ჩემპიონატები, ტურნირები და თასები, რომლებიც აღარ არსებობს
თარიღი: იანვარი 26, 2018, 02:08
როგორც ვიცით, გუშინ ერთა ლიგის პირველი კენჭისყრა გაიმართა. ეს არის უეფას ახალი პროექტი, რომელმაც ამხანაგური მატჩები უნდა ჩაანაცვლოს. საინტერესოა გაამართლებს თუ არა ეს ტურნირი? ან საერთოდ რამდენ ხანს გასტანს მისი არსებობა? ახალი ლიგა კარგი საბაბია იმისთვის, რომ გავიხსენოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტურნირები, თასები და ჩემპიონატები წარსულიდან, რომლებიც ახლა აღარ არსებობს.
დიდი ბრიტანეთის საშინაო ჩემპიონატი
უძველესი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი, რომელიც დასაბამს 1884 წლიდან იღებს. მისმა არსებობამ ზუსტად 100 წელი გასტანა. ჩემპიონატის მონაწილეები იყვნენ - ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია (1950 წლამდე ირლანდიაც). ტურნირის გამარჯვებული 1950 და 1954 წლის მუნდიალებზე ავტომატურად ხვდებოდა. 1956 წელს ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა და ჩრდილოეთ ირლანდიამაც თანაბარი ქულები დააგროვეს, რის შედეგადაც გამარჯვებულად ოთხივე ნაკრები გამოცხადდა. ყველაზე მეტჯერ ჩემპიონობა ინგლისმა იზეიმა, "ლომები" 54-ჯერ დაეუფლნენ დიდი ბრიტანეთის თასს. შემდეგ მოდის შოტლანდია 41 ჩემპიონობით, 12-ჯერ იპირველა უელსმა, 8-ჯერ კი ჯორჯ ბესტის სამშობლომ. 1984 წლის 26 მაისს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით ტურნირი გაუქმდა. მიზეზად სახელდებოდა ნაკრებების დატვირთული გრაფიკი, რომლის გამოც კალენდარში აღარ იყო ადგილი დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატის გასამართად.
მიტროპას თასი
ერთ-ერთი პირველი მსხვილი და სერიოზული ევროპული საკლუბო ტურნირი. რაღაც მხრივ მიტროპას თასი ჩემპიონთა თასის წინაპრადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. მისი მონაწილეები იყვნენ ცენტრალური ევროპის საუკეთესო გუნდები. მიტროპას თასი 1927 წელს დაარსდა, მისი დამფუძნებელი იყო ავსტრიის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივანი ჰუგო მაიზლი. იდეა, რომლის მიხედვითაც ბებერი კონტინენტის ყველაზე განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთში საუკეთესოს ვინაობას არკვევდნენ, თავიდან ყველას მოსწონდა, თუმცა 1992 წელს ტურნირმა არსებობა შეწყვიტა. გაუქმების მიზეზად სახელდებოდა სხვა ევროთასები, რომელთა ავტორიტეტი იმ დროს უკვე ბევრად აღემატებოდა მაიზლის ქმნილებას. მიტროპას თასის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უნგრული "ვასასი" იყო 6 ჩემპიონობით. შემდეგ მოდიოდა "ბოლონია" და პრაღის "სპარტა" 3 თასით.
ინტერტოტოს თასი
ტურნირმა 13 წელი იარსება, 1995-დან 2008-მდე. ინტერტოტოს თასის კონცეფცია მოიცავდა ევროპის მესამე ეშელონის გუნდების ბატალიებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგაზე და უეფას თასზე გასვლა. გათამაშებას 3 გამარჯვებული ჰყავდა, 2007 წლის შემდეგ კი 11. ინტერტოტოს თასზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, გუნდები მოგვიანებით უკვე უეფას თასზე აგრძელებდნენ თავის თავგადასავალს. ტურნირი 1962 წელს დაარსდა და თავდაპირველად ის წინა სასეზონო მოსამზადებელ შეჯიბრს უფრო ჰგავდა. მისი დამფუძნებლები ერნსტ ტომი და კარლ რაპანი ფიქრობდნენ, რომ მსგავსი გათამაშება უფრო მეტ შემოსავალს მოუტანდა გუნდებს. რაღაც პერიოდი ინტერტოტოს თასი არაოფიციალურ სახეს ატარებდა, რადგან უეფა მას არ სცნობდა. 1994 წლიდან კი ყველაფერი შეიცვალა, ინტერტოტოს თასი სრულფასოვანი ტურნირი გახდა, რომლის გამარჯვებულები უეფას თასის საგზურს ინაღდებდნენ. გათამაშების ყველაზე წარმატებული გუნდი "შტუტგარტია", გერმანულმა კლუბმა აღნიშნული თასი 3-ჯერ მოიგო.
ბაზრობათა თასი
უეფას თასის წინაპარი, რომელმაც 1955-დან 1971 წლამდე იარსება. არსებობდა წესი, რომლის თანახმადაც, ტურნირზე ერთი ქალაქიდან მხოლოდ ერთი გუნდი დაიშვებოდა. ბაზრობათა თასზე ყველაზე წარმატებულად ესპანური გუნდები ასპარეზობდნენ. "ბარსელონამ" აღნიშნული ტურნირი 3-ჯერ მოიგო, შემდეგ მოდიოდნენ "ვალენსია" და "ლიდსი" 2 ჩემპიონობით. 1971 წელს მოხდა გათამაშების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც ბაზრობათა თასს დაერქვა უეფას თასი. სახელწოდების გარდა, შეიცვალა ფორმატიც.
ბალკანეთის თასი
ტურნირი, რომელიც პირველად 1961 წელს გაიმართა. მისი მონაწილეები იყვნენ - ბულგარეთის, იუგოსლავიის, რუმინეთის საბერძნეთის, თურქეთისა და ალბანეთის წარმომადგენლები. ბალკანეთის თასის ყველაზე წარმატებული გუნდი ბულგარული "ბეროე" იყო 4 ჩემპიონობით, "სლავიამ" და "რაპიდმა" კი 2-ჯერ მოიგეს თასი. 1994 წელს ტურნირმა არსებობა შეწყვიტა.
არტემიო ფრანკის თასი
ტურნირი ნაკრებებს შორის, რომელიც ფიფას პატრონაჟით ტარდებოდა. არტემიო ფრანკის თასი 4-წლიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო მუნდიალის წინ. სახელი ტურნირს უეფას ლეგენდარული მმართველის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც ორგანიზაციას 1972-დან 1983 წლამდე ხელმძღვანელობდა. ჩატარებული იქნა მხოლოდ ორი გათამაშება, 1985 წელს საფრანგეთმა ურუგვაი დაამარცხა, 1993-ში კი არგენტინამ დანია. სრულფასოვან ტურნირად ეს ღონისძიება არ მოიაზრებოდა, რადგან მხოლოდ ერთი მატჩისგან შედგებოდა - ევროპის ჩემპიონი უპირისპირდებოდა კოპა ამერიკის გამარჯვებულს. მოგვიანებით არტემიო ფრანკის თასის კონცეფციით მოფიქრებული იქნა კონფედერაციის თასი, ტურნირი რომელზეც ერთმანეთს უპირისპირდებიან თითოეული კონტინენტის საუკეთესო წარმომადგენლები, მათთან ერთად კი გათამაშებაში მონაწილეობას იღებს მუნდიალის ტრიუმფატორიც.
საკონტინენტთაშორისო თასი
ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კიდევ ერთი დაპირისპირება. დუელი, რომელშიც საუკეთესოს ვინაობას არკვევდნენ ჩემპიონთა თასისა და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულები. საკონტინენტთაშორისო თასმა 1960-დან 2004 წლამდე იარსება, მის დამფუძნებლად უეფას პირველი გენერალური მდივანი ანდრე დელონე მოგვევლინა. სამხრეთ ამერიკელებმა 22-ჯერ აწიეს თასი, ევროპელებმა კი 21-ჯერ. საკონტინენტთაშორისო თასს ერთპიროვნული ლიდერი არ ჰყავს, ყველაზე მეტი, 3 გამარჯვება ერთბაშად ხუთმა გუნდმა მოიპოვა - "მილანმა", "პენიაროლმა", "რეალმა", "ბოკა ხუნიორსმა" და "ნასიონალმა". ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლეგენდარული პელეა, ბრაზილიელმა ჯამში 7 გოლის გატანა მოახერხა. 2005 წელს საკონტინენტთაშორისო თასის ნაცვლად შემოღებული იქნა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
თასების მფლობელთა თასი
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა თასთან ერთად. ამ გათამაშებაში ბებერი კონტინენტის ქვეყნების თასების გამარჯვებულები ხვდებოდნენ. თასების თასი რანგით უეფას თასზე უფრო მაღლა იდგა, მისი მომგები მოგვიანებით უეფას სუპერთასის მატჩს მართავდა ჩემპიონთა თასის ტრიუმფატორის წინააღმდეგ. 1981 წელს თასების თასს თბილისის "დინამო" დაეუფლა, ფინალში დამარცხებული იქნა იენის "კარლ ცაისი". სამწუხაროდ, უეფას სუპერთასის გათამაშებაში ქართულ კლუბს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ოფიციალური ვერსიით, "ლივერპულმა" და "დინამომ" ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა ფინალის გასამართ თარიღთან დაკავშირებით. თასების თასის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი 4 ჩემპიონობით "ბარსელონაა". 1999 წელს ტურნირი გაუქმდა, ქვეყნის თასის გამარჯვებულები კი უეფას თასს შეუერთდნენ.
თანამეგობრობათა თასი (დსთ-ს თასი)
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ერთადერთი საფეხბურთო ღონისძიება, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებს აკავშირებდა იყო სწორედ თანამეგობრობათა თასი. ტურნირი ითვალისწინებდა 15 ქვეყნის ჩემპიონების ბატალიებს, მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელიც. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს დსთ-ს თასს თბილისის "დინამო" დაეუფლა, ქართველებმა ფინალში რიგის "სკონტო" დაამარცხეს. 1995-ში კი თბილისურმა კლუბმა გადამწყვეტი მატჩი მოსკოვის "სპარტაკთან" წააგო. ქართველი ფეხბურთელები რეგულარულად ბრწყინავდნენ თანამეგობრობათა თასზე. 1993 წელს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე გახდა, 2001-ში კი ყველაზე მეტი გოლი მიხეილ აშვეთიამ გაიტანა, 2004-ში ვიტალი დარასელია უმცროსმა, ერთი წლის შემდეგ კი გიორგი ადამიამ.
კოლუმბის კარაველას თასი
ამ ტურნირის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თავის დროზე ტიტულს ეუფლებოდნენ "რეალი", "ატლეტიკო" და "სან პაულუ". 1973 წელს კარაველას თასი თბილისის "დინამომაც" მოიგო. ფინალში დამარცხებული იქნა ისევ და ისევ "ატლეტიკო", 1/2 ფინალში კი "ბენფიკა". თბილისელთა რიგებში ბრწყინავდნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი 70-იანებისა და 80-იანების დასაწყისის ეპოქალური ფეხბურთელები.
ვებგვერდ GOAL.GE-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები წარმოადგენს შპს "გოლ.ჯი"-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.
ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საფეხბურთო საიტი GOAL.GE) დასახელება.
"გოლ.ჯი"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის და ხელშეკრულების გარეშე იკრძალება.