შავი მაგიის მიმდევარი, რომელმაც ბუფონს მეკარეობა შეაყვარა - ტომას ნ'კონოს ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შავი მაგიის მიმდევარი, რომელმაც ბუფონს მეკარეობა შეაყვარა - ტომას ნ'კონოს ისტორია


შავი მაგიის მიმდევარი, რომელმაც ბუფონს მეკარეობა შეაყვარა - ტომას ნ'კონოს ისტორია

12 წლის მოზარდი აღტაცებულად უყურებს მსოფლიო ჩემპიონატს. ეს არ არის უბრალოდ პირველი ტურნირი, რომელსაც ის შეგნებულ ასაკში უცქერს, მუნდიალი მის სამშობლოში იმართება-იტალიაში. მისი თანატოლები გიჯდებიან მარადონასა და ბაჯოზე, თუმცა ბუფონს სულ სხვა კუმირი ჰყავს.

ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ ის, ვინც ბევრ გოლს იტანს, ჯიჯიზე კი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმან, ვინც უშლიდა ვარსკვლავებს კარის აღებაში. ეს არ იყო ძენგა, სუბისარეტა ან შილტონი, ბუფონს მეკარეობა კამერუნელმა ტომას ნ'კონომ შეაყვარა.

შავი მაგიის მიმდევარი, რომელმაც ბუფონს მეკარეობა შეაყვარა - ტომას ნ'კონოს ისტორია

ტომასი აფრიკის პატარა სოფელში დაიბადა. მას არაფერი გააჩნდა გახეული ბურთის გარდა, ნ'კონო მთელი დღე სწორედ ამ ნივთს უთმობდა ყურადღებას. მოგვიანებით კამერუნელმა იმდენი შეძლო, რომ ადგილობრივი "ეკლერ დუალას" ყურადღება მიიპყრო, შემდეგ კი დედაქალაქურ "კანონ იაუნდეში" გადავიდა. ამ გუნდთან ერთად ნ'კონომ რამდენიმე ტიტული მოიგო, მათ შორის აფრიკული ჩემპიონთა ლიგა, 1979 წელს კი ტომასი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

1982 წელს კამერუნი პირველად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ნ'კონო იმ გუნდის კაპიტანი იყო. საფეხბურთო წრეებში ბევრი არაფერი იცოდნენ "ლომების" და ზოგადად აფრიკული ნაკრებების შესახებ. კამერუნმა ვერ გაიბრწყინა, მაგრამ ყველა გააოცა. "ლომებმა" ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს, ისიც იტალიისგან. პოლონეთსა და პერუსთან კი უგოლო ფრეს დასჯერდნენ. ნ'კონო უბრალოდ მეფობდა კარებში, კამერუნელი იგერიებდა ყველაფერს, რაც კი მისი მიმართულებით მოფრინავდა.

შავი მაგიის მიმდევარი, რომელმაც ბუფონს მეკარეობა შეაყვარა - ტომას ნ'კონოს ისტორია

მუნდიალის შემდეგ აფრიკელი კიპერით რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა, ყველაზე მონდომებული "ესპანიოლი" აღმოჩნდა. ესე და ამგვარად ევროპაში პირველი შავკანიანი მეკარე სწორედ კატალონიურ გუნდს ჰყავდა. ნ'კონომ "თეთრ-ლურჯებში" 10 წელი გაატარა, ამ დროის განმავლობაში ის კიდევ ერთხელ გახდა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი.



1990 წლის მუნდიალისთვის ტომასი არც კი განიხილებოდა კამერუნის ძირითად მეკარედ, რადგან "ესპანიოლი" იმ დროს სეგუნდაში იყო გავარდნილი. იგეგმებოდა, რომ "ლომების" ნომერ პირველი კარის დარაჯი ჟოსეფ-ანტუან ბელი იქნებოდა, რომელიც იმ მომენტისთვის საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო კიპერად ითვლებოდა. ბელიმ თავად გაიფუჭა საქმე, "France Football"-თან ინტერვიუში კამერუნელმა პირდაპირ გამოლანძღა და დაამცირა თავისი ეროვნული გუნდი:

"კამერუნი უშანსოდაა არგენტინასთან და ზოგადად ყველასთან. წარმოდგენა არ მაქვს რა დავკარგეთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე,"

შავი მაგიის მიმდევარი, რომელმაც ბუფონს მეკარეობა შეაყვარა - ტომას ნ'კონოს ისტორია

ამ სიტყვების შემდეგ ბელის სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს ადგილი, ნ'კონომ კი არგენტინასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გაიგო, რომ ძირითადი მეკარე იქნებოდა და მარადონას დაუპირისპირდებოდა. კამერუნმა სენსაცია მოახდინა, "ლომებმა" დაამარცხეს "ალბისელესტე" და მუნდიალის 1/4 ფინალამდე მიაღწიეს, სადაც მათი გამჩერებელი ლინეკერის, გასკოინისა და რობსონის ინგლისი აღმოჩნდა.

"ის, რასაც ნ'კონო 1990 წლის მუნდიალზე აკეთებდა სრული ფანტასტიკა იყო. სწორედ მან შთამაგონა, რომ გავმხდარიყავი მეკარე," - ჯანლუიჯი ბუფონი. იტალიელს იმდენად უყვარდა კამერუნელი, რომ მან თავის შვილს ტომასი დაარქვა ნ'კონოს საპატივცემულოდ.

შავი მაგიის მიმდევარი, რომელმაც ბუფონს მეკარეობა შეაყვარა - ტომას ნ'კონოს ისტორია

თავად აფრიკელი ამაყობს იმ ფაქტით, რომ მისი დამსახურებით ფეხბურთში ისეთი ეპოქალური მეკარე მოვიდა როგორიც არის ბუფონი.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ესეთი ლეგენდარული სპორტსმენის კუმირი. მისი შვილის შესახებ კი რომ გავიგე, კინაღამ არ ავტირდი სიხარულისგან. 2001 წელს ბუფონი ჩემს გამოსამშვიდობებელ მატჩზე დავპატიჟე, ჯიჯი დაუფიქრებლად ჩამოფრინდა კამერუნში,"

შავი მაგიის მიმდევარი, რომელმაც ბუფონს მეკარეობა შეაყვარა - ტომას ნ'კონოს ისტორია

ყველაზე გამაოგნებელი ისტორია კი ნ'კონოს კარიერის დასრულების შემდეგ შეემთხვა. ის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა. აფრიკის ერთა თასის 1/2 ფინალური მატჩის დროს ტომასი სამართალდამცავებმა დააკავეს, დაადეს ბორკილები და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ოქმში კი ეწერა, რომ კამერუნელი შავი მაგიის გავრცელების მცდელობისთვის დაიჭირეს. ნ'კონომ ცოტა ხანს დაჰყო ციხეში, ის საკმარისი მტკიცებულებების არ ქონის გამო გაათავისუფლეს.

"ჯადოქრობა ფეხბურთის მატჩს ვერ მოიგებს. დიახ, შავი მაგია მართლაც არსებობს, თუმცა კამერუნი ამ ყველაფრის გარეშეც არის კონტინენტის ნომერ პირველი ნაკრები," - აცხადებდა ნ'კონო ამ ამბავის ჩაწყნარების შემდეგ.

შავი მაგიის მიმდევარი, რომელმაც ბუფონს მეკარეობა შეაყვარა - ტომას ნ'კონოს ისტორია

კამერუნელი კიპერი არ ითვლება მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდად. მის სახელს ვერ ამოიკითხავთ იაშინის, ძოფის თუ კანის გვერდით, თუმცა ნ'კონოს დამსახურებით სპორტის ნომერ პირველ სახეობას ეპოქალური და საკულტო მეკარე მოევლინა-ჯანლუიჯი ბუფონი. შესაძლებელია, რომ სწორედ ეს იყო მისი ცხოვრებისეული მისია. თუ არ იქნებოდა კამერუნელი, მაშინ არც ჯიჯი გახდებოდა კარის დარაჯი.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები