რეალი - ვილიარეალი: დროა მადრიდელებმა ფორმა აკრიფონ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი - ვილიარეალი: დროა მადრიდელებმა ფორმა აკრიფონ


რეალი - ვილიარეალი: დროა მადრიდელებმა ფორმა აკრიფონ

ესპანეთში სათასო დაპირისპირებების შემდეგ კვლავ ეროვნული ჩემპიონატის დროა - ლა ლიგის მე-19 ტური მიმდინარეობს და დღეს საღამოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტურის მთავარი მატჩი გაიმართება.

"სამეფო კლუბი" საკუთარ მოედანზე "ვილიარეალს" უმასპინძლებს და ხასიათის გამოსწორებას ეცდება.

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XIX ტური
დაწყების დრო: 19:15 საათი
სტადიონი: "სანტიაგო ბერნაბეუ", მადრიდი
მთავარი მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო


მადრიდის "რეალი" ახლა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია - არადამაჯერებელ თამაშსა და არასტაბილურ შედეგებს "ელ კლასიკოში" 0:3 მარცხი მოჰყვა, რამაც ბუნებრივია, გუნდსა და ქომაგებზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა.

რეალი - ვილიარეალი: დროა მადრიდელებმა ფორმა აკრიფონ

"ბარსელონასთან" წაგების შემდეგ "რეალმა" კოპა დელ რეის მერვედფინალური თამაშები ჩაატარა, ხოლო შუაში "სელტას" დაუპირისპირდა და ვიგოში მორიგი ქულები დაკარგა - ამან "ბარსასთან" ჩამორჩენა 16 ქულამდე გაზარდა.

ზინედინ ზიდანის გუნდი სატურნირო ცხრილში შეუფერებელ მე-4 პოზიციაზე იმყოფება და ეცდება, რომ ზედიზედ ორი შედეგიანი ფრის (2:2) შემდეგ საკუთარი გულშემატკივრები კვლავ გაახაროს.

ბოლო პერიოდში "რეალის" თამაშში ერთადერთი პოზიტივი გარეთ ბეილის დაბრუნებაა - უელსელი ჩინებულ ფორმაშია და "სელტას" წინა ტურში ორი მშვენიერი გოლი გაუტანა.

"ვილიარეალი" მიმდინარე სეზონში ცოტათი არასტაბილური გუნდია, რომელიც "რეალის" მსგავსად ცუდ განწყობაზეა, ვინაიდან ესპანეთის თასზე "ლეგანესთან" ორთაბრძოლაში შინ გაშვებული გოლის გამო გამოვარდა.

რეალი - ვილიარეალი: დროა მადრიდელებმა ფორმა აკრიფონ

"წყალქვეშა ნავმა" ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო ორი ურთულესი გასვლითი მატჩი ვიგოსა ("სელტასთან") და ვალენსიაში ("ვალენსიასთან") 1:0 მოიგო, ახლა კი მადრიდში კიდევ უფრო მძიმე მატჩი ელოდება.

ხავიერ კალიეხას გუნდი "ბლანკოსს" მხოოლოდ 4 ქულით ჩამორჩება, ამიტომ ეს თამაში სატურნირო თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

მადრიდის "რეალს" დისკვალიფიკაციის შემდეგ დანი კარვახალი დაუბრუნდება და დაცვის მარჯვენა ფრთაზე დაიკავებს ადგილს. სერხიო რამოსი და კარიმ ბენზემა გუნდს კვლავ ვერ ეხმარებიან.

"ვილიარეალს" დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ერთ-ერთი ლიდერი, მანუ ტრიგეროსი, დაუბრუნდება. სამაგიეროდ, ვიქტორ რუისია დისკვალიფიკაცირებული, რომელმაც წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო. საეჭვოა ნიკოლა სანსონესა და რობერტო სორიანოს თამაში.

რეალი: ნავასი; კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო; ბეილი, რონალდუ.

ვილიარეალი: ასენხო; მარიო, ალვარო გონსალესი, ბონერა, ხაუმე კოსტა; ტრიგეროსი, როდრი, კასტილეხო; ფორნალსი; იუნალი, ბაკა.

საინტერესო ფაქტები

"ელ კლასიკომდე" ზინედინ ზიდანის გუნდს ლა ლიგაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ 6 თამაში ჰქონდა მოგებული, აქედან 5 მშრალად.

"ვილიარეალმა" ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (3 მოგება, 2 ფრე) და ბოლო ორი გასვლა 1:0 მოიგო.

ამ გუნდების ბოლო 14 დაპირისპირებიდან ესპანეთის ჩემპიონატში "ვილიარეალმა" გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთხელ მოახერხა (4 ფრე, 9 წაგება). ეს 2015/16 წლების სეზონში მოხდა, როდესაც "წყალქვეშა ნავმა" შინ 1:0 იმარჯვა.

"სამეფო კლუბს" 21-ე საუკუნეში ესპანეთის ლა ლიგაში "ვილიარეალის" წინააღმდეგ შინ არასოდეს წაუგია (12 მოგება, 5 ფრე).

ამ გუნდებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთმანეთში უგოლო ფრე ბოლოს 2006 წლის აგვისტოში დააფიქსირეს. მას შემდეგ მადრიდში გამართულ 9 შეხვედრაში სულ 34 გოლი გავიდა ანუ მატჩში 3-ზე მეტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები