიუვიდა ლუის არკონადას, მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა და რაღაც გაურკვეველი მიზეზით ვერ შეიმაგრა ბურთი. ესპანეთი გავარდა წინ, რადგან აუცილებლად გასატანი ჰქონდა, ფრანგები კი თავის მხრივ ცდილობდნენ ბურთის დაჭერას და დროის ცოტათი მოკვლას. თუმცა, მეორე გოლი გასატანი იყო. შეხვედრის 90-ე წუთზე „ლურჯებმა“ იდეალური კონტრშეტევა განახორციელეს. ტიგანამ იდეალური პასით ერთი-ერთზე დატოვა ბრუნო ბელონი და მან ლამაზი დარტყმით ყველაფერი დაასრულა - საფრანგეთი ჩემპიონი გახდა!
ევროპის ჩემპიონატის ისტორიიდან: "რომანტიკული ფეხბურთი"


„ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ტრიბუნაზე რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში უნდა ავსულიყავი. ეს სულ 15 წამი გრძელდება, არადა მთელი ცხოვრება ველოდი ამ მომენტს. სწორედ ამიტომ, ნელა მივდიოდი ტიტულისკენ, 45 წამი ვფიქრობდი თუ როგორი ბედნიერი ვარ, რადგან ამისათვის ვიშრომე მთელი კარიერის განმავლობაში. ეს დაუვიწყარი გრძნობებია“, - აცხადებს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიშელ პლატინი. საფრანგეთის ნაკრების მაშინდელი თაობისთვის ეს მართლაც უკანასკნელი შანსი იყო და მათ მიაღწიეს წარმატებას, მოიპოვეს საოცნებო პირველი დიდი გამარჯვება, რამაც უკვე მომდევნო თაობებს მისცა იმპულსი, მოტივაცია. ლონდონის „არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ლეგენდარული ემანუელ პეტი ამბობდა: „ეს იყო საუკეთესო თაობა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში, რომელსაც წესითა და რიგით, ჩვენამდე უნდა მოეგო მსოფლიო ჩემპიონატი“. მიშელ იდალგოს უნიკალურმა გუნდმა საკუთარი ქომაგების თვალწინ მართლაც გადაწერა ისტორია და აჩვენა დაუვიწყარი ფეხბურთი.

ტიგანა-ფერნანდესი-ჟირესი-პლატინის ოთხეულს „ჯადოსნური კვარტეტი“ უწოდეს. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 84 წლის საფრანგეთს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვა ჰყავდა, სრულყოფილი და მენტალურად ძლიერი. ტიგანა ტექნიკური, სწრაფი ნახევარმცველი იყო, ჟირესი უფრო ჭკვიანი, კარგი მოედნის ხედვითა და პასით, მაგრამ არანაკლები ტექნიკით. ლუის ფერნანდესი ნამდვილი მებრძოლი იყო, ფიზიკურად ძლიერი და ნამდვილი გამარჯვებული. პლატინიში კი ეს ყველაფერი ერთად იყო, სწორედ ამიტომ უწოდეს მას „გამთამაშებლებს შორის გამთამაშებელი“. ჟირესიც და ტიგანაც საკუთარი სათამაშო სტილის გამო ითვლებოდნენ „ათიანებად“, მაგრამ არა იქ, სადაც მიშელ პლატინი იყო. იდალგოს დიდებული გუნდის ამ ასპარეზობას „რომანტიკული ფეხბურთი“ დაარქვეს, რადგან მაყურებელი ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილი დარჩა. ფრანგებმა უდავოდ დაუვიწყარი კვალი დატოვეს ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში.