ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერი მეოთხეფინალის საგზურისთვის იბრძოლებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერი მეოთხეფინალის საგზურისთვის იბრძოლებს


ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერი მეოთხეფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

დღეს ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და მერვედფინალური ეტაპი გრძელდება - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "სევილიას" მიიღებს, ხოლო "რომა" დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდება.

მანჩესტერ იუნაიტედი - სევილია

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მთავარი მსაჯი: დანი მაკელიე

"მანჩესტერ იუნაიტედს" სევილიაში ძალიან გაუჭირდა და "წითელ ეშმაკებს" უგოლო ფრე პირადად დავიდ დე ხეამ მოუპოვა, რომელმაც ფანტასტიკური სეივები გააკეთა.

გასულ უქმეებზე "წითელმა ეშმაკებმა" მარკუს რეშფორდის დუბლით პრინციპული მეტოქე "ლივერპული" შინ 2:1 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი თამაშის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს.

ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერი მეოთხეფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

"სევილიამ" გასულ უქმეებზე ესპანეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი წააგო - ანდალუსიელები შინ "ვალენსიასთან" დამარცხდნენ და ოთხეულს სერიოზულად ჩამორჩნენ.

ახლა ვინჩენცო მონტელას გუნდი ეცდება, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თავისი მაქსიმუმი გააკეთოს და საკუთარ კედლებში უგოლო ფრე სასიკეთოდ გამოიყენოს.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, იანგი; მაკტომინეი, მატიჩი; სანჩესი, მატა, რეშფორდი; ლუკაკუ.
მატჩს გამოტოვებენ: როხო (უცნობია), ჯონსი (უცნობია), ბლინდი (ტერფი), ერერა (ბარძაყი).

სევილია: რიკო; ნავასი, მერკადო, ლენგლე, ესკუდერო; პისარო, ნ'ზონზი; სარაბია, ბანეგა, კორეა; მურიელი.
მატჩს გამოტოვებენ: კორჩია (კუნთი).

საინტერესო ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეათედ გავიდა და წინა 9 შემთხვევიდან 6-ჯერ იმარჯვა. "წითელი ეშმაკები" ტურნირის ფლეი-ოფში 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ.

"სევილია" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მეოთხედ იასპარეზებს, მაგრამ 1/8 ფინალური ეტაპი არასოდეს გადაულახავს. გასულ სეზონში "ანჩოუსები" ინგლისის ჩემპიონმა "ლესტერ სიტიმ" დაამარცხა (2:1 სახლში და 0:2 სტუმრად).

მანკუნიანელებს ესპანურ კლუბებთან ორრაუნდიან ორთაბრძოლებში უარყოფითი ბალანსი აქვთ: 6 მოგება და 7 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ესპანური კლუბების წინააღმდეგ ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული: 5 ფრე და 5 მარცხი.

საკუთარ მოედანზე კი "წითელმა ეშმაკებს" ლა ლიგის გუნდებთან დადებითი შედეგი აქვთ: 9 მოგება, 10 ფრე და 4 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროთასებზე პირველი გასვლითი მატჩი 15-ჯერ დაასრულა ფრედ და 11 შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

"სევილიამ" ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან ევროთასებზე მხოლოდ ორი წააგო (3 მოგება, 6 ფრე).

ანდალუსიურმა კლუბმა 6 ორრაუნდიანი ბრძოლიდან, რომლის პირველი მატჩიც შინ ფრედ დაასრულა, საბოლოოდ 3 მოიგო და 3 წააგო.

დავიდ დე ხეას ბრწყინვალე თამაში სევილიაში



რომა - შახტარი

დაწყების დრო: 23:45 საათი
სტადიონი: "სტადიო ოლიმპიკო", რომი
მთავარი მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო

რომაელებმა უკრაინაში ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარეს, მაგრამ მეორე ნახევარში ერთი შეცდომის შემდეგ აიჭრნენ და საბოლოოდ, 1:2 დამარცხდნენ. თუმცა "მგლებს" მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსები აქვთ.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა იტალიის სერია ა-ს წინა ტურში "ნაპოლი" სტუმრად 4:2 გაანადგურა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საჭირო გამარჯვება მოიპოვა. "რომა" საპასუხო მატჩს კარგ ფორმაში ხვდება.

ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერი მეოთხეფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

დონეცკელებმა პირველი მატჩი ბრწყინვალედ შემოატრიალეს და რომ არა "რომას" ჩინებული მეკარე ალისონ ბეკერის სეივები უფრო მეტის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ არ გაუმართლათ.

"შახტარი" ახლა ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და ყველა ტურნირზე ზედიზედ 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული. პაულო ფონსეკას გუნდი ეროვნულ ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური საგზურისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა: ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; უნდერი, ჯეკო, პეროტი.
მატჩს გამოტოვებენ: კარსდორპი (მუხლი), პელეგრინი (მუხლი).

შახტარი: პიატოვი; ბუტკო, ორდეცი, რაკიტსკი, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი; ფერეირა.
მატჩს გამოტოვებენ: კრივცოვი (მუხლი), მალიშევი (მუხლი), სრნა (დისკვალიფიკაცია).

საინტერესო ფაქტები

"რომა" ეცდება, რომ 2008 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდეს.

რომაული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე მეექვსედ ასპარეზობს და 1/4 ფინალის საგზური ორჯერ მოიპოვა.

დონეცკის "შახტარს" კი 3 მერვედფინალური პაექრობიდან ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 1 აქვს მოგებული, მაგრამ ეს 2011 წელს სწორედ "რომას" წინააღმდეგ მოხდა - 6:2 ორი მატჩის ჯამში.

2011/12 წლების სეზონის მერვედფინალში უკრაინულმა კლუბმა "რომა" დაჯაბნა: 3:2 რომში და 3:0 უკრაინაში.

ჩემპიონთა ლიგა: მანჩესტერი მეოთხეფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

მანამდე კი ამ გუნდების გზა 2006/07 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. "შახტარმა" შინ 1:0 იმარჯვა, ხოლო "რომამ" შური საკუთარ მოედანზე იძია - 4:0.

"რომას" საკუთარ მოედანზე უკრაინული კლუბების წინააღმდეგ დაბალანსებული სტატისტიკა აქვს: ორი მოგება, ორი წაგება.

"შახტარს" იტალიაში ერთადერთი გამარჯვება (2 ფრე, 7 წაგება) აქვს მოპოვებული და ეს 2011 წელს "რომას" წინააღმდეგ მოხდა.

დონეცკელებმა ევროთასებზე პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 19-ჯერ მოიგეს და 15 შემთხვევაში მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ.

გაფრთხილების შემთხვევაში "რომას" მომდევნო მატჩში დიეგო პეროტი გამოაკლდება, ხოლო "შახტარს" - ტაისონი და ფერეირა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები