ავტორიზაცია

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში
თარიღი 18 Jul 2017, 16:18
საფეხბურთო საიტი Goal.Ge გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველების ჩამონათვალს:

10. მატს ჰუმელსი (დორტმუნდიდან - ბაიერნში, 35 მილიონი ევრო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

ყველაზე ძვირადღირებული გერმანელი მცველი. ჰუმელსი მიუნხენური გუნდის აღზრდილი გახლავთ, თუმცა საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს ჩემპიონმა პირველად დორტმუნდის „ბორუსიაში“ გამოამჟღავნა. ის იურგენ კლოპის ფორმაციის „დორტმუნდში“ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა და რეალურად ამ გუნდის წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. ჰუმელსი წლების განმავლობაში „დორტმუნდის“ კაპიტანი იყო, თუმცა ერთ დღესაც მან საკუთარ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. მიუხენელებმა მას კარგი პირობები შესთავაზეს, რაზედაც ჰუმელსს უარის თქმა არ გაუჭირდა. აღსანიშნავია, რომ 35 მილიონი ევრო დაუჯდა ლონდონის „ჩელსისაც“ დავიდ ლუიზის დაბრუნება. ზუსტად ამ თანხის სანაცვლოდ გადავიდა წელს რუდიგერი ლონდონის „ჩელსიში“ და ვიქტორ ლინდელოფი „მანჩესტერ იუნაიტედში“...

9. ერიკ ბაილი (ვილიარეალიდან - მანჩესტერში, 38 მილიონი ევრო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

ბაილის ტრანსფერი აშკარად ასახავს თანამედროვე ფეხბურთის სატრანსფერო პოლიტიკას. როგორც ხედავთ, თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდის ტენდენცია შეინიშნება, რისი ნათელი მაგალითიც ერიკ ბაილის ტრანსფერია. კოტ დ-ივუარელი ცენტრალური დამცველის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ 38 მილიონი ევრო დაუჯდა. პირველსავე სეზონში ერიკ ბაილიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ინგლისის სუპერთასი და უეფას ევროპა ლიგა მოიგო.

8. ხავი მარტინესი (ბილბაოდან - ბაიერნში, 40 მილიონი ევრო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

2012 წელს ბასკი ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის მომავლად მიიჩნეოდა. ხავი მარტინესი უნივერსალურ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც როგორც ცენტრალური მცველის, ისევე საყრდენი და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. ხავი მარტინესი იმ დროს არა ერთი გუნდის ყურადღებას იქცევდა, თუმცა საბოლოოდ ის მიუნხენის „ბაიერნში“ აღმოჩნდა. რამდენად გაამრთლა მან მის სანაცვლოდ გადახდილი 40 მილიონი, ეს უკვე სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ხავი მარტინესი „რეკორდმაისტერში“ სათადარიგო მოთამაშის სტატუსით ასპარეზობს.

7. შკოდრან მუსტაფი (ვალენსიადან - არსენალში, 41 მილიონი ევრო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

გერმანელ-ალბანელი მოთამაშის კარიერაში საინტერესო პერიოდი დგას. მუსტაფის სანაცვლოდ სოლიდური თანხაა გადახდილი, თუმცა გასული სეზონის გათვალისწინებით ის ლონდონის „არსენალში“ ზემოთ დასახელებულ თანხას ნამდვილად ვერ ამართლებს. მიუხედავად ამისა, კონფედერაციის თასზე გამოჩნდა, რომ მუსტაფი კარგ ფორმაშია და ის ახალ სეზონსა ხალი მიზნებით დაიწყებს. მუსტაფის წინ საკმაოდ დიდი დრო აქვს იმისთვის, რომ „მეთოფეთა“ გულშემატკივრები თავის რეალურ შესაძლებლობებში დაარწმუნოს.

6-5. ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსიდან - მილანში, 42 მილიონი ევრო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

ლეონარდო ბონუჩი იმ დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ, რომელიც ამ დროისთვის „მილანში“ მიმდინარეობს. კლუბში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ახლა საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით მიდის მუშაობა, რათა შემდეგი სეზონიდან „როსონერის“ საშინაო არენაზე ევროპული საღამოები დაბრუნდეს. რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა. გუნდს შეუერთდნენ მაღალი დონის მოთამაშეები, რომელთა შორის საუკეთესო ლეონარდო ბონუჩია. იტალიელი დამცველის „მილანში“ გადასვლა ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა უდავოა, რომ ბონუჩის „როსონერიში“ თავის გამოჩენა არ გაუჭირდება, მეტსაც გეტყვით, ის კლუბში ლიდერის ფუნქციას შეითავსებს.

6-5. ტიაგო სილვა (მილანიდან - პსჟ-ში, 42 მილიონი ევრო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

„როსონერის“ 2012 წელს ტიაგო სილვას თაობაზე არაერთი შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ის ყველაზე სარფიან წინადადებას დათანხმდა. ტიაგო სილვას თავის რიგებში ლონდონის „ჩელსი“, მადრიდის „რეალი“ და კატალონიის „ბარსელონა“ ეპატიჟებოდნენ, თუმცა ყველაზე დიდ თანხას იტალიურ კლუბს ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ სთავაზობდა, საბოლოოდ ბრაზილიელი დამცველი სწორედ ამ კლუბში აღმოჩნდა. ახლა ის ფრანგული გუნდის კაპიტანია და პარიზელთა რიგების დატოვებას არ აპირებს. მან „პსჟ“-სთან ერთად საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო, ასე რომ, მის ტრანსფერს შესაძლოა წარმატებულიც დავარქვათ.

4. ნიკოლას ოტამენდი (ვალენსიადან - მანჩესტერ სიტიში, 44,6 მილიონი ევრო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

„ქალაქელებმა“ ოტამენდის შეძენით ძალიან საინტერესო ტრანსფერი განახორციელეს. არგენტინელი მცველი პრიმერა დივიზიონში ბრწყინვალედ ასპარეზობდა და ის ერთ-ერთ საუკეთესო დამცველადაც მიიჩნეოდა, თუმცა პრემიერ ლიგაში დამკვიდრება ცოტა გაუჭირდა. პირველსავე სეზონში გამოჩნდა მისი არასტაბილურობა. ოტამენდიმ საკმაოდ ბევრი მატჩი ჩააგდო, თუმცა საბოლოო ჯამში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვია. შემდეგ სეზონში, არგენტინელი მცველი გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებს და პრემიერ ლიგაში ადაპტაციის პროცესს საბოლოოდ დაასრულებს.

3. რიო ფერდინანდი (ლიდსიდან - იუნაიტედში, 46 მილიონი ევრო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

2002 წელს სერ ალექს ფერგიუსონმა იმ დროისთვის ძალიან სოლიდური თანხის სანაცვლოდ შეიძინა ნიჭიერი და დიდი პოტენციალის მქონე მცველი, რიო ფერდინანდი. ამ ფაქტს პრესაში, რა თქმა უნდა, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საფეხბურთო ექსპერტთა დიდი ნაწილი ფერდინანდის ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. რიოს ტრანსფერმა აშკარად გაამართლა და ის მალე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. ფერდინანდმა გარკვეული დროის განმავლობაში „ეშმაკებს“ უკაპიტნა და კლუბის წარმატებების მიღწევაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

2. დავიდ ლუიზი (ჩელსიდან - პსჟ-ში, 49,5 მილიონი ევრო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

საინტერესო ბიზნეს სვლა ლონდონის „ჩელსისგან“. 2014 წელს გუნდმა ბრაზილიელი მცველი ყველასთვის მოულოდნელად გაუშვა, თუმცა 2 წლის შემდეგ კვლავ დაიბრუნა. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ლონდონელებმა ამ საინტერესო გაცვლით 15 მილიონიანი მოგება ნახეს. ბრაზილიელ მცველს ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ ცუდი მატჩები ნამდვილად არ ჰქონია, თუმცა როგორც ჩანს, მას ხელმძღვანელობასთან ჰქონდა უთანხმოება, რამაც საბოლოოდ მისი „ჩელსიში“ დაბრუნება განაპირობა.

1. ჯონ სტოუნსი (ევერტონიდან - სიტიში, 55,6 მილიონი ევრო)

10 ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი მსოფლიოში

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველი ახალგაზრდა ინგლისელი ბიჭუნა - ჯონ სტოუნსია, რომელსაც „მანჩესტერ სიტიში“ თავისი შესაძლებლობების 20%-ით კი არ გამოუმჟღავნებია. ის, რაც გასულ სეზონში სტოუნსმა „სიტისთვის“ გააკეთა, მასში გადახდილი თანხის ნახევარსაც კი არ უდრიდა. სტოუნსი ძალიან არასტაბილურად ასპარეზობდა, თუმცა მას ჯერ წინ აქვს ყველაფერი და შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველებს შორისაც კი დაიმკვიდროს ადგილი.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის.