პირლომ კარიერა დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პირლომ კარიერა დაასრულა


პირლომ კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა იტალიელმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

38 წლის იტალიელს "ნიუ-იორკ სიტისთან" მოქმედი კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს ეწურება და განაცხადა, რომ ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.

"დგება მომენტი და ხვდები, რომ დასრულების დროა. ასეთ ასაკში ყოველდღიურად ისე ვარჯიშს ვერ ახერხებ, როგორც საჭირო, ვინაიდან ყოველდღე გარკვეული ფიზიკური პრობლემები გექმნება.

უკვე ზედმეტად ბევრი ვითამაშე. საქმე იმაში არაა, რომ თამაში აღარ შემიძლია, უბრალოდ რაღაც ახალით მინდა დავკავდე. 38 წლის ასაკში სწორი იქნება თუ ადგილს ახალგაზრდებს დავუთმობ", - განმარტა ანდრეამ.

ანდრეა პირლოს პროფესიონალური დებიუტი 1996 წელს შედგა, როდესაც "ბრეშიას" ღირსებას იცავდა. 2 წელიწადში იგი მილანის "ინტერში" გადაბარგდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და 2001 წელს "მილანს" შეუერთდა.

"როსონერიში" პირლომ 10 წელი გაატარა, 401 მატჩში 41 გოლი გაიტანა, მოიგო ორი ჩემპიონთა ლიგა და ორი სკუდეტოც. 2011 წელს პირლო "იუვენტუსში" გადავიდა და ტურინული გრანდის მაისურით დიდებული 4 სეზონი ჩაატარა.

ტურინში ანდრეამ კიდევ 7 ტიტული მოიგო, მათ შორის 4 სკუდეტო და 2015 წლიდან ამერიკული "ნიუ-იორკ სიტის" მოთამაშეა.

იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას კი პირლო 2002-16 წლებში იცავდა. მის ანგარიშზე 116 მატჩი და 13 გატანილი ბურთია. 2006 წელს ანდრეამ მსოფლიო თასიც მოიპოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ანდრეა პირლო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები