ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში აქვთ ნათამაშები » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში აქვთ ნათამაშები


ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში აქვთ ნათამაშები

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დონეცკის "შახტარი" ითამაშებს და "რომას" შეხვდება. შესაძლოა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფლეი-ოფში კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ. ჯერჯერობით უცნობია, ათამაშებს თუ არა დონეცკელთა მთავარი მწვრთნელი ქართველ მცველს დავით ხოჭოლავას.

უკვე 10 წელია, რაც ქართველ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არ უთამაშია. არადა, 10 წლის წინ ამ ეტაპზე რამდენიმე ქართველი გვხვდებოდა.

მეტიც, ვეტერანმა ქართველმა შემტევმა გიორგი დემეტრაძემ, თავის დროზე, მიუნხენის "ბაიერნს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა.

GOAL.GE გთავაზობთ იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში აქვთ ნათამაშები.

ლევან კობიაშვილი ('შალკე")

2007/08 წლების სეზონში, "შალკემ" ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა, მეორე ადგილი დაიკავა და ლონდონის "ჩელსისთან" ერთად 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მათ 2004 წლის ჩემპიონი "პორტო" შეხვდათ. 1/8 ფინალის პირველი მატჩი გერმანიაში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. კობიაშვილმა 90 წუთი დაჰყო მინდორზე. განმეორებით შეხვედრაში კი "პორტომ" "შალკე" იგივე ანგარიშით დაამარცხა და პენალტების სერია დაინიშნა, სადაც "შალკემ" მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

კობიაშვილმა "შალკეს" შემადგენლობაში 120 წუთი ითამაშა, მან პენალტი არ დაარტყა, თუმცა იქამდე, 115-ე წუთზე, მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა. 1/4 ფინალში გასული კობიაშვილი და "შალკე" "ბარსელონასთან" ორი მატჩის ჯამში 2:0 დამარცხდნენ.

შალკემ პენალტებში მოიგო - გახარებული კობიაშვილი, რაკიტიჩი, ნოიერი და სხვები...
 

მალხაზ ასათიანი და მიხეილ აშვეთია ("ლოკომოტივი")

2003 წელს, მოსკოვის "ლოკომოტივმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავიდა. თან ისე, რომ "დინამო კიევი" და მილანის "ინტერი" ჩატოვა. ცნობისთვის, ჯგუფში "ლოკომოტივმა" "ინტერი" 3:0 გაანადგურა, ერთ-ერთი გოლი კი ქართველმა მიხეილ აშვეთიამ გაიტანა.

1/8 ფინალში გასული "ლოკომოტივი" "მონაკოს" დაუპირისპირდა. ორი მატჩის ჯამში შეხვედრა 2:2 დასრულდა, თუმცა "მონაკო" სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აღ​სანიშნავია, რომ ორივე შეხვედრა მალხაზ ასათიანმა ძირითად შემადგენლობაში, შეუცვლელად ითამაშა, მიხეილ აშვეთია კი საშინაო მატჩში 45-ე წუთზე გაიყვანეს, საგარეოში კი 67-ეზე.

მიხეილ აშვეთიას გოლი "ინტერის" კარში (ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი)
 

გიორგი დემეტრაძე (კიევის "დინამო")

2000-იან წლებში, ქართველი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე კიევის "დინამოში" დაფრინავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, "დინამომ" მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ "ლაციოს" ჩამორჩა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მაშინდელი წესების თანახმად, თუ გუნდი ლიგის ჯგუფიდან გადიოდა, მეორე ჯგუფში ხვდებოდა და იქაც პირველ ან მეორე ადგილზე გასვლას ცდილობდა.

მაინც შეიძლება ითქვას, რომ დემეტრაძეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ნათამაშები აქვს, რადგან მისი გუნდი ჯგუფიდან გავიდა, მეორე ჯგუფში კი "რეალს" გაუმკლავდა, "ბაიერნს" კი ვერა.

ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში აქვთ ნათამაშები

მეორე ჯგუფში, დემეტრაძემ ორი თამაშის გარდა, აბსოლუტურად ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გოლიც გაიტანა. დემეტრაძის საოცარი მაკრატელა "ბაიერნის" კარში, საუკეთესოთა შორის მოხვდა.

დემეტრაძის სასწაული გოლი "ბაიერნის" კარში


კახა კალაძე (კიევის "დინამო", "მილანი")

გასაკვირი არაა, რომ ამ ფეხბურთელთა სიაში კახა კალაძეც მოხვდა. ქართველ ლეგენდას ჩემპიონთა ლიგაზე 70 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული და 2 ტიტული მოგებული.

უშუალოდ 1/8 ფინალს თუ შევეხებით, კალაძემ  ამ ეტაპზე 15 შეხვედრა ჩაატარა და გოლიც გაიტანა. "დინამო კიევის" მაისურით მან მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა. როგორც ზემოთ აღ​ვნიშნეთ, ამ შეხვედრაში გოლი გიორგი დემეტრაძემაც გაიტანა.

"მილანში" წამოსული კალაძე 2004 წელს, 1/8 ფინალში პრაღ​ის "სპარტას" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა. კალაძე სათადარიგოთა სკამზე იყო. სამაგიეროდ, ის ძირითად შემადგენლობაში იყო 2005 წელს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღ​მდეგ. კალაძემ 90 წუთი ითამაშა, "მილანმა" კი სტუმრად 0:1 მოიგო. ამ წელს "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და "ლივერპულთან" პენალტებში დამარცხდა.

2006 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, კალაძე თავისთვის უკვე ცნობილ მეტოქეს - მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდა. "მილანმა" გერმანული კლუბი ორი მატჩის ჯამში 5:2 დაამარცხა. კალაძემ ორივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90 წუთი ითამაშა.

2007 წელს, კალაძის "მილანი" საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა, ფლეი-ოფის პირველ რაუნდში მათი მეტოქე "სელტიკი" იყო. იტალიელებმა შოტლანდიელები დაამარცხეს, საბოლოოდ კი იმ წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.

ბოლო 1/8 ფინალური მატჩები ქართველმა მცველმა 2008 წელს ჩაატარ​ა. მიუხედავად იმისა, რომ კალაძემ ლონდონის "არსენალთან" ორივე მატჩი 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში 2:0 დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

კახა კალაძის გოლი "ბაიერნის" კარში


მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები