"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან



ფრანჩესკო ტოტი - ლიდერი, კაპიტანი, ლეგენდა, სიმბოლო...იმპერატორი. სწორედ ამ ეპითეტებით ახასიათებენ რომაელ ათიანს, რომელმაც ხანგრძლივი და დიდებული კარიერა გაატარა.

გავიხსენოთ ეპოქალური ფეხბურთელის საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები. მისი წასვლის შემდეგ, რომმა სამუდამოდ იცვალა სახე და არა მხოლოდ იტალიის დედაქალაქმა, ტოტის დამშვიდობებით, შეიცვალა მთლიანად ფეხბურთი.

პირველი ნაბიჯები იტალიის ნაკრებში

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

ტოტის დებიუტი "სკუადრა აძურაში" 1998 წლის 10 ოქტომბერს შედგა, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ. პირველი გოლი კი ფრანჩესკომ 2000 წელს გაიტანა, პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩში.

"იმპერატორმა" 2006 წლამდე ითამაშა ეროვნულ გუნდში, ჩაატარა 58 შეხვედრა და გაიტანა 9 გოლი. ტოტის საქართველოს ნაკრების კარიც აქვს აღებული. ეს მოხდა 2001 წლის 2 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე. ის მატჩი იტალიელებმა მოიგეს, ანგარიშით 2:1.

ევროპის ვიცე-ჩემპიონობა

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

ევრო 2000-ზე იტალიამ ფინალამდე მიაღწია, სადაც თავის ისტორიაში საუკეთესო საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა. ტოტიმ ბრწყინვალედ ჩაატარა ტურნირი და ორი გოლითაც გამოირჩა.

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კი ჰოლანდიის წინააღმდეგ 1/2 ფინალური დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც ფრანჩესკომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პენალტი შეასრულა, ედვინ ვან დერ სარის კარში. "სკუადრა აძურა" გასცდა "ნარინჯისფერებს" და ფინალში გავიდა.

პირველი და უკანასკნელი სკუდეტო

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

21-ე საუკუნის დასაწყისში, "რომა" იტალიის უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა. ფაბიო კაპელოს გუნდში ბრწყინავდნენ: ვინჩენცო მონტელა, გაბრიელ ბატისტუტა, მარკო დელვეკიო, დამიანო ტომაზი, ემერსონი, ახალგაზრდა ანტონიო კასანო და რა თქმა უნდა ფრანჩესკო ტოტი.

2000-2001 წლის სეზონში, რომში როგორც იქნა ზეიმმა დაისადგურა, "მგლებმა" ნანატრი სკუდეტო მოიგეს. 2001 წლის 17 ივნისს, ტოტიმ ანგარიში გახსნა "პარმასთან" მატჩში, რომელიც "ჯალოროსომ" 3:1 მოიგო. იმ შეხვედრის შემდეგ, "რომამ" ოფიციალურად გაიფორმა ჩემპიონობა, ჯამში მესამედ თავის ისტორიაში.

არშემდგარი "გალაქტიკოსი"

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

ფლორენტინო პერესის უსაზღვრო ფინანსურმა შესაძლებლობებმა "რეალში" მოიყვანა უამრავი მეგა-ვარსკვლავი, თუმცა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ესპანელ ბიზნესმენს აუხდენელ ნატვრად დარჩა იყო "რომის იმპერატორი".

პერესი მუდამ ცდილობდა ფრანჩესკოს გადმობირებას. ფლორენტინო ოცნებობდა ტოტი-რაული-რონალდოს მაგიურ ტრიოზე შეტევაში, მაგრამ იტალიელი სამუდამოდ დარჩა რომის ერთგული.

მოგვიანებით ტოტიმ განაცხადა, რომ "რეალი" მისი ერთადერთი სინანულია, თუმცა ეს სიტყვები სულაც არ აკნინებს ლეგენდის დიდებულ კარიერას. ფრანჩესკოს ხელში ჩაგდებას სერ ალექს ფერგიუსონიც ცდილობდა. შოტლანდიელი სპეციალისტი ამბობდა: "ფეხითაც ჩავალ მანჩესტერიდან რომში, იმ შემთხვევაში, თუ ტოტი გადმოსვლაზე თანახმა იქნება,"

"რომას" აბსოლიტური რეკორდსმენი

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

2009 წლის 19 აპრილს, ფრანჩესკომ 139-ე გოლი გაიტანა "ჯალოროსოს" მაისურით და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჯამში ტოტის ანგარიშზე 307 გოლია "რომას" შემადგენლობაში. რასაკვირველია, "იმპერატორი" ჩატარებული მატჩების რაოდენობითაც (786) უკონკურენტოა.

ამის გარდა, ტოტი არის რომაული დერბის საუკეთესო გოლეადორიც. სერია ა-ს ყველა დროის ბომბარდირებში კი ფრანჩესკო მეორეა, მას მხოლოდ ლეგენდარული სილვიო ფიოლა უსწრებს. იტალიელის რეკორდების სრულ ჩამონათვალს კი შეგიძლიათ ქვევით გაეცნოთ.

რომას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 307 გოლი (250 სერია ა-ში, 17 ჩემპიონთა ლიგაზე, 21 ევროპა ლიგაზე)
რომას რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით - 786 მატჩი (619 სერია ა-ში, 57 ჩემპიონთა ლიგაზე, 46 ევროპა ლიგაზე)
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც გოლი გაიტანა - 38 წელი და 59 დღე
სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი - 22 წელი და 34 დღე
სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ერთი გუნდის მაისურით - 250 გოლი
რომაული დერბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 11 გოლი
სერია ა-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ზუსტი პენალტის შემსრულებელი - 71 პენალტი

ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

2004-2009 წლებში, ტოტიმ პოზიცია შეიცვალა და ახლებურად წარმოაჩინა თავი. ფრანჩესკომ ხელი აიღო ფლეიმეიქერის მოვალეობებზე, იტალიელი გოლების გატანას შეუდგა და უნდა ითქვას, რომ მან იდეალურად შეასრულა ეს მისია.

"იმპერატორმა" სრულად წარმოაჩინა ბომბარდირული ნიჭი. მისთვის ყველაზე შედეგიან სეზონში, ტოტიმ 50 მატჩში, 32 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის 26 - სერია ა-ში. ეს მიღწევა საკმარისი აღმოჩნდა ევროპის ოქროს ბუცის მოსაპოვებლად. დიახ, 2006-2007 წლის სეზონში, ფრანჩესკოზე ეფექტური ფორვარდი არავინ იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

ტოტის კარიერა არ არის ტიტულებით სავსე, თუმცა მის კოლექციაში ინახება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ყველაზე სასურველი ჯილდო - მუნდიალის ოქროს მედალი.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანჩესკოს მთელი სეზონის მანძილზე აწუხებდა ტრავმები, მან მაინც მოახერხა გერმანიაში გამგზავრება. ტოტიმ იტალიის შვიდივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ფინალის ჩათვლით და უნდა ითქვას, რომ "იმპერატორმა" მნიშვნელოვანი როლი შეიტანა "სკუადრა აძურას" ტრიუმფში.

ტოტიმ 1/8 ფინალში გაიტანა გამარჯვების მომტანი პენალტი ავსტრალიის კარში. ამის გარდა, ფრანჩესკომ რამდენიმე საგოლე ასისტიც მიითვალა. ჯამში იტალიელმა ათიანმა 185 ზუსტი გადაცემა შეასრულა და მუნდიალის 23-კაციან სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, ოქროს მედალით კისერზე.

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირი

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

ტოტის არასდროს მოუგია ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, თუმცა ის უნიკალური მიღწევის ავტორია. 2014 წლის 25 ნოემბერს, ფრანჩესკომ თითქოს ერთი რიგითი ჯარიმა გაიტანა მოსკოვის "ცსკა"-ს კარში, მაგრამ გოლი უნიკალური გამოდგა.

ფრანჩესკო გახდა ყველაზე ასაკოვანი გოლეადორი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. ბურთის შეგდების მომენტში, "იმპერატორი" იყო 38 წლის და 59 დღის. იტალიელმა გააუმჯობესა რაიან გიგსის მიღწევა, რომელიც 37 წლის და 290 დღის იყო.

"ფიფას" საფეხბურთო სიმულატორის განუყრელი წევრი

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

ტოტის დებიუტი "რომაში" 1993 წლის 28 მარტს შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ, მსოფლიომ იხილა ლეგენდარული კომპიუტერული თამაში "ფიფა", რომელიც ყოველ წელს გამოდის.

ფრანჩესკო სიმულატორის აბსოლიტურად ყველა ნაწილში ფიგურირებს. იტალიელი ერთადერთი ფეხბურთელია აღნიშნული "მიღწევით".

გოლის აღნიშნვის ტრადიცია

"რომის უკანასკნელი იმპერატორი" - 10 გამორჩეული მომენტი ტოტის კარიერიდან

ტოტის მეტსახელია "Er Pupone", რაც "დიდ ბავშვს" ნიშნავს. ფრანჩესკოს ეს "წოდება" მისი გოლის აღნიშნვის გამო შეარქვეს, თუ დავკონკრეტდებით, ჩვილი ბავშვისთვის დამახასიათებელი ჟესტის გამო.

2015 წელს, "იმპერატორმა" სიახლე შემოიტანა, რომელიც მთელმა სპორტულმა სამყარომ აიტაცა. "ლაციოს" კარში შეგდებული ბურთის შემდეგ, ტოტი გულშემატკივართა ტრიბუნისკენ მივიდა, აიღო "აიფონი" და სელფი გადაიღო საყვარელი კლუბის ქომაგებთან ერთად. მოგვიანებით აღნიშნული ჟესტი ფრანჩესკოს კარიერის უკანასკნელი პერიოდის სავიზიტო ბარათად იქცა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები