ბუნდესლიგა ბრუნდება - ბაიერნი ლევერკუზენში ნავსის გატეხვას ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუნდესლიგა ბრუნდება - ბაიერნი ლევერკუზენში ნავსის გატეხვას ეცდება


ბუნდესლიგა ბრუნდება - ბაიერნი ლევერკუზენში ნავსის გატეხვას ეცდება

დაახლოებით 3 კვირიანი შესვენების შემდეგ გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი ბრუნდება - მეორე წრეს ლევერკუზენის "ბაიერი" და მიუნხენის "ბაიერნი" გახსნიან.


ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XVIII ტური
დაწყების დრო: 23:30 საათი
სტადიონი: "ბაი-არენა", ლევერკუზენი
მთავარი მსაჯი: დანიელ ზიბერტი


ლევერკუზენის "ბაიერმა" ბუნდესლიგის პირველი წრე 12 მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით დაასრულა და ახლა ეცდება, რომ სეზონის მეორე ნახევარიც წარმატებით დაიწყოს. "ფარმაცეპტები" საკმაოდ მხიარულ ფეხბურთს თამაშობენ და შეტევაში ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ, კვინ ფოლანდისა და ლეონ ბეილის თამადობით.

ბუნდესლიგა ბრუნდება - ბაიერნი ლევერკუზენში ნავსის გატეხვას ეცდება

"ბაიერის" მთავარი მწვრთნელი, ჰაიკო ჰერლიხი, გერმანიის თასზე "მ.ბორუსიასთან" (1:0) კურიოზული სიმულაციის გამო 12 ათასი ევროთი დაჯარიმდა, მაგრამ ამან უკვე ჩაიარა.

ლევერკუზენული კლუბი დღევანდელ თამაშს დანაკლისის გარეშე ხვდება და ჰერლიხი უძლიერეს შემადგენლობას შეარჩევს.

მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში კი სანდრო ვაგნერის დებიუტი შედგება. რობერტ ლევანდოვსკი გუნდს მუხლის მცირე დაზიანების გამო აკლია, ამიტომ მის პოზიციას ზამთარში "ჰოფენჰაიმიდან" დაბრუნებული ფორვარდი დაიკავებს.

ბუნდესლიგა ბრუნდება - ბაიერნი ლევერკუზენში ნავსის გატეხვას ეცდება

ლეგენდარული იუპ ჰაინკესი თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება და ეცდება, რომ "ბაიერნს" ლევერკუზენში 2013 წლის შემდეგ პირველად მოაგებინოს.

"რეკორდმაისტერმა" იუპის ხელმძღვანელობით 2017 წელი ფანტასტიკურად დაასრულა - 16-დან 15 გამარჯვება და ახლა "ბაიერნი" 2018 წლის წარმატებით დაწყებას შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენის ბაიერი: ლენო; ჰავერტცი, ტა, სვენ ბენდერი, რეცოსი, ვენდელი; ლარს ბენდერი, არანგისი; ბეილი, ფოლანდი, ბრანდტი.

ბაიერნი: ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ზიულე, ალაბა; მარტინესი, ვიდალი; რობენი, ხამესი, კომანი; ვაგნერი.

საინტერესო ფაქტები

ლევერკუზენის "ბაიერს" მიუნხენის "ბაიერნთან" ბუნდესლიგაში ჩატარებული ბოლო 17 მატჩიდან 9 შეხვედრაში მინიმუმ ქულა აქვს აღებული (3 მოგება, 6 ფრე).

"ბაიერის" თავდამსხმელი კევინ ფოლანდი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო გერმანელი ბომბარდირია - 9 ბურთი.

"ბაიერს" ბუნდესლიგაში ამჟამად ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია (6 მოგება, 6 ფრე) აქვს - 12 მატჩი.

"ბაიერნმა" ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე ლევერკუზენში აქამდე 5-ჯერ დაიწყო და ბოლო სამ შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა.

რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერის" წინააღმდეგ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 13 თამაშში მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი და დღეს ამას ფიზიკურად ვერ მოახერხებს.

იუპ ჰაინკესი თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება, რომელსაც 2009-2011 წლებში წვრთნიდა და 2010/11 წლების სეზონში "ბაიერი" ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი გახადა.

"რეკორდმაისტერს" ლევერკუზენში უკვე 4 წელია არ მოუგია (3 ფრე, 1 წაგება). ბოლოს "ბაიერნმა" "ბაიერი" "ბაი-არენაზე" 2012/13 წლების სეზონში 2:1 დაამარცხა. მაშინ გუნდს რაღა თქმა უნდა, იუპ ჰაინკესი ხელმძღვანელობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები