ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: ტურინში დიდი მატჩი შედგება, სიტი კი ბაზელს ესტუმრება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: ტურინში დიდი მატჩი შედგება, სიტი კი ბაზელს ესტუმრება


ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: ტურინში დიდი მატჩი შედგება, სიტი კი ბაზელს ესტუმრება

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპი იწყება და გზა კიევისკენ ოფიციალურად გაიხსნება.

ამ საღამოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ორი პირველი მერვედფინალური მატჩი გაიმართება, რომელთა შორისაც მთავარი რა თქმა უნდა ტურინში გასამართი დიდი ბრძოლაა - ლიგის ვიცე-ჩემპიონი საკმაოდ სიმპათიურ "ტოტენჰემს" შეხვდება.

იუვენტუსი - ტოტენჰემი

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "იუვენტუს სთედიუმი", ტურინი
მთავარი მსაჯი: ფელიქს ბრიხი

ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში პაულო დიბალა ვერ დაეხმარება - არგენტინელმა კუნთის დაზიანების შემდეგ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: ტურინში დიდი მატჩი შედგება, სიტი კი ბაზელს ესტუმრება

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება და ბოლო 16 ოფიციალურ თამაშში ერთადერთი გოლი გაუშვა - ფენომენალური მაჩვენებელი! 2018 წელს კი შვიდი მატჩი ჩაატარა და ყველა შეხვედრა გაშვებული გოლის გარეშე მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბებერმა ქალბატონმა" "ბარსელონასთან" ბრძოლაში მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა და არც თუ ისე სასიამოვნო მოწინააღმდეგე შეხვდა. თუმცა "იუვე", რომელმაც ბოლო სამ წელიწადში ორი ფინალი წააგო, ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებით მოტივირებულია და ეცდება, რომ საკუთარ მოედანზე მაქსიმალურად კარგი შედეგი დააფიქსიროს.

ლონდონის "ტოტენჰემს" ძალიან რთული კალენდარი აქვს, მაგრამ მაურისიო პოჩეტინოს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და "იუვენტუსთან" პირველ შეხვედრას ამაღლებული განწყობით ხვდება. "დეზები" ინგლისის პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედს" (2:0), "ლივერპულსა" (2:2) და "არსენალს" (1:0) ერთმანეთის მიყოლებით შეხვდნენ და მშვენიერი ფეხბურთი აჩვენეს.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: ტურინში დიდი მატჩი შედგება, სიტი კი ბაზელს ესტუმრება

ჰარი კეინი გოლების გატანას აგრძელებს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 თამაშში უკვე 32 გოლი დაუგროვდა, რაც უბრალოდ ფანტასტიკური შედეგია!

"ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის "რეალი" ჩამოიტოვა უკან და ახლა ვიცე-ჩემპიონთან ფლეი-ოფში ეცდება თავის წარმოჩენას. "დეზები" ბრწყინვალე ფორმაში არიან და ეცდებიან, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული განაცხადი გააკეთონ.

სავარაუდო შემადგენლობები

დიბალას გარდა ტურინის "იუვენტუსს" ჰიოვედესი (ბარძაყი), ბარძალი (კუნთი), მატუიდი (ბარძაყი) და კუადრადო (საზარდული) ვერ დაეხმარებიან.

"ტოტენჰემს" კი იდეალური საკადრო მდგომარეობა აქვს. ერთადერთი გუნდს ბელგიელი ცენტრალური მცველი, ტობი ალდერვეირელდი, აკლია. ის ვარჯიშებს დაუბრუნდა, მაგრამ ბოლომდე არ არის მზად.

იუვენტუსი: ბუფონი; დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; კედირა, პიანიჩი, სტურარო; დუგლას კოშტა, იგუაინი, მანჯუკიჩი.

ტოტენჰემი: ლორისი; ტრიპიერი, სანჩესი, ვერტონგენი, ბენ დევისი; დემბელე, დაიერი; სონი, ერიკსენი, ალი; კეინი.

საინტერესო ფაქტები

ტურინის "იუვენტუსი" და ლონდონის "ტოტენჰემი" ევროთასებზე ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიან.

"ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მეცხრედ გავიდა და წინა 8 შემთხვევიდან 5 გამარჯვება მოიპოვა.

"ტოტენჰემი" კი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მხოლოდ მეორედ იასპარეზებს. პირველად "დეზები" 1/8 ფინალში 2010/11 წლების სეზონში გავიდნენ და იტალიური "მილანი" ორი მატჩის ჯამში 1:0 (სტუმრად 1:0, შინ 0:0) დაამარცხეს.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: ტურინში დიდი მატჩი შედგება, სიტი კი ბაზელს ესტუმრება

მას შემდეგ, რაც ტურინული გრანდი "იუვენტუს სთედიუმზე" გადავიდა, "ბიანკონერიმ" ევროარენაზე მხოლოდ 1 საშინაო მატჩი წააგო (19 მოგება, 11 ფრე).

"იუვენტუსს" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 6 მატჩიანი წაუგებელი სერია (3 მოგება, 3 ფრე) აქვს და შინ პრემიერ ლიგის გუნდებს მშვენივრად ეთამაშება: 13 მოგება, 5 ფრე და 3 წაგება.

სამაგიეროდ, ინგლისურ კლუბებთან ორრაუნდიან ორთაბრძოლებში "იუვეს" უარყოფითი სტატისტიკა აქვს: 5 გამარჯვება და 8 მარცხი.

ლონდონის "ტოტენჰემს" იტალიაში ერთადერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული (3 ფრე და 4 წაგება).

იტალიურ კლუბებთან ფლეი-ოფში კი "დეზებს" შესანიშნავი მაჩვენებელი აქვთ: 4 გამარჯვება და 1 მარცხი.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: ტურინში დიდი მატჩი შედგება, სიტი კი ბაზელს ესტუმრება

"ტოტენჰემის" ცენტრალური თავდამსხმელი, ფერნანდო ლიორენტე, თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება - ესპანელი ფორვარდი "იუვენტუსის" ღირსებას 2013-15 წლებში იცავდა და 92 თამაშში 27 გოლი გაიტანა.


მეორე შეხვედრა კი შვეიცარიაში გაიმართება, სადაც "ბაზელი" ფანტასტიკურ ფორმაში მყოფ "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.

ბაზელი - მანჩესტერ სიტი

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "სენტ-იაკობ პარკი", ბაზელი
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი

"ბაზელი" შვეიცარიის ეროვნულ ჩემპიონატში ჩვეულებისამებრ ვერ ლიდერობს და "იანგ ბოიზს" 5 ქულით ჩამორჩება, სამაგიეროდ შვეიცარიული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიყურება ძალიან კარგად.

"ბაზელმა" ჯგუფურ ეტაპზე ერთ მანჩესტერულ გრანდთან ("მანჩესტერ იუნაიტედთან") უკვე აჩვენა ღირსეული ფეხბურთი და მოიპოვა გამარჯვება, ახლა კი ეცდება, რომ "სიტის" გაუწიოს წინააღმდეგობა.

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება: ტურინში დიდი მატჩი შედგება, სიტი კი ბაზელს ესტუმრება

პეპ გვარდიოლას გუნდი ზღაპრული ფეხბურთის ჩვენებას აგრძელებს და გასულ უქმეებზე "ცისფრებმა" "ლესტერ სიტი" შინ 5:1 გაანადგურეს, სერხიო აგუერომ კი პოკერი გაიფორმა.

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის პრემიერ ლიგას ძალიან დამაჯერებლად (16 ქულიანი უპირატესობით) ლიდერობს და გვარდიოლას გუნდი სრულიად ჩემპიონთა ლიგაზე იქნება კონცენტრირებული.

სავარაუდო შემადგენლობები

შვეიცარიულ კლუბს "სიტისთან" პირველ შეხვედრას სრული შემადგენლობით ხვდება. ერთადერთი, შემტევი ზუფის თამაშია საეჭვო, რომელსაც ტერფის პრობლემები აქვს.

"მანჩესტერ სიტის" კი კვლავ ბენჟამინ მენდი (მუხლი) და გაბრიელ ჟეზუსი (მუხლი) აკლია, თუმცა გვარდიოლას ძალიან დიდი არჩევანი აქვს და მაინც იდეალურ თერთმეტეულს შეარჩევს.

ბაზელი: ვაცლიკი; ლანგი, ლაკროიქსი, სუხი, ბალანტა, პეტრეტა; ფრაი, ჯაკა; ელიუნუსი, ვან ვოლფსვინკელი, ობერლინი.

მანჩესტერ სიტი: ედერსონი; უოლქერი, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო; ფერნანდინიო, დე ბრუინი; ბერნარდუ სილვა, დავიდ სილვა, სტერლინგი; აგუერო.

საინტერესო ფაქტები

"ბაზელი" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მესამედ ასპარეზობს, მაგრამ მეოთხედფინალურ ეტაპზე არასოდეს გასულა.

2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული შვეიცარიულმა კლუბმა ევროთასებზე ჩატარებული 25 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 6 წააგო.

"ბაზელს" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 4 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია (3 მოგება, 1 ფრე) აქვს, ხოლო საერთო ჯამში საკუთარ მოედანზე პრემიერ ლიგის გუნდებს წარმატებით ეთამაშება: 6 მოგება, 3 ფრე და 5 მარცხი.

"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა, მაგრამ წინა 4 შემთხვევიდან ეს ბარიერი მხოლოდ 2015//16 წლების სეზონში გადალახა.

მანჩესტერული კლუბი შვეიცარიულ გუნდს ისტორიაში პირველად უპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები