დიდი ფინალი ლიგის თასზე: არსენალი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიდი ფინალი ლიგის თასზე: არსენალი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ


დიდი ფინალი ლიგის თასზე: არსენალი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ

დღეს "უემბლიზე" ინგლისის ლიგის თასის ფინალური თამაში გაიმართება - ინგლისის ორი ყველაზე შემტევი გუნდი ლიგის თასის ტიტულს გაითამაშებს.

ლონდონში ერთმანეთს "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან. ამ ტურნირის მოგება ახლა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დაწყების დრო: 20:30 საათი
სტადიონი: "უემბლი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: კრეიგ პოუსონი

ლონდონის "არსენალი" ეცდება, რომ 2011 წელს "ბირმინგემთან" სენსაციურად წაგებული ფინალი დაივიწყოს და ინგლისის ლიგის თასი 7 წლის შემდეგ მაინც ჩაიგდოს ხელთ.

არსენ ვენგერის გუნდი "ოსტერსუნდთან" საკუთარ მოედანზე ყველასათვის მოულოდნელად დამარცხდა (1:2), მაგრამ ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა და ახლა "უემბლიზე" ჯერჯერობით სეზონის მთავარი მატჩის მოსაგებად იბრძოლებს.

დიდი ფინალი ლიგის თასზე: არსენალი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ

ლეგენდარულ ფრანგ სპეციალისტს ამ ტურნირის გარდა "არსენალთან" ერთად ყველაფერი აქვს მოგებული, ამიტომ ის ძალიან მოტივირებული იქნება. "მეთოფეებს" ბრწყინვალე შეტევითი ხაზი ჰყავთ და ეს ლონდონური კლუბის მთავარი კოზირია.

პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტისთან" ერთად პირველი ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს: "იმისათვის, რომ ჩვენი მუშაობა უფრო ფასეული გახდეს, საჭიროა ტიტულის მოგება", - აღნიშნა ფინალის წინ ესპანელმა სპეციალისტმა.

"ცისფრები" გასულ უქმეებზე ასოციაციის თასიდან "უიგანთან" ორთაბრძოლაში (0:1) სენსაციურად გამოვარდნენ და მანჩესტერული კლუბი ხასიათის გამოსწორებას "უემბლიზე" ეცდება.

დიდი ფინალი ლიგის თასზე: არსენალი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ

"არსენალის" მსგავსად "სიტისაც" ფანტასტიკური შეტევითი ხაზი ჰყავს, ხოლო სერხიო აგუერომ ბოლო პერიოდში ფანტასტიკური ფორმა აკრიფა.

სავარაუდო შემადგენლობები

აარონ რემზიმ ბოლო 3 მატჩი ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ვენგერი დარწმუნებულია, რომ უელსელი დღეს მზად იქნება. სამაგიეროდ გუნდს ლაკაზეტი (მუხლი), კასორლა (ქუსლი) და ჰენრიკ მხითარიანი ვერ დაეხმარებიან. სომეხს ტურნირზე "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში უკვე აქვს ნათამაშები.

"მანჩესტერ სიტის" შესაძლოა რაჰიმ სტერლინგი დააკლდეს. ინგლისელ ვინგერს კუნთის პრობლემები აქვს და მისი თამაში საეჭვოა. დანილო და მენდი კვლავ ლაზარეთში არიან, მაგრამ გუნდს 2 თვიანი პაუზის შემდეგ გაბრიელ ჟეზუსი დაუბრუნდა. ფაბიან დელფი კი დისკვალიფიკაცირებულია.

არსენალი: ოსპინა; ბელერინი, კოსელნი, მუსტაფი, მონრეალი; რემზი, ჯაკა, უილშირი; ივობი, ობამეიანგი, იოზილი.

მანჩესტერ სიტი: ბრავო; უოლქერი, სტოუნსი, ოტამენდი, ზინჩენკო; დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა; სტერლინგი, აგუერო, სანე.

საინტერესო ფაქტები

ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა პრესტიჟული ტურნირის ფინალში. "უემბლიზე" კი "არსენალს" "მანჩესტერ სიტისთვის" ორიდან ორი თამაში აქვს მოგებული: 2014 წელს 3:0 ინგლისის სუპერთასზე და 2:1 ინგლისის ასოციაციის თასის გასული სეზონის ნახევარფინალში.

"არსენალი" ლიგის თასის ფინალში მერვედ ითამაშებს და "მეთოფეებს" ისტორიაში ყველაზე მეტი ფინალი აქვთ წაგებული - 5. 1987 და 1993 წელს კი მათ ტიტული მოიპოვეს.

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის ლიგის თასის ფინალში მეექვსედ გავიდა, ხოლო ბოლო 5 წელიწადში მესამედ. "ცისფრებმა" წინა 5 ფინალიდან 4 მოიგეს და მხოლოდ 1974 წელს წააგეს.

"სიტის" ლონდონურ კლუბთან ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული (2 მოგება, 2 ფრე). ლიგის თასზე კი მანჩესტერელებმა "არსენალი" ბოლო ორ შემთხვევაში (2009/10 და 2011/12) დაამარცხეს, მაგრამ მანამდე ზედიზედ 5-ჯერ დამარცხდნენ.

"არსენალმა" ლიგის თასის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, რაც ტურნირის ისტორიაში ფინალისტითვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

დიდი ფინალი ლიგის თასზე: არსენალი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ

არსენ ვენგერს ინგლისის ლიგის თასის ტიტული ჯერ არ მოუგია და შესაძლოა გახდეს მხოლოდ 8 სპეციალისტი, რომელსაც ინგლისში სამივე ტურნირი (პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ლიგის თასი) ექნება მოგებული. აქამდე ეს ბილ ნიკოლსონმა, ჯო მერკერმა, დონ რივემ, ჯორჯ გრემმა, ალექს ფერგიუსონმა, კენი დალგლიშმა და ჟოზე მოურინიომ მოახერხეს.

პეპ გვარდიოლას წინა 7 ფინალიდან კარიერაში მხოლოდ 1 აქვს წაგებული - 2011 წელს კოპა დელ რეიზე მადრიდის "რეალთან". არსენ ვენგერმა კი 10 ფინალიდან 7 მოიგო და ბოლო ორი მარცხი სწორედ ლიგის თასზე განიცადა (2007 წელს "ჩელსისთან" და 2011 წელს "ბირმინგემთან").

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება "უემბლიზე" - არსენალი 2:1 მანჩესტერ სიტი


"არსენალის" ბოლო ფინალი ინგლისის ლიგის თასზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები